ბერლინი აშშ-ს ტომაჰავკების ტიპის ფრტოსანი რაკეტების შეძენასა და მათი გერმანიის ტერიტორიაზე განთავსებაზე შეუთანხმდა. ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესთაგში გამოსვლისას განაცხადა, სადაც კანონმდებლებს ვაშინგტონთან მიღწეული ახალი გარიგების შესახებ ამცნო. ფრიდრიხ მერცის თქმით, შეთანხმება აშშ-ის წარმომადგენლებთან ანკარაში მიმდინარე ნატოს სამიტის კულუარებში გაფორმდა, ამან კი სამიტისგან მის ყველანაირ მოლოდინებს გადააჭარბა.
“ამით ჩვენი თავდაცვის სფეროში არსებულ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ხარვეზს ვავსებთ. ამასთანავე, გავაგრძელებთ მუშაობას საკუთარი ევროპული სისტემების განვითარებაზე და მათ ევროპის ტერიტორიაზე განთავსებაზე. ასევე საგულისხმოა, რომ კანადამ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება, გერმანიისა და ნორვეგიის დახმარებით მოახდინოს თავისი წყალქვეშა ნავების ფლოტის მოდერნიზაცია და გერმანული TKMS-ისგან 12 წყალქვეშა ნავი შეიძინოს. ძვირფასო კოლეგებო, ეს არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ისტორიაში თავდაცვის სფეროში გაფორმებული ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კონტრაქტი, რომელიც მომდევნო ათწლეულების განმავლობაში 100 მილიარდ ევრომდე ეკონომიკური სარგებლის შექმნას უზრუნველყოფს“-აღნიშნა ფრიდრიხ მერცმა.
რამდენიმე თვის წინ, ფრიდრიხ მერცსა და დონალდ ტრამპს შორის ირანის ომის ირგვლივ გაჩენილმა უთანხმოებამ და აშშ-ის პრეზიდენტის საჯარო თავდასხმებმა გერმანელი კანცლერის მისამართით გარკვეული კითხვები გააჩინა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების თაობაზე. მითუმეტეს,რომ მაისში ვაშინგტონმა გერმანიაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირებაც დააანონსა, რის შემდეგაც „ტომაჰავკების“ შესყიდვის ბედი გაურკვეველი გახდა. მაშინ ეს განცხადება აღიქმებოდა, როგორც ტრამპის უარი იმ გეგმაზე, რომლითაც გერმანიაში შორი მოქმედების „ტომაჰავკის“ ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი ამერიკული ბატალიონის განთავსება იყო გათვალისწინებული და რაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში იყო შეთანხმებული. ბერლინი ამ ნაბიჯის განხორციელებას აქტიურად უჭერდა მხარს, რადგან მას რუსეთის წინააღმდეგ ძლიერ შემაკავებელ საშუალებად მიიჩნევს, ვიდრე ევროპელები საკუთარ, ტომაჰავკების მსგავს იარაღს შეიმუშავებენ.
