კატეგორიები

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა NATO-ს სამიტის ფარგლებში

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა NATO-ს სამიტის ფარგლებში
NATO-ს ისტორიული სამიტის მიწურულს, შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა შედგა, რაც ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მეორე კომუნიკაციაა ბოლო ერთ თვეში, საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემდეგ.

დონალდ ტრამპის განცხადებით, შეთანხმების გაფორმება და ომის დასრულება სურთ როგორც კიევსაც, ისე მოსკოვს, თუმცა მხარეებს ერთმანეთისადმი დათქმები გააჩნიათ.  მისივე თქმით, მეტისმეტად ცუდია, რომ სამშვიდობო პროცესის დამყარებას, ზედმეტად დიდი დრო დასჭირდა.

ტრამპის თქმით, აშშ უკრაინას Patriot-ის ტიპის წარმოებისთვის რაკეტების ლიცენზიას მისცემს, რის შემდეგაც, როგორც ამბობს კიევი ვეღარ იქნება „უკმაყოფილო, რომ საკმარის შეიარაღებას არ აწვდიან“.

 

„ჩვენ ბევრი ომი დავასრულეთ და ეს იყო ის ომი, რომელიც, ვფიქრობდი, ალბათ ყველაზე ადვილად დასრულდებოდა. მაგრამ პუტინი რთული პიროვნებაა და ეს კაციც რთული პიროვნებაა. ამიტომ სულაც არ არის მარტივი საქმე. აქ დიდი ერთგულება, დიდი სიყვარულია საკუთარი ქვეყნების მიმართ და ბევრი სხვა ფაქტორიც მოქმედებს. თუმცა, ვფიქრობ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ზოგჯერ ერთ შედარებას ვიყენებ. შეიძლება მარტივად ჟღერდეს, მაგრამ გარკვეულწილად მართალია: ორი ბავშვი პარკში ერთმანეთს ვერ იტანს და ჩხუბს იწყებს. ზოგჯერ მათ უნდა მისცე საშუალება, იჩხუბონ, რომ თავად ნახონ, რამდენად მძიმეა ეს. ბრძოლა ძალიან მძიმე რამ არის.

ზელენსკიმ საოცარი საქმე გააკეთა. ის ძალიან ეფექტური იყო. დიახ, მას საუკეთესო აღჭურვილობა ჰქონდა, რადგან ეს ჩვენი მიწოდებული ტექნიკა იყო. მაგრამ მარტო ტექნიკა არაფერს ნიშნავს - ვიღაცამ ხომ უნდა გამოიყენოს იგი. და ბევრი მამაცი ადამიანი იყენებს ამ ტექნიკას.

რაც შეეხება რუსეთს, ეს დიდი ქვეყანაა და ძლიერი სამხედრო ძალაც ჰყავს. რუსეთი ყოველთვის ძლიერი სამხედრო ძალა იყო.

შეიძლება იფიქრო, რომ მდგომარეობა ყველაზე ცუდია, თუმცა შესაძლოა, ასე არც იყოს. თუ ომებს სწავლობ - მე კი მათ მრავალი წლის განმავლობაში ვსწავლობდი, პოლიტიკაში მოსვლამდეც - ზოგჯერ სწორედ მაშინ, როცა ვითარება ყველაზე ცუდად გამოიყურება, სწორედ მაშინ დგება გარდატეხის მომენტი“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ახლო აღმოსავლეთში დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის გამო, ვაშინგტონის ყურადღება სწორედ ამ რეგიონზე მიეპყრო, რის გამოც, თეთრი სახლი უკვე თვეებია, აღარ პოზიციონირებს როგორც მოსკოვსა და კიევს შორის აქტიური შუამავალი.

მართალია, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პერიოდულად საუბრობს უკრაინის საკითხზე და ბოლო პერიოდში, ქვეყანამ შტატებისგან შექებაც კი დაიმსახურა, კონტრიერიშების გამო, თუმცა, დასავლელი პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ვაშინგტონი ამჟამად არსებულ მდგომარეობას ზედაპირულად იცნობს.

დაკავშირებული ამბები
2036 წლისთვის 35 წელს გადაცილებულ 80 მილიონ ქალს უნაყოფობის პრობლემა შეექმნება აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა NATO-ს სამიტის ფარგლებში