ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, სამგლოვიარო ცერემონია ერაყში გაგრძელდა. მისი ცხედარი ჯერ შიიტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ქალაქ ნაჯაფში გადაასვენეს, შემდეგ კი ქარბალაში, იმამ ჰუსეინის სალოცავთან, სადაც ათასობით ადამიანი მისთვის პატივის მისაგებად შეიკრიბა.
ქარბალაში მგლოვიარენი საათობით ელოდნენ აიათოლა ალი ხამენეის გადასვენებას. ძლიერი ემოციების ფონზე ხალხი კუბოსთან მიახლოებას ცდილობდა, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს შეკრებილი ხალხის კონტროლი უჭირდათ. რელიგიური ლოცვა ერაყის უმაღლესი შიიტი სასულიერო ლიდერის წარმომადგენელმა, აბდულ მაჰდი ალ-ქარბალაეიმ აღავლინა.
ქარბალა შიიტური ისლამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქია. სწორედ აქ 680 წელს წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილი, იმამ ჰუსეინი დაიღუპა. ამიტომ ქალაქი ყოველწლიურად მილიონობით მომლოცველს მასპინძლობს და შიიტებისთვის განსაკუთრებული რელიგიური მნიშვნელობა აქვს.
მანამდე სამგლოვიარო პროცესია ნაჯაფშიც გაიმართა, სადაც ასევე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ცერემონიას ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი და სხვა ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ.
სამგლოვიარო ცერემონიები გასულ შაბათს თეირანში დაიწყო. ხელისუფლებამ დედაქალაქში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღო. დროებით გადაიკეტა ქუჩების ნაწილი, შეიზღუდა საჰაერო სივრცე და შეიცვალა ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმიც. რამდენიმე დღის განმავლობაში ათასობით მოქალაქე მონაწილეობდა იმ ადამიანის ხსოვნის პატივსაცემ ღონისძიებებში, რომელიც ირანს ათწლეულების განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
86 წლის აიათოლა ალი ხამენეი თებერვლის ბოლოს ირანზე აშშ-ისა და ისრაელის ფართომასშტაბიანი ავიაიერიშების დროს დაიღუპა. თავდასხმებს მაღალი რანგის კიდევ რამდენიმე ირანელი სამხედრო და პოლიტიკური ლიდერიც ემსხვერპლა.
ხამენეის ცხედარს დაკრძალვისთვის ერაყიდან კვლავ ირანში გადმოასვენებენ. ამ დრომდე საჯაროდ არ გამოსულა ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი. ირანული მედიის ცნობით, ის უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების წინაშე არ ჩნდება.
ამ ფონზე, ვაშინგტონსა და თეირანს შორის ომის დასასრულებლად მიმდინარე მოლაპარაკებები დაკრძალვამდე შეჩერებულია. თუმცა ბოლო დღეებში სპარსეთის ყურეში მომხდარმა ურთიერთსაპასუხო სამხედრო მოქმედებებმა ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმება ეჭქვეშ დააყენა.
