კატეგორიები

უკრაინაში რუსეთის ომი NATO-ს ლიდერების ფოკუსში

უკრაინაში რუსეთის ომი NATO-ს ლიდერების ფოკუსში
როგორც მოსალოდნელი იყო, გაძლიერებული ურთიერთიერიშების ფონზე, ფრონტზე რუსული საოკუპაციო არმიის წარუმატებლობისა და კიევის წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი ბოლო იერიშებისას, ფაქტობრივად, სრულად ჩავარდნილი უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემების გათვალისწინებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ანკარას სამიტის ფოკუსში ძირითადად უკრაინა იქნებოდა მოქცეული.

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა შეძლო ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებთან მნიშვნელოვანი შეხვედრების გამართვა და ახალი შეთანხმებების გაფორმება შეიარაღების მიწოდებასა თუ წარმოებასთან დაკავშირებით.

კიევი აქცენტს აკეთებს უპილოტო საფრენ აპარატებზე, რომელთა მეშვეობითაც რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. „შორი მოქმედების სანქციების“ კამპანიას წარმატებით ახორციელებს და მოწინააღმდეგე ქვეყნის სიღრმეებში, ძირითადად, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ენერგოინფრასტრუქტურას ანადგურებს.

უკრაინული მხარის ცნობით, ამას კონკრეტული შედეგები მოაქვს ფრონტის ხაზზეც, რადგან ნავთობი არის რუსული ომის მთავარი მამოძრავებელი ძალა, მისი დეფიციტი კი ავტომატურად აფერხებს საოკუპაციო არმიის წინსვლას უკრაინის დროებით დაპყრობილ ტერიტორიებზე.

ნატოს სამიტის ფარგლებში, უპილოტო საფრენი აპარატების ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოებისა და საბრძოლო ინოვაციების მიმართულებებით, შეთანხმება გაფორმდა კიევსა და ტალინს შორის. ესტონური მხარე მიიჩნევს, რომ მოსკოვის სრულმასშტაბიანმა ომმა უკრაინას მისცა საშუალება, სრულიად შეეცვალა საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობა.

ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამდე, დონალდ ტრამპმა მედიასთან ისაუბრა კრემლის ომზე და განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის მსგავსად, ვლადიმერ პუტინსაც სურს შეთანხმების გაფორმება, რასთანაც მხარეები, როგორც შტატების პრეზიდენტი ამბობს, „ახლოს არიან“.

„შესანიშნავი საუბარი მქონდა პრეზიდენტ პუტინთან, რომელსაც პრეზიდენტ ერდოღანისადმი დიდი პატივისცემა აქვს. წუხელ ბრწყინვალე საუბარი გვქონდა, რომელიც დიდხანს გაგრძელდა. მასთან კომუნიკაციის დასრულებისთანავე, ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკისაც. ვფიქრობ, ორივე მათგანს სურს შეთანხმების დადება.

მეტისმეტად ცუდია, რომ ამან ზედმეტად დიდი დრო წაიღო. რაღაც აუცილებლად მოხდება. ამის შესახებ პრეზიდენტი ერდოღანიც გვესაუბრა. ვფიქრობ, რაღაც წინსვლა იქნება. ჩვენ უკვე რვა ომი დავასრულეთ და მგონია, რომ მეცხრესაც დავასრულებთ. შესაძლოა, ახლა ეს ნაკლებად სავარაუდოდ ჩანდეს, მაგრამ ხშირად სწორედ მაშინ, როდესაც ომის დასრულება ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია, სწორედ მაშინ ხდება ეს.

ხშირად ისე ხდება, რომ პუტინთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ზელენსკისთან პრობლემები არ არის, ან პირიქით - ზელენსკისთან ყველაფერი კარგადაა, ხოლო პუტინთან არა...

მთელი ჩემი ცხოვრება შეთანხმებების დადებას მოვანდომე. ვფიქრობ, ისინი ამას შეძლებენ. მგონია, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება.

გასულ თვეში 35 000 ადამიანი, უმეტესად ჯარისკაცი, დაიღუპა. წინა თვეში ეს რიცხვი 24 000 იყო, მანამდე - 27 000, ხოლო კიდევ ერთი თვით ადრე - 29 000. მაგრამ გასულ თვეში უკვე 35 000 ახალგაზრდა ადამიანი, ძირითადად ჯარისკაცი, დაიღუპა. ეს მართლაც საშინელებაა...“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ახლო აღმოსავლეთში დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის გამო, ვაშინგტონის ყურადღება სწორედ ამ რეგიონზე მიეპყრო, რის გამოც, თეთრი სახლი უკვე თვეებია, აღარ პოზიციონირებს როგორც მოსკოვსა და კიევს შორის აქტიური შუამავალი.

მართალია, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პერიოდულად საუბრობს უკრაინის საკითხზე და ბოლო პერიოდში, ქვეყანამ შტატებისგან შექებაც კი დაიმსახურა, კონტრიერიშების გამო, თუმცა, დასავლელი პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ვაშინგტონი ამჟამად არსებულ მდგომარეობას ზედაპირულად იცნობს.

ოკეანის მიღმა მყოფი ქვეყნისგან განსხვავებით, ყურადღება არ მოუდუნებიათ ევროპულ სახელმწიფოებს, რომლებიც შიშობენ, რომ, შესაძლოა, რუსეთი ჰიბრიდულ თავდასხმებს ამზადებდეს, რადგან ვლადიმერ პუტინი ბრძოლის ველზე სერიოზულ წარმატებას ვერ აღწევს.
თუმცა, ნატოს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელიც სამიტის კულუარებში საუბრობდა, განაცხადა, რომ რუსეთის ზოგიერთი „უგუნური“ ქმედების მიუხედავად - მათ შორის, პოლონეთის, რუმინეთისა და ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევისა - ალიანსმა წარმატებით შეაკავა მოსკოვი ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაზე შესაძლო თავდასხმისგან.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, ერთ-ერთი პანელური დისკუსიის ფარგლებში განაცხადა, რომ მიზანი არის ტრანსატლანტიკური დაძაბულობის განმუხტვა, თუმცა ამასთან მთავარის გააზრება - ვეღარაფერი იქნება ისე, როგორც ადრე, ამიტომ, სამხედრო თვალსაზრისით, ნატომ ვაშინგტონზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს.

დაკავშირებული ამბები
უკრაინაში რუსეთის ომი NATO-ს ლიდერების ფოკუსში NATO-ს სამიტი ტრანსატლანტიკური დაძაბულობისა და ტრამპის ზეწოლის ფონზე