კატეგორიები

უფასო ციფრული კამპუსი, სადაც ციფრული ტექნოლოგიების სწავლა ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი

უფასო ციფრული კამპუსი, სადაც ციფრული ტექნოლოგიების სწავლა ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი
გერმანიის შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარეში გაიხსნა ციფრული კამპუსი, რომელიც 600-ზე მეტ კურსს სთავაზობს საზოგადოებას ხელოვნური ინტელექტის, ვირტუალური და გაფართოებული რეალობისა და სხვა უახლესი ტექნოლოგიური  მიმართულების კუთხით. კურსები უფასოა და ნებისმიერს შეუძლია მათი გავლა.

ქალაქ ლიუბეკის ერთ სავაჭრო ცენტრში ციფრული სწავლების კამპუსია (Digital learning Center - DLC) განთავსებული. აქ სწავლა შეუძლია ნებისმიერს, ვისაც რობოტიკა და სხვა უახლესი ტექნოლოგიები აინტერესებს. ამ ევროპული პროექტის ფარგლებში ჩრდილოეთ გერმანიის შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარეში ინოვაციური სასწავლო სივრცე შეიქმნა, რომელიც ასობით უფასო ონლაინ კურსსაც სთავაზობს მსურველებს.

„ჩვენ ციფრული ტექნოლოგიის უფასო შესწავლის შესძლებლობას ვაძლევთ ნებისმიერს მოწაფით დაწყებული და პენსიონერით დამთავრებული, მათ შორის მიგრანტებსა და ტექნიკურ დარგში დასაქმებულ ადამიანებს,”- ამბობს თომას ლანგა, ლიუბეკის  ციფრული სწავლების კამპუსის პროექტის ხელმძღვანელი. “ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ყველაფერი უფასოა. ამ კურსებზე შესვლისთვის უმნიშვნელო ბარიერი დავაწესეთ, რათა ხალხმა შეძლოს სწავლა და საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესება.“

ამ საპილოტე პროექტისთვის, რომელიც რეგიონში მოქმედ უნივერსიტეტებსა და კომაპნიებს ერთმანეთთან აკავშირებს, სამი რამ არის მთავარი: ინოვაცია, სწავლა და მოთხოვნა. მაგალითად, ლიუბეკის ციფრული სწავლების ცენტრი ძირითადად ახალგაზრდების წახალისებას ემსახურება, განსაკუთრებით გოგონებისას, რათა მათ პროფესიად აირჩიონ ისეთი სფეროები, როგორებიცაა ინჟინერია, მათემატიკა, ფიზიკა და ტექნოლოგიები.

ასოციაცია The MINT4Girls-ის ორმოცდაათ ახალგაზრდას ეხმარება იმით, რომ აუცილებლად მიჰყავს ისინი ამ სასწავლო ცენტრში.

„ხელოვნური ინტელექტი მაინც სიახლეა და არც ციფრული სფეროა სკოლაში წარმოდგენილი,” - განმარტავს პრინთა თარმაბალანი, MINT4Girls-ის პროექტის მენეჯერი. “აქ შეგვიძლია მოვიდეთ და უამრავ სემინარს დავესწროთ. ამ ბავშვებმა მშვენივრად იციან, რომ ეს არის მომავალი და ყველაფრის ერთ სივრცეში ნახვა ძალიან კარგი შესაძლებლობაა მათთვის.“

ციფრული სწავლების ცენტრს ონლაინ პლატფორმაც აქვს, რომელიც 600-ზე მეტ კურსს სთავაზობს მსურველებს. ამ კურსებზე ისწავლება ისეთი საკითხები, რომლებსაც სკოლაში ჯერ კიდევ არ გადიან, მაგრამ უკვე ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა თანამედროვე მსოფლიოში და მისი ცოდნა აუცლებელად გამოდგება ნებისმიერ სამსახურში. სტუდენტებს კურსებზე დარეგისტრირება ერთი დაწკაპუნებით შეუძლიათ. არტურ ფეილიზ რედლინი გაფართოებული რეალობის სემინარს ქალაქ კილში ესწრება.

„რამდენიმე მასწავლებელმა მირჩია მენახა ეს კურსები და მართლა კარგი გამოდგა,” - ამბობს არტური. “არ ვიცი ამისთვის ქულებს თუ დამიწერენ, მაგრამ აუცილებლად მივიღებ სეტიფიკატს, რომელიც ყოველთვის გამოგადგება, როცა რამე ვაკანსიაზე შეიტან განაცხადას.“

 ამ პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 38 მილიონი ევროა, რომლის 50%-საც შლეზვიგ-ჰოლშტაინის ფედერალური მხარე აფინანსებს, 40%-ს - ევროპის რეგიონული განვითარების პოლიტიკა, 10%-ს კი პროექტის 29 პარტნიორი, მათ შორის უნივერსიტეტები და საჯარო დაწესებულებები.

ციფრული სწავლების პლატფორმას შლეზვიგ-ჰოლშტაინის განათლების სამინისტრო მართავს. პლატფორმაზე 5 ათასი სტუდენტია დარეგისტრირებული და 60 ათასი შესვლა ფიქსირდება, თუმცა მისი უფრო გაფართოება იგეგმება.

„ციფრული სწავლების ცენტრის პერსპექტივა ის არის, რომ მას შეუძლია იყოს სკოლების, უნივერსიტეტებისა და კომპანიების პარტნიორი, რომლის წყალობითაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ, თუ როგორი მომავალი გვინდა შევქმნათ. ამ პროექტს შეუძლია ევროპის სხვა რეგიონების მისაბაძი მაგალითი გახდეს,“ - განმარტავს შტეფან ლემკე, შლეზვიგ-ჰოლშტაინის განათლების სამინისტროს მრჩეველი მომავლის უნარების პოლიტიკის საკითხებში.

ავტორი: ავრორა ველესი

დაკავშირებული ამბები
უფასო ციფრული კამპუსი, სადაც ციფრული ტექნოლოგიების სწავლა ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი ტროპიკულ ზონაში მსოფლიოში პირველი ბიოკლიმატური ტერმინალი ამოქმედდა