კატეგორიები

ტრამპი ისევ დაინტერესდა გრენლანდიის საკითხით

ტრამპი ისევ დაინტერესდა გრენლანდიის საკითხით
გრენლანდიის საკითხზე დუმილი ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. დანიის დაქვემდებარებაში არსებული ყველაზე დიდი ნახევარკუნძულისადმი ვაშინგტონის ინტერესი არ მინელებულა.

დონალდ ტრამპი კვლავ ალაპარაკდა თემაზე, რომელმაც მიმდინარე წლის იანვარში ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში სერიოზული ბზარი შეიტანა.

„გრენლანდია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. კიდევ ერთი დიდი პრობლემა კი ის არის, რომ როდესაც მათ ვთავაზობდით, ჩვენ ძალიან არ ვაძალებდით, მაგრამ ვუთხარით: თუ გსურთ, შემოგვიერთდით. მათ ყველამ უარი თქვეს.**

**როდესაც მათ შეეძლოთ ჩვენს გვერდით დადგომა, ისინი ჩვენთვის იქ არ იყვნენ, მაშინ როცა ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვიდექით. ბოლო პერიოდში ამ ქვეყნების რუსეთისგან დასაცავად ერთ ტრილიონ დოლარზე მეტი დავხარჯეთ, მაშინ როცა ეს პირდაპირ ჩვენთანაც კი არ არის დაკავშირებული. ჩვენ ოკეანე გვაშორებს, მაგრამ ეს დიდი ხნის საკითხია და ისინი სამართლიანად არ გვექცეოდნენ და მარკს ეს კარგად ესმის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.**

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებები ევროპელ ლიდერებს შორის შეშფოთებისა და განგაშის სიგნალის ჩართვის საბაბი გახდა. არადა  ანკარას სამიტი, წესით, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის გაუარესებული კავშირების გაუმჯობესებაზე უნდა ყოფილიყო მიმართული.

„სამწუხაროდ, ამ საკითხზე აშშ-ის პოზიცია სრულიად ნათელია, ისევე როგორც მთელი ამ ხნის განმავლობაში მკაფიო იყო ჩვენი პოზიციაც. გრენლანდია, რა თქმა უნდა, არ იყიდება. იმედი გვაქვს, რომ ყველა, მათ შორის ჩვენი ყველა მოკავშირეც, პატივს სცემს გრენლანდიის ხალხის თვითგამორკვევის უფლებას. ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და გვჭირდება, რომ ყველამ პატივი სცეს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მზად ვართ ნატოს თითოეული გოჯის, მათ შორის ჩვენი ტერიტორიის დასაცავად“, - განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა.**

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ალიანსმა ერთიანობა შეინარჩუნოს. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები და განხილვები დანიას, გრენლანდიასა და შეერთებულ შტატებს შორის. თუ საკითხი უსაფრთხოებას ეხება, კარგი ამბავი ის არის, რომ ნატოში შვიდი ქვეყანაა, რომლებსაც არქტიკის რეგიონში მოქმედების გამოცდილება აქვთ, მათ შორის ფინეთიც, რომელმაც არქტიკულ პირობებში ერთ მილიონზე მეტი სამხედრო მოამზადა. გრენლანდიასთან დაკავშირებული საკითხები მხოლოდ დანიის სამეფოს კომპეტენციაშია და მათი გადაწყვეტაც მხოლოდ მას ეკუთვნის“, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა.**

როგორც ჩანს, პოლიტიკური კრიზისის გადატანის შემდეგ, მეტე ფრედერიქსენის მთავრობას ახლა კიდევ ერთი გამოწვევის გადალახვა მოუწევს, რისთვისაც კოპენჰაგენი, მოკავშირეებთან ერთად, ყველა შესაძლო გზის გამოყენებას გეგმავს.

გრენლანდიის მშვიდობიანი ცხოვრება თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მეორე ვადით დაბრუნებამ დაარღვია.

აშშ-ის პრეზიდენტმა არამხოლოდ ვაშინგტონიდან, არამედ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ტრიბუნიდანაც არაერთხელ გააჟღერა კუნძულის 53-ე შტატად შემოერთების იდეა, კანადისა და ვენესუელის შემდეგ.

მისი თქმით, კუნძულზე კონტროლის დამყარება აუცილებელია, სხვა შემთხვევაში კი ამას ჩინეთი და რუსეთი გააკეთებდნენ, რაც, მისივე განმარტებით, მსოფლიო წესრიგს დაარღვევდა.

ევროპელი ლიდერები მანამდეც ამბობდნენ, რომ „არავის მისცემდნენ შანტაჟითა და დაშინებით ტერიტორიის დათმობის უფლებას“ და რომ საზღვრების ცვლილება ძალისმიერი მეთოდებით მიუღებელია, მით უმეტეს, როცა დასავლეთი ნახევარსფერო, წესით, დემოკრატიულ ღირებულებებს წარმოადგენს.

დაკავშირებული ამბები
ტრამპი ისევ დაინტერესდა გრენლანდიის საკითხით აშშ-მა ირანში 80-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანა იერიშები