კატეგორიები

კიევში ისევ მსხვერპლია რუსეთის მორიგი იერიშების შედეგად

კიევში ისევ მსხვერპლია რუსეთის მორიგი იერიშების შედეგად
ისევ კომბინირებული საჰაერო იერიშები და ისევ სამიზნეში ამოღებული მშვიდობიანი მოსახლეობა - კიევის მცხოვრებლებს 6 ივლისის ღამის გადატანაც რუსეთის მასირებული დარტყმებისა და აფეთქებების ხმის ფონზე, მეტროსადგურებში განლაგებულ ბომბსაფრებში მოუწია.

უკრაინული მხარე, სულ მცირე, 10 დაღუპულის შესახებ იუწყება. ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, არაერთი ადამიანი იყოს მოყოლილი.

რამდენიმე რაიონში სრულად ან ნაწილობრივაა ჩამონგრეული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, აფეთქებების ტალღამ შეარყია სხვადასხვა დასახლებაში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით დარნიცას რაიონში, რომელიც ჯერ კიდევ ებრძვის 2 ივლისის იერიშების შედეგებს.

ადგილობრივები გასულ ღამეს მძიმედ იხსენებენ. ზოგიერთმა უკვე შეიტყო სამწუხარო ცნობები ახლობლებისა და მეგობრების შესახებ.

„დაძინებას ვაპირებდით, როცა განგაშის ხმა გაისმა. შვილს ვუთხარი, თავშესაფარში გაქცეულიყო, რაზეც მიპასუხა, რომ მარტო არ წავიდოდა. მისი იძულება მომიწია. როგორც კი გარეთ გავედით, ყველაფრის ნგრევა დაიწყო. თავშესაფრამდე მიღწევა მაინც შევძელით, თუმცა იმდენად ძლიერად ინგრეოდა ყველაფერი, რომ თავზე მტვერი და ნამსხვრევები გვეცემოდა. შემდეგ გვითხრეს, რომ ჩვენი სახლიც დაზიანდა და, შესაძლოა, საცხოვრებელი აღარ გვექნებოდა. დავბრუნდი ამ ყველაფრის საკუთარი თვალით სანახავად.

არ ვიცი, მაგრამ, ვფიქრობ, იქ კიდევ არიან ადამიანები. მოხუცი ქალი ცხოვრობდა, რომელიც, დიდი ალბათობით, არ წასულა თავშესაფრისკენ. ამავე კორპუსში ცხოვრობდა ოჯახი პატარა ბავშვით. არ ვიცი, მათ თუ მოახერხეს თავშესაფრამდე მიღწევა“, - ამბობს კიევის მცხოვრები ტატიანა ლებედევა.

მოსკოვის ტაქტიკა არაფრით განსხვავდებოდა რამდენიმე დღით ადრე განხორციელებული თავდასხმებისგან, როდესაც 31 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა. უკრაინის დედაქალაქს რუსულმა არმიამ კვლავ ათობით ფრთოსანი, ბალისტიკური და ჰიპერბგერითი რაკეტით, ასევე სხვადასხვა ტიპის დრონით შეუტია.

ომში მყოფი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ცნობით, მათ შეძლეს მოწინააღმდეგის მიერ გაშვებული 363 საბრძოლო-საფრენი აპარატის ჩამოგდება, თუმცა იერიშების მასშტაბის გათვალისწინებით, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

მოსალოდნელი დარტყმების შესახებ რამდენიმე საათით ადრე სადაზვერვო ინფორმაცია მიიღო ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ანკარაში ნატოს სამიტის წინ პუტინს სურდა მორიგი ბოროტების ჩადენა და ადამიანების მკვლელობა.

„მშვიდობის დასამყარებლად, რუსეთზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ. უკრაინამ უკვე წარმოადგინა ყველა წინადადება და ყველა დიპლომატიური ვარიანტი. ველით, რომ უახლოეს თვეებში ღირსეული მშვიდობისათვის პირობები იქნება შექმნილი - ან ძალით ან დიპლომატიით.

დღეს გავაგრძელეთ მუშაობა საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით. ეს ძალიან რთულია. ჩვენ ყოველდღიური ცხოვრებისთვის აუცილებლად უნდა ვეძებოთ რაკეტები, განსაკუთრებით ბალისტიკური, ასევე დამატებითი სისტემები.

რამდენიმე დღის წინ ჩვენ დავუკავშირდით ჩვენს პარტნიორებს ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, საფრანგეთიდან და ამერიკიდან“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინამ მნიშვნელოვნად გაზარდა რუსულ ენერგოობიექტებზე დარტყმები, რის გამოც, როგორც კიევში მიაჩნიათ, კრემლის ხელმძღვანელობა გაბრაზებას ვერ მალავს და პასუხის გაცემას მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიშებით ცდილობს.

დაკავშირებული ამბები
კიევში ისევ მსხვერპლია რუსეთის მორიგი იერიშების შედეგად კიევი უკმაყოფილოა PURL-ის პროგრამით გათვალისწინებული შეიარაღების გადაცემის ტემპით