კატეგორიები

ასადის დამხობის შემდეგ პირველად, დასავლეთ ევროპელი ლიდერი სირიას სტუმრობს

ასადის დამხობის შემდეგ პირველად, დასავლეთ ევროპელი ლიდერი სირიას სტუმრობს
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სირიაში ჩავიდა. ეს  დასავლეთ ევროპული სახელმწიფოს მეთაურის პირველი ვიზიტია დამასკოში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობისა და ძალაუფლების ახალი ხელისუფლების მიერ ჩაბარების შემდეგ.

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-ს თანახად, მაკრონი ქვეყანას ბიზნესდელეგაციასთან ერთად სტუმრობს, რათა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებთან ერთად ბიზნესისა და ინვესტიციების შესაძლებლობებიც განიხილოს.

დამასკოს აეროპორტში საფრანგეთის პრეზიდენტს სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასად ალ-შაიბანი დახვდა.

„ჩამოვედი, რათა  სირიელი ხალხის მიმართ საფრანგეთის ერთგულება გამოვხატო - სუვერენული, მრავალფეროვნებაში ერთიანი და მეზობლებთან მშვიდობიანი ურთიერთობის მქონე სირიისთვის. ერთად გავხსნათ სტაბილურობისა და მშვიდობის ახალი თავი“ - დაწერა მაკრონმა პლატფორმა X-ზე.

მაკრონი სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას მანმდე ხვდება, ვიდრე ორივე ლიდერი ანკარაში ნატოს სამიტზე გაემგზავრება.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პარიზი მხარს უჭერს ყველას, ვისაც „ახალი სირიის მშენებლობაში წვლილის შეტანა“ შეუძლია - იმ მისწრაფებების შესაბამისად, რომლებიც 2011 წლის არაბული გაზაფხულის შემდეგ გამოიკვეთა.

ორშაბათს ერთ-ერთ ფრანგულ ტელეარხთან ინტერვიუში ალ-შარაამ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ დაწყებულ გარდამავალ პერიოდში საფრანგეთის „კონსტრუქციული როლი“ შეაქო.

„მაკრონი გარდამავალი პროცესის თითოეულ ეტაპს ყურადღებით აკვირდებოდა,“ - განაცხადა ალ-შარაამ და დასძინა, რომ მისმა ფრანგმა კოლეგამ დამასკოსთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების მოხსნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მაკრონის შეხვედრები სირიის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყება. ამ საკითხზე დამატებითი დეტალები არ გასაჯაროებულა. ამის შემდეგ მაკრონი ალ-შარაას შეხვდება. გაიმართება ეკონომიკური მოლაპარაკებები და ურთიერთგაგების მემორანდუმებსაც მოეწერება ხელი. დღის ბოლოს ორი ლიდერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.

2025 წლის მაისში მაკრონმა ალ-შარაას პარიზში უმასპინძლა. მაშინ მან ევროპელ და ამერიკელ ლიდერებს მოუწოდა, დამასკოს წინააღმდეგ წლების განმავლობაში მოქმედი სანქციები მოეხსნათ. დღეს ამ სანქციების უმეტესობა გაუქმებულია.

დაკავშირებული ამბები
ასადის დამხობის შემდეგ პირველად, დასავლეთ ევროპელი ლიდერი სირიას სტუმრობს სირია ირანში მიმდინარე ომის შედეგებს რთულად უმკლავდება