ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ თუკი იერიშები განმეორდება, მათი საპასუხო მოქმედებები რეგიონში მდებარე სხვა ამერიკულ ბაზებზეც გავრცელდება.
„ყოველ ჯერზე, როცა დაგვარტყამენ, ჩვენ 20-ჯერ უფრო ძლიერად ვუპასუხებთ“, - ამბობს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ვები: მას შემდეგ, რაც ირანმა პირობა დადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების განახლებულ იერიშებს უპასუხებდა, ბაჰრეინსა და ქუვეითში ღამით საჰაერო განგაშის ხმა გაისმა.
ქუვეითმა ხუთშაბათს განაცხდა, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემები „მტრული რაკეტებისა და დრონების თავდასხმებს“ იგერიებდა.
„არმიის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ნებისმიერი აფეთქების ხმა, რომელიც ისმის, საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ მტრული თავდასხმების მოგერიების შედეგია,“ - ნათქვამია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელშიც ქუვეითის არმია ამ რაკეტებისა და დრონების წარმომავლობას არ აკონკრეტებს.
თუმცა იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დარტყმების საპასუხოდ ირანიდან სპარსეთის ყურის ქვეყნების ტერიტორიაზე მიიტანეს იერიშები, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ადასტურებს.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაჰრეინსა და ქუვეითში ამერიკულ სამხედრო ბაზებს დაარტყეს - ქუვეითში არიფჯანისა და ალი ალ-სალემის, ბაჰრეინში კი ჯუფაირისა და შეიხ ისას ბაზების „ძირითად ინფრასტრუქტურასა და ობიექტებს“ შეუტიეს.
ამასთან, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ამერიკის შეერთებული შტატები გააფრთხილა, რომ თუკი იერიშები განმეორდება, მათი საპასუხო მოქმედებები რეგიონში მდებარე სხვა ამერიკულ ბაზებზეც გავრცელდება.
„ყოველ ჯერზე, როცა დაგვარტყამენ, ჩვენ 20-ჯერ უფრო ძლიერად ვუპასუხებთ“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა როცა თურქეთში გმართული NATO-ს სამიტიდან შტატებში ბრუნდებოდა.
მავე გაიმეორა, რომ სამხედრო თვალსაზრისით თეირანი ვაშინგტონმა უკვე დაამარცხა.
ცოტა ხნით ადრე, ახალი იერიშების ბრძანების გაცემის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ თუკი ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმებს კვლავ გააგრძელებს, ყველაფერი გაცილებით უარესად იქნება.
ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის მიერ სამიზნეებზე საჰაერო დარტყმების შესახებ გამოცხადების შემდეგ, თეირანის სახელმწიფო მედია იუწყებოდა, რომ აფეთქებები იყო სამხრეთ ირანის სხვადასხვა ნაწილში.
ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA აცხადებს, რომ ქიშის კუნძულზე სამხედრო თვითმფრინავების ხმა ისმოდა, აფეთქებები კი საპორტო ქალაქებში - ბანდარ-აბასში, კონარაკსა და ჩაბაჰარში იყო.
ახალი იერიშების ბრძანებამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა.
ამავდროულად მანვე აღნიშნა, რომ ეს ესკალაცია „გრძელვადიან“ სამხედრო მოქმედებებში არ გადაიზრდება და კარი მოლაპარაკებების გაგრძელებისთვისაც ღია დატოვა.
ცენტრალური სარდლობის განცხადებით, იერიშების მიზანი ირანის შესაძლებლობების შესუსტება იყო, რათა მათ ჰორმუზის სრუტეში თავისუფლალი გადაადგილებისთვის საფრთხის შექმნა ვეღარ შეძლონ.
„შეერთებული შტატები ირანს კომერციული გემების წინააღმდეგ ბოლოდროინდელი გაუმართლებელი აგრესიისთვის პასუხს აგებინებს“, -ნათქვამია ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
