კატეგორიები

ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვისთვის ემზადებიან

ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვისთვის ემზადებიან
ირანში უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, დასაკრძალად ემზადებიან. მისი ცხედარი თეირანში, იმამ ხომეინის  მოსალაში გადაასვენეს. ასობით მოქალაქემ და სასულიერო პირმა პატივი მიაგო მის ხსოვნას.

პარასკევს ხამენეის ცხედარი დიდი მოსალას მეჩეთში გადაასვენეს. ცერემონიაში მონაწილეობდნენ ქვეყნის უმაღლესი სასულიერო პირები, სამხედრო ხელმძღვანელები და ხელისუფლების წარმომადგენლები. ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ხამენეისთან ერთად გამოასვენეს მისი ოჯახის რამდენიმე წევრის ცხედარიც, რომლებიც, თეირანის მტკიცებით, ისრაელის მიერ ომის პირველ საათებში მიტანილი ავიაიერიშის დროს დაიღუპნენ.

ოფიციალური სამგლოვიარო ცერემონია შაბათს დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. პროცესია ირანის სხვადასხვა ქალაქსა და მეზობელ ერაყშიც გაიმართება. 9 ივლისს კი აიათოლა ალი ხამენეის მშობლიურ ქალაქ მაშჰადში დაკრძალავენ.

86 წლის ალი ხამენეი ირანის უმაღლესი პოლიტიკური და რელიგიური ლიდერი თითქმის 37 წლის განმავლობაში იყო. ის ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი და სახელმწიფოს საბოლოო გადაწყვეტილებების მიმღები პირი იყო.

მის ხელში იყო კონცენტრირებული ქვეყნის პოლიტიკური, სამხედრო და რელიგიური ძალაუფლების მნიშვნელოვანი ნაწილი, მსოფლიოს მილიონობით შიიტი მუსლიმისთვის კი იგი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სასულიერო ლიდერად მიიჩნეოდა.

ხელისუფლება დაკრძალვის დღეებში უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს აამოქმედებს. თეირანში გადაიკეტება ცენტრალური ქუჩები, შეიზღუდება საჰაერო სივრცე და შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკიც. ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ პროცესიას მილიონობით ადამიანი დაესწრება.

ირანული მედია ამ მოვლენას 1989 წელს აიათოლა რუჰოლა ხომეინის დაკრძალვას ადარებს. ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებლის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე, ოფიციალური მონაცემებით, ათ მილიონზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. მრავალრიცხოვანი პროცესიის გამო ვითარება უკონტროლო გახდა.  მგლოვიარეები აიათოლა რუჰოლა ხომეინის ცხედართან მისვლას ცდილობდნენ, რის შედეგადაც დაკრძალვა დროებით გადაიდო. მაშინ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა. ეს დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან სამგლოვიარო ცერემონიად ითვლება თანამედროვე ისტორიაში.

სწორედ ამ გამოცდილების გათვალისწინებით, ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ხამენეის დაკრძალვისას უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები იქნება მიღებული, რათა ცერემონია მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს.

დაკავშირებული ამბები
ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვისთვის ემზადებიან ირანი აცხადებს, რომ დაბომბილ და დაზიანებულ ობიექტებზე ინსპექტორებს არ შეუშვებს