რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში დასავლური სახელმწიფოების უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების განსახილველად, მსოფლიოს ლიდერები ანკარაში ნატოს ორდღიანი სამიტის ფარგლებში იკრიბებიან.
ყურადღების ცენტრშია თურქეთის დედაქალაქი, მათ შორის მოსკოვისაც, რადგან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრების დღის წესრიგში უკრაინა ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი კი - სამიტის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა.
დაძაბული ტრანსატლანტიკური კავშირებისა და ალიანსიდან მოკავშირეების კრიტიკის მიუხედავად, ანკარაშია შეერთებული შტატების პრეზიდენტიც.
თეთრი სახლის ადმინისტრაციაში დონალდ ტრამპის მეორე ვადით დაბრუნებამ მის მიერვე „ქაღალდის ვეფხვად“ წოდებული ნატო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა.
სულ რაღაც ნახევარი წლის წინ მოკავშირეებმა სერიოზულ საფრთხედ აღიქვეს ვაშინგტონის მუქარა გრენლანდიის „დაპყრობასთან“ დაკავშირებით, თუმცა ეს საკითხი ჩრდილში მოაქცია ირანში დაწყებულმა ომმა - განსხვავებით ტრამპსა და ალიანსს შორის წარმოქმნილი უთანხმოებისა.
მხარეებს შორის უფსკრული გააღრმავა შტატების პრეზიდენტის უკმაყოფილებამ და განაწყენებამ, რომ ახლო აღმოსავლეთის სამხედრო ოპერაციაში ნატოელი მოკავშირეები ვაშინგტონს არაფრით არ დაეხმარნენ. ამის გამო, თეთრი სახლის ლიდერი ალიანსიდან გასვლითაც კი დაიმუქრა, თუმცა ამ სიტყვებს მოჰყვა განცხადებები იმის თაობაზე, რომ ევროპაში აშშ თავის სამხედრო წარმომადგენლობას ამცირებს.
ანკარას სამიტი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ევროპელი წევრებისთვის, გარკვეულწილად, იქნება ტრამპის წინაშე დემონსტრირება იმისა, რომ კონტინენტის უსაფრთხოებისთვის ევროპაც და კანადაც ძალისხმევას არ იშურებენ და მათი დაპირება სამხედრო დანახარჯების ზრდასთან დაკავშირებით მხოლოდ სიტყვები არ არის.
გასულ ხუთშაბათს შტატების პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ვაშინგტონი ნატოს წევრი ქვეყნების დაცვაზე ფულს ხარჯავს, სანაცვლოდ კი „არანაირ სარგებელს არ იღებს“.
სამხედრო ალიანსის გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, ევროპელებს არ სურთ თეთრ სახლთან უთანხმოება, ამიტომ ყურად იღებენ ტრამპის ადმინისტრაციის მოწოდებებს.
მისივე თქმით, 2025 წელს ალიანსის წევრმა ევროპულმა ქვეყნებმა და კანადამ წინა წელთან შედარებით, თავდაცვაზე 90 მილიარდი ამერიკული დოლარით მეტი დახარჯეს.
„აქ, ანკარაში ველი, რომ ქვეყნები წარმოადგენენ მკაფიო, კონკრეტულ და სარწმუნო გეგმებს სამხედრო დანახარჯების 5%-მდე ზრდის შესახებ. ამ მომენტისთვის არსებული მტკიცებულებები შთამბეჭდავია.
გასულ კვირას პრეზიდენტ ტრამპთან არაჩვეულებრივი შეხვედრა მქონდა და განვიხილეთ ევროპული ქვეყნებისა და კანადის მხრიდან თავდაცვაზე ხარჯების გასაოცარი ზრდა.
რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებულია პუტინთან, რუსეთთან და უკრაინასთან, ასევე იმასთან, რომ პრეზიდენტი ტრამპი დაჟინებით მოითხოვს ამას ჩვენგან. ვფიქრობ, კარგ მდგომარეობაში ვართ. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ევროპელებიც აქტიურდებიან.
შეხედეთ გერმანიასა და მის მსგავს ქვეყნებს. თუკი საჭიროა კიდევ ერთი-ორი ქვეყნის დარწმუნება ამ საკითხში, გვაქვს ამის შესაძლებლობა“, - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.
ევროპელი მაღალჩინოსნების თქმით, მზად არიან ნატოელი მოკავშირეებისადმი ტრამპის მორიგი ხისტი კრიტიკისთვის, თუმცა მაინც იმედოვნებენ, რომ ერდოღანი და რუტე გამოიყენებენ მჭიდრო კავშირებს აშშ-ის პრეზიდენტთან, სამიტზე შეთანხმებების მისაღწევად და ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, თუმცა ამ იმედს პერიოდულად აბათილებს ახლო აღმოსავლეთში ჯერ კიდევ არსებული დაძაბულობა, გაურკვევლობა გრენლანდიის ირგვლივ და დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი კონფლიქტი იტალიის პრემიერ ჯორჯა მელონისთან.
„ვფიქრობ, წარმატებად ჩაითვლება, თუ ყველაფერი პროგნოზირებად გარემოში წარიმართება, იმ გაგებით, რომ არ მოხდება ისეთი რამ, რაც პროცესს დაარღვევს. პრეზიდენტ ტრამპს თურქეთში საკმაოდ კარგი ურთიერთობები აქვს.
ვფიქრობ, ის ეცდება, თავიდან აიცილოს ნებისმიერი უხერხულობა ან უხერხული სიტუაცია აქ, თურქეთში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შეხვედრა, სავარაუდოდ, უფრო პროგნოზირებადი იქნება. თუმცა, ტრამპთან დაკავშირებით არასოდეს იცი, რა შეიძლება მოხდეს.
ამასთან, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ნდობა ამჟამად ძალიან დაბალ დონეზეა, ამიტომ არსებობს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ ყველაფერი არასასურველი მიმართულებით განვითარდეს. იმედი მაქვს, ასე არ მოხდება“, - ამბობს იან ლესერი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი.
მოსალოდნელია, რომ ნატოს ამ ისტორიულ სამიტზე მრავალმილიარდიანი შეთანხმებები იქნება მიღწეული შეიარაღებასა და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით, რაც ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია, თუმცა, სავარაუდოდ, ეს მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რუსული აგრესიისა და ალიანსის წინაშე მდგარი სხვა გამოწვევების გასანეიტრალებლად.
