„საჭიროა შემაკავებელი ორდერი“ - ამ წარწერით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯა მელონისთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ეს ორ ლიდერს შორის დაპირისპირების ახალი ტალღაა.
გაზეთ Corriere della Sera-ს ინფორმაციით, იტალიის მთავრობა ამჯერად ამ „პროვოკაციაზე“ რეაგირებას არ აპირებს.
ვაშინგტონსა და რომს შორის დაძაბულობა ივნისის ბოლოს გამწვავდა. მაშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯორჯა მელონი მას საერთო ფოტოს გადაღებას „ემუდარებოდა“.
„იტალიაში მისი პოპულარობა იკლებს. შესაძლოა იმიტომ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს - ქვეყანას, რომელსაც იტალია ნამდვილად უყვარს და მას იცავს, მხარი არ დაუჭირა, როდესაც საქმე ირანისთვის ბირთვული იარაღის შექმნის ან განვითარების აღკვეთას ეხებოდა“ - წერდა მაშინ დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე და იმასაც აღნიშნავდა, რომ ამ საკითხზე NATO-საც იტალიის მსგავსი პოზიცია ჰქონდა.
ჯორჯა მელონიმ ამ განცხადებას „უაზრობა“ უწოდა.
„რაც შეეხება ჩემს პოპულარობას: თქვენთან მეგობრობას, მასზე კარგად ნამდვილად არ უმოქმედია“, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა და მიანიშნა, რომ დონალდ ტრამპმა ყურადღება უმჯობესია საკუთარ რეიტინგს მიაქციოს.
ჯორჯა მელონი არც ისე შორეულ წარსულში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდრო მოკავშირედ ითვლებოდა ევროპაში, თუმცა ბოლო თვეებში ორ ლიდერს შორის არსებული ურთიერთობა დრამატულად შეიცვალა. მიზეზები ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ირანთან ომთანაა დაკავშირებული.
ორ ლიდერს შორის უთანხმოება რომის პაპ ლეო XIV-ის განცხადებებთან დაკავშირებითაც წარმოიშვა. ეს მას შემდეგ, რაც ტრამპმა პაპი მკაცრად გააკრიტიკა, მელონი კი პონტიფიკოსის დასაცავად გამოვიდა.
ბოლო გამოკითხვების თანახმად, მელონის პარტია „იტალიის ძმები“ კვლავ ქვეყნის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ ძალად რჩება. ივნისში YouTrend-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარტიას ამომრჩეველთა 28.6% უჭერს მხარს.
თუმცა, არსებული მონაცემები ასევე მიუთითებს, რომ თავად მელონის პოპულარობა შედარებით დაბალია. YouGov-ის მიერ აპრილში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, იტალიელთა 35% მას დადებითად აფასებს, ხოლო 57% - უარყოფითად.
ამასთან, თებერვალში გამოქვეყნებული Ipsos-ის კვლევის თანახმად, მისი საქმიანობას გამოკითხულთა 44% იწონებდა.
ეს მაჩვენებლები დაბალია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით, როდესაც Pew Research-ის კვლევის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაახლოებით ერთი წლის შემდეგ იტალიელთა 57% მელონის დადებითად აფასებდა.
მიუხედავად იმისა, რომ იტალიის პრემიერის გარკვეულწილად შემცირებულია, არსებული მონაცემები არ მიანიშნებს, რომ იგი პოლიტიკური კრახის წინაშე დგას.
