კატეგორიები

მარინ ლე პენი საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აპირებს

მარინ ლე პენი საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აპირებს
პარიზის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მიუხედავად, მარინ ლე პენი აცხადებს, რომ საფრანგეთის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის.

ქვეყნის ეროვნული მაუწყებლის ეთერში საუბრისას, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა საზოგადოებას აცნობა, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად, გეგმავს განაჩენის გასაჩივრებას საკასაციო სასამართლოშიც, რომელიც შეაჩერებს მოსამართლის გადაწყვეტილებას ელექტროსამაჯურის სავალდებულო ტარებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, მან და ჟორდან ბარდელამ წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყეს, საკუთარ თავსა და თანაპარტიელს კი „ურთიერთშემავსებელი, თანმიმდევრული და მტკიცე დუეტი“ უწოდა.

„გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე, რადგან, როგორც იცით, უკვე ნათქვამი მქონდა, რომ საარჩევნო კამპანიას ელექტრონული სამაჯურით არ ჩავატარებდი, თუმცა, რადგან მაქვს შესაძლებლობა, საქმე გავასაჩივრო საკასაციო სასამართლოში - რაც სხვა შემთხვევებში აუცილებელი არ იყო - და რადგან ეს საჩივარი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას აჩერებს, საარჩევნო კამპანიას ელექტრონული სამაჯურის გარეშე ჩავატარებ…

მე და ჟორდან ბარდელა ძალიან მალე დავიწყებთ ამ საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიას. როგორც იცით, ფრანგ ხალხს შევთავაზეთ დუეტი - დუეტი, რომელიც, ჩემი აზრით, ურთიერთშემავსებელი, გაწონასწორებული, თანმიმდევრული და მტკიცეა. სწორედ ერთად დავარწმუნებთ ფრანგებს, რომ ის, რასაც ისინი დღეს განიცდიან, გარდაუვალი ბედისწერა არ არის; ეს არის სხვების მიერ მიღებული ტოქსიკური და საზიანო გადაწყვეტილებების შედეგი, ხოლო სწორმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება მათი მომავალი შეცვალოს“ - განაცხადა „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა.

მარინ ლე პენის ამ სატელევიზიო ინტერვიუმდე „ეროვნული გაერთიანების“ შტაბში ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებს შორის კონსულტაციები გაიმართა, რომელსაც ჟორდან ბარდელაც ესწრებოდა.

როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ახალგაზრდა პოლიტიკოსის საპრეზიდენტო კანდიდატურის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა და მომდევნო წელიწადზე ნაკლები დროის განმავლობაში მას მოუწევს ზრუნვა მასზე უფრო გამოცდილი მარინ ლე პენის პიარკამპანიაზე, რათა მისი სურვილი გახდეს ელისეს სასახლის ლიდერი, რეალობად იქცეს.

პარიზის სააპელაციო სასამართლოს 7 ივლისის გადაწყვეტილების თანახმად, ფრანგი პოლიტიკოსი დამნაშავედ ცნო კანონმდებლობის დარღვევასა და ევროკავშირის სახსრების პარტიული მიზნებისთვის გაფლანგვაში, თუმცა სასჯელის ზომა შეუმსუბუქა - ლე პენს ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს, თუმცა მას აღარ აქვს აკრძალული სახელმწიფო თანამდებობის დაკავება 5 წლის ვადით. ეს ვადა 45 თვემდე შემცირდა, საიდანაც ორი მესამედი პირობითია.

დაკავშირებული ამბები
მარინ ლე პენი საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აპირებს ლე პენის შემსუბუქებული განაჩენი და ეჭვქვეშ დაყენებული პრეზიდენტობის ამბიცია