ანკარაში გამართული NATO-ს 36-ე სამიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არაწევრი უკრაინისთვის.
გარდა იმისა, რომ დისკუსია და ლიდერების ყურადღება მეტწილად ომში მყოფ ქვეყანას დაეთმო, სამხედრო გაერთიანების წევრი სახელმწიფოები, მათ შორის შეერთებული შტატები, შეთანხმდნენ, რომ 2026-2027 წლებში მოკავშირეები იღებენ ვალდებულებას კიევისთვის ჯამში 140 მილიარდი ევროს დახმარებისა და შეიარაღების გადაცემასთან დაკავშირებით, რადგან უკრაინას ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, ხოლო საპასუხოდ, პარტნიორებმა უნდა დაიცვან მისი თავისუფლება, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.
საგულისხმოა, რომ დახმარების ძირითად ნაწილს კიევი ევროპელი მოკავშირეებისგან და კანადისგან მიიღებს, რომლებთანაც შეიარაღების გადაცემასა და წარმოებასთან დაკავშირებით დამატებითი შეთანხმებები გაფორმდა.
ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი უკრაინულ დრონებს შეისყიდის, რომლებმაც ომის მიმდინარეობა რადიკალურად შეცვალეს.
თურქეთში ხელმოწერილი დოკუმენტი იმეორებს თავდაცვის სფეროში ერთი წლით ადრე ჰააგაში მიღწეულ შეთანხმებებსა და აღებულ ვალდებულებებს, რუსეთი კი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ გამოცხადდა.
ამ ჩანაწერს მალევე მოჰყვა დამგმობი რეაქცია მოსკოვიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, მარია ზახაროვას განცხადებით, ნატოს პრიორიტეტები უცვლელი რჩება - „ევროპული კონტინენტის მილიტარიზაცია, აქცენტი თავდაცვისუნარიანობის ზრდაზე, დახმარება უკრაინას და რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტისთვის მზადება“.
რუსი დიპლომატის განცხადება ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამება, რაც ასახულია კიდეც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბოლო დოკუმენტში. ანკარაში გამოცხადდა 50 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი ღირებულების ახალი შესყიდვებისა და უფრო ძლიერი ნატოსა და უფრო ძლიერი ევროპისთვის საბრძოლო უპირატესობის შენარჩუნების შესახებ.
დოკუმენტის მიხედვით, ნატოს შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობები ეფუძნება ბირთვული, კონვენციური და სარაკეტო თავდაცვის საშუალებების სათანადო კომბინაციას, რომელსაც ავსებს კოსმოსური და კიბერშესაძლებლობები.
ალიანსი ასევე თანხმდება შორი სიზუსტის დარტყმის სისტემების, ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის, უპილოტო სისტემების, უახლესი ტექნოლოგიებისა და სადაზვერვო შესაძლებლობების დანერგვა-გაუმჯობესებაზე, თუმცა საგულისხმოა, რომ თავდაცვისუნარიანობის გაზრდა არ გულისხმობს მოსკოვისთვის ომის გამოცხადებას, არამედ ემსახურება რუსულ აგრესიასთან გამკლავებას, რაზეც ნატოს გენერალურმა მდივანმაც ისაუბრა.
„ჩემი გზავნილია, რომ ეს ალიანსი, რომელიც კანადაში, ევროპასა და შეერთებულ შტატებში მცხოვრები მილიარდი ადამიანისგან შედგება, დაიცავს ჩვენი ტერიტორიის თითოეულ გოჯს. ჩვენ ვართ თავდაცვითი ალიანსი, თავს არავის არასდროს დავესხმევით, მხოლოდ დავიცავთ ჩვენი ცხოვრების გზას, დემოკრატიასა და ტერიტორიას. ამიტომ, ნუ გვეთამაშებით“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.
„მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული ამ ომის დასრულება და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოსკოვს მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ. რუსეთს არ აქვს ამ ომის მოგების შანსი. ისინი ვერ მიაღწევენ თავიანთ სამხედრო მიზნებს და რაც უფრო სწრაფად დავასრულებთ ამ ომს, მით უკეთესი ევროპისთვის, რუსეთისთვის და მთელი მსოფლიოსთვისაც“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.
უკრაინის გარდა ლიდერებმა კვლავ დააფიქსირეს თავიანთი ურყევი პოზიცია ირანის ბირთვულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით და მორიგ ჯერზე შეთანხმდნენ, რომ ისლამურ ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს ატომური იარაღი და რომ მან პატივი უნდა სცეს ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის უზრუნველყოფას.
თეირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია იყო ტრანსატლანტიკური კავშირების დაძაბვის კიდევ ერთი მიზეზი, რაზეც დონალდ ტრამპმა მოკავშირეებს არაერთხელ უსაყვედურა, თუმცა ახლა ნატოს სამიტის შედეგებით სავსებით კმაყოფილია, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სამიტის მასპინძელი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და სამხედრო ალიანსის გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს.
