კატეგორიები

მაკრონის ვიზიტის პარალელურად სირიის დედაქალაქში აფეთქებები იყო

მაკრონის ვიზიტის პარალელურად სირიის დედაქალაქში აფეთქებები იყო
ემანუელ მაკრონის სირიაში ვიზიტის პარალელურად დამასკოში ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, სულ მცირე 18 ადამიანია დაშავებული.

აფეთქების ადგილი ახლოსაა დამასკოში მდებარე იმ სასტუმროსთან, რომელშიც სირიული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი რჩებოდა.

უსაფრთხოების ძალებმა ტერიტორია ალყაში მოაქციეს. როგორც სახელმწიფო მედია იუყება, დედაქალაქის ცენტრში მომხდარი ინციდენტი ასაფეთქებელმა მოწყობილობებმა გამოიწვია. მათგან ერთი ნაგვის ურნაში იყო დამონტაჟებული, მეორე კი - გაჩერებულ ავტრომობილში.

უწყობის ცნობითვე, დაშავებულებს შორის ოთხი პოლიციელია.

აფეთქებას საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისთვის ხელი არ შეუშლია.

დამასკოსი, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ბიზნესის წარმომადგენლები და ინვესტორები ესწრებოდნენ, სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების ბოლოდროინდელმა შეფერხებებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა უსაფრთხო და სტაბილური სავაჭრო მარშრუტების მნიშვნელობა. მანვე საფრანგეთს მოუწოდა, რომ საცაჭრო დერეფნების განვითარებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენის პროცესში სირიის მთავარი პარტნიორი იყოს.

ეს  დასავლეთ ევროპული სახელმწიფოს მეთაურის პირველი ვიზიტია დამასკოში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობისა და ძალაუფლების ახალი ხელისუფლების მიერ ჩაბარების შემდეგ.

 „ჩამოვედი, რათა  სირიელი ხალხის მიმართ საფრანგეთის ერთგულება გამოვხატო - სუვერენული, მრავალფეროვნებაში ერთიანი და მეზობლებთან მშვიდობიანი ურთიერთობის მქონე სირიისთვის. ერთად გავხსნათ სტაბილურობისა და მშვიდობის ახალი თავი“ - დაწერა მაკრონმა პლატფორმა X-ზე ვიზიტის დაწყებისას.

მაკრონი სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას მანმდე ხვდება, ვიდრე ორივე ლიდერი ანკარაში NATO-ს სამიტზე გაემგზავრება.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პარიზი მხარს უჭერს ყველას, ვისაც „ახალი სირიის მშენებლობაში წვლილის შეტანა“ შეუძლია - იმ მისწრაფებების შესაბამისად, რომლებიც 2011 წლის არაბული გაზაფხულის შემდეგ გამოიკვეთა.

ორშაბათს ერთ-ერთ ფრანგულ ტელეარხთან ინტერვიუში ალ-შარაამ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ დაწყებულ გარდამავალ პერიოდში საფრანგეთის „კონსტრუქციული როლი“ შეაქო.

„მაკრონი გარდამავალი პროცესის თითოეულ ეტაპს ყურადღებით აკვირდებოდა,“ - განაცხადა ალ-შარაამ და დასძინა, რომ მისმა ფრანგმა კოლეგამ დამასკოსთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების მოხსნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

2025 წლის მაისში მაკრონმა ალ-შარაას პარიზში უმასპინძლა. მაშინ მან ევროპელ და ამერიკელ ლიდერებს მოუწოდა, დამასკოს წინააღმდეგ წლების განმავლობაში მოქმედი სანქციები მოეხსნათ. დღეს ამ სანქციების უმეტესობა გაუქმებულია.

დაკავშირებული ამბები
მაკრონის ვიზიტის პარალელურად სირიის დედაქალაქში აფეთქებები იყო ასადის დამხობის შემდეგ პირველად, დასავლეთ ევროპელი ლიდერი სირიას სტუმრობს