უკრაინის პოლიციის განცხადებით, გასულ კვირას მონაკოში ჩადენილ ტერაქტში ეჭვმიტანილი ქალი უკრაინაში მოკლეს.
პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა დააკავეს უკრაინის დაზვერვის მოქმედი ოფიცერი და მისი თანამზრახველი. ისინი ქალის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილი.
ადგილობრივიი მედიის ცნობით, უკრაინის დაზვერვის ოფიცერმა უკვე აღიარა დანაშაული.
გასულ კვირას მონაკოში სპეციალურმა სამსახურებმა შეძლეს იმ ქალის იდენტიფიკაცია, რომელმაც ერთ-ერთ კორპუსთან ასაფეთქებელი მოწყობილობა დადო. იგი 39 წლის უკრაინელი ანასტასია ბერეზოვსკაა.
ბომბის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის მდიდარი უკრაინელი ბიზნესმენი, მისი პარტნიორი და მოზარდი ვაჟი.
გასულ კვირას, პირველი ივლისის საღამოს, დამნაშავემ საფრანგეთის საზღვართან ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელში პაკეტი დატოვა.
ცოტა ხნის შემდეგ, როცა ცოლ-ქმარი შვილთან ერთად შენობაში შედიოდა, მოწყობილობა აფეთქდა.
ბერეზოვსკა მონაკოში მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა. სავარაუდოდ, მან ასაფეთქებელი მოწყობილობა საზოგადოებრივ გზაზე დანაშაულებრივი განზრახვით განათავსა.
