საბერძნეთსა და პორტუგალიაში ტყის ხანძრებს კვლავ ებრძვიან. ყველაზე რთული ვითარება საბერძნეთის ქალაქ თესალონიკის შემოგარენში შეიქნა, სადაც ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და რამდენიმე დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ხანძრის ჩასაქრობად მთელი ღამის განმავლობაში დაახლოებით 160 მეხანძრე მუშაობდა, დილით კი მათ საჰაერო ტექნიკაც შეუერთდა.
საბერძნეთის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები. პოლიციამ დაუდევრობის ბრალდებით 76 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიების ვერსიით, დაიწვა მისი ავტომობილი, ცეცხლი გზის პირას მცენარეებსაც გადაედო.. მეხანძრეების ცნობით, დაკავებული ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
საბერძნეთში თესალონიკის რამდენიმე რაიონში მოსახლეობას მოუწოდეს, დარჩნენ სახლში და ფანჯრები კარგად დაკეტონ, რათა ცეცხლმოკიდებული გადამამუშავებელი საწარმოდან გავრცელებულმა ტოქსიკურმა კვამლმა მათ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს.
ამასობაში, პორტუგალიის ცენტრალურ ნაწილში ხანძარი უკვე მეოთხე დღეა მძვინვარებს. სტიქიამ დაახლოებით 12 ათასი ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. ცეცხლის ლიკვიდაციაში 1200-ზე მეტი მეხანძრე, ასობით სახანძრო მანქანა და 15 ავიაციაა ჩართული.
ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში პორტუგალიას დახმარება ესპანეთმა და იტალიამ გაუწიეს. მათ ადგილზე მეხანძრეები, ტექნიკა და სახანძრო თვითმფრინავები გაგზავნეს.
