„საზოგადოებრივი მედია არ უნდა იტყუებოდეს. ბოდიშს ვიხდით, რომ ამას მაინც დიდხანს ვაკეთებდით“ - შავ ფონზე ამ შინაარსის ტექსტია ახლა გამოსახული უნგრეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, რომელმაც 7 ივლისიდან კუთვნილი სატელევიზიო და რადიოარხების ეთერი შეაჩერა.
გზავნილში, რომელსაც მაყურებელი გადაცემებისა და საინფორმაციო გამოშვებების ნაცვლად უყურებს ასევე ნათქვამია, რომ მაუწყებელში ახლა რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რათა სამომავლოდ ის გახდეს ნამდვილად დამოუკიდებელი და სანდო.
მიმდინარე კვირის დასაწყისში საზოგადოებრივი ტელევიზიის მმართველ რგოლში დროებითი მენეჯმენტი მოვიდა, რომელიც გარდამავალ ეტაპზე უზრუნველყოფს არხის კონტროლს, ის თანამშრომლები და ჟურნალისტები კი, რომლებიც წინა ხელისუფლების პროპაგანდის გამავრცელებლებად არიან წოდებულნი, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა ამ პროცესსა და დღეს „ისტორიული“ უწოდა და განაცხადა, რომ „სახელმწიფო მედიაპლატფორმებზე პროპაგანდის ტრანსლირება დასრულდა“.
ტელეკომპანია MTVA მრავალი წლის განმავლობაში იყო კრიტიკის სამიზნე ვიქტორ ორბანის ხელისუფლებისადმი აშკარა ლოიალობის გამო.
ოპოზიციური პარტიები და საერთაშორისო ორგანიზაციები მაუწყებელს ადანაშაულებდნენ დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებაში, მათ შორის, უმთავრესად, ორბანის ოპონენტების წინააღმდეგ.
მიმდინარე წლის აპრილში ეუთომ განაცხადა, რომ მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემები „ღიად და არაპროპორციულად“ უჭერდნენ მხარს მმართველი პარტიის ნარატივს და ნეგატიურ ჭრილში აშუქებდნენ ოპოზიციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ამის გათვალისწინებით, პიტერ მადიარის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დაპირება საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირება იყო.
