კატეგორიები

კიევი უკმაყოფილოა PURL-ის პროგრამით გათვალისწინებული შეიარაღების გადაცემის ტემპით

კიევი უკმაყოფილოა PURL-ის პროგრამით გათვალისწინებული შეიარაღების გადაცემის ტემპით
კიევი უკმაყოფილოა „უკრაინის პრიორიტეტულ საჭიროებათა სიის“ (PURL) პროგრამით გათვალისწინებული შეიარაღების გადაცემის ტემპით მას შემდეგ, რაც ომში მყოფი ქვეყნის დედაქალაქი რუსეთის მასირებული, კომბინირებული საჰაერო იერიშების სამიზნე გახდა, როგორც ბალისტიკური, ისე ფრთოსანი და ჰიპერბგერითი რაკეტებით, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით.

ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის, თუმცა გარკვეულწილად საყვედურებს ვაშინგტონს რომლის ყურადღება გასული თვეების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართა, უკრაინისადმი კი მოდუნდა, რამაც შტატები კიევ-მოსკოვს შორის შუამავლის როლიდან გამოთიშა.

„თქვენ თავად ხედავთ, რას ნიშნავს, როდესაც უკრაინას სამხედრო დახმარების პაკეტები დაგვიანებით მიეწოდება. ეს დიდი პრობლემაა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც არა მხოლოდ ბინები დაკარგეს. ეს ნიშნავს, რომ მათ დაკარგეს საკუთარი სახლი, საცხოვრებელი, შვილები, ოჯახები და, საბოლოოდ, სიცოცხლე.

ისინი რამდენიმე კვირის, შესაძლოა, რამდენიმე თვის წინაც იძახდნენ, რომ ჩამოვიდოდნენ უკრაინაში. მათ უნდა გააკეთონ ეს, რათა დაინახონ, გაიგონ და აუხსნან ამერიკის პრეზიდენტს, როგორ შეიძლება იმოქმედოს სტივ უიტკოფმა რუსეთში. ისინი უნდა მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და შეაჩერონ ეს ომი.

სწორედ ამიტომ ვისურვებდით, ჩამოსულიყვნენ, თუმცა, ვფიქრობ, ამ პროცესმა საკმაოდ დიდი დრო წაიღო.

მესმის, ახლო აღმოსავლეთშიცაა პრობლემები და, როგორც ვთქვი, მადლიერი ვარ მათი პოზიციისა და დახმარების სურვილისთვის, თუმცა ჩვენ გვჭირდება ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ სიტყვები“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კიევის დარნიცას რაიონში, რომელიც 2 ივლისის თავდასხმებისას ყველაზე მეტად დაზარალდა, ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა, უკრაინაში სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც მივიდნენ.

მათი შეფასებით, ამ მოცემულობაში გამოსავალი არის ყველა შესაძლო გზით ვლადიმერ პუტინის იძულება, მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას და დაასრულოს სრულმასშტაბიანი აგრესია.

„ვფიქრობ, როგორც მასშტაბით, ისე ხანგრძლივობით გუშინდელი თავდასხმები განსაკუთრებული სისასტიკის იყო. სადღაც წავიკითხე, რომ დაახლოებით 50 000-მა ადამიანმა კიევში ღამე თავშესაფრებში გაატარა.

სამწუხაროა, მაგრამ, ვფიქრობ, როგორც დიპლომატები, ჩვენ მტკიცედ ვართ განწყობილი უკრაინა ამ რთულ დროში სათანადო მხარდაჭერით უზრუნველვყოთ - იქნება ეს პოლიტიკური, სამხედრო თუ რაიმე სხვა.

ვიმედოვნებთ, დროდადრო რუსეთზე ზეწოლით, შევძლებთ მათი გათვლების შეცვლას, რათა ის სერიოზულად მივიდეს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების აუცილებლობის დასკვნამდე. ამჟამად აშკარაა, ვინ წარმოადგენს წინაღობას“, - განაცხადა უკრაინაში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, ნილ კრომპტონმა.

მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმებს, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სულ მცირე, 30 დაღუპული ჰყავს, თუმცა ეს მაჩვენებელი პერიოდულად ცვალებადია, ისევე როგროც დაშავებულთა რიცხვი, რომელიც 90-ს გადასცდა. მათ შორის კი არიან ბავშვები, ქალები და მოხუცები.

როგორც წინა იერიშებისას, მოსკოვში ახლაც განაცხადეს, რომ მათი სამიზნე უკრაინელთა სტრატეგიული სამხედრო ობიექტები იყო, თუმცა კიევი მომხდარს ტერორისტული თავდასხმებისგან არაფრით განასხვავებს.

მასირებული იერიშების დაწყებამდე, გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ხოლო პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაუყოვნებლივ შეწყვიტა ვიზიტი დუბლინში მას შემდეგ, რაც მიიღო სადაზვერვო ინფორმაცია კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით რუსეთის მასირებული იერიშების შესახებ.

კიევში ვარაუდობენ, რომ მოსკოვის ამგვარი ქმედებების მიზანი არის ბრძოლის ველზე წარუმატებლობის გადაფარვის მცდელობა.

დაკავშირებული ამბები
კიევი უკმაყოფილოა PURL-ის პროგრამით გათვალისწინებული შეიარაღების გადაცემის ტემპით მზარდია კიევზე რუსეთის დარტყმებისას დაღუპულთა რიცხვი