ევროკავშირის სასამართლომ კომპანია Apple-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომელიც Apple-ს ავალდებულებს, საკუთარი აპლიკაციების მაღაზია და iPhone-ის ოპერაციული სისტემა კონკურენტებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.
საქმე ევროკავშირის ციფრული ბაზრების შესახებ კანონს ეხება, რომლის მიხედვითაც, Apple ბაზარზე დომინანტურ ტექნოლოგიურ პლატფორმად არის მიჩნეული და განსაკუთრებული ვალდებულებები ეკისრება.
კომპანია ამტკიცებდა, რომ მისი სხვადასხვა მოწყობილობა iPhone, iPad, Mac, Apple Watch და Apple TV ცალ-ცალკე პროდუქტად უნდა შეფასებულიყო და არა ერთ პლატფორმად. თუმცა სასამართლომ ეს არგუმენტი არ გაიზიარა.
ახალი წესების მიხედვით, ტექნოლოგიური გიგანტი, კომპანია Apple ვალდებული იქნება, მომხმარებლებს მისცეს შესაძლებლობა, აპლიკაციები არა მხოლოდ მისი ოფიციალური მაღაზიიდან, არამედ სხვა პლატფორმებიდანაც ჩამოტვირთონ. ასევე, პროგრამების შემქმნელებს გადახდის საკუთარი სისტემების გამოყენების მეტი თავისუფლება ექნებათ, ხოლო iPhone-ის პროგრამული უზრუნველყოფა სხვა კომპანიების სერვისებთან უფრო თავსებადი უნდა გახდეს.
ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი მარცხია მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, რომლებიც ევროკავშირის რეგულაციების გასაჩივრებას ცდილობენ. Apple-ს გადაწყვეტილების გასაჩივრება კვლავ შეუძლია.
