კატეგორიები

ბავარიული სტარტაპი ეკომეგობრულ შოკოლადს მზესუმზირას მარცვლებისგან ამზადებს

ბავარიული სტარტაპი ეკომეგობრულ შოკოლადს მზესუმზირას მარცვლებისგან ამზადებს
გიყვართ ტკბილეული? მოდი, უფრო მეტი გავიგოთ შოკოლადის მსოფლიოში პირველი ჩამნაცვლებლის შესახებ, რომელიც არ შეიცავს კაკაოს და მზესუმზირის მარცვლებისგან მზადდება. „ევრონიუსის“ გადაცემა „დამზადებულია ევროპაში“ ბავარიაში ჩავიდა, რათა ახალი პროდუქტის ChoViva-ს დამზადების საიდუმლო გაეგო.

ახლა უკვე შესაძლებელია, რომ შოკოლადიც მიირთვა და თან პლანეტას არავითარი ზიანი არ მიაყენო. ახალგაზრდა ბავარიელმა მეწარმემ ეკოლოგიური შოკოლადი შექმნა მზესუმზირის მარცვლებისგან ისე, რომ კაკაო საერთოდ არ ურევია. ეს ნიშნავს, რომ ამ პროდუქტის ტრანსპორტირებას უფრო მოკლე გზა სჭირდება და გარემოსაც ნაკლებ ზიანს აყენებს.

სარა მარკვარტმა   და მისმა ძმამ მაქსიმილიანმა უამრავი ჯილდო მიიღეს. მათ მიერ დაფუძნებული სტარტაპი „Planet A Foods“-ი რევოლუციას ახდენს საკონდიტრო ინდუსტრიაში. აქ, სამხრეთ გერმანიის უპრეტენზიო მხარეში, სარა პატენტს პატენტზე ქმნის. დღეს იგი შოკოლადის ალტერნატიული პროდუქტის ChoViva-ს რეცეპტზე ატარებს ცდას შეფმზარეულ ლუკასთან ერთად.

ლუკას გიოლდნერი, Planet A Foods-ის პროდუქტების განვითარების ხაზის ხელმძღვანელი და შეფმზარეული:

„ახლა უკვე გვაქვს საკუთარი ინგრედიენტები ChoViva-სთვის: პირველ რიგში, ეს არის კონცენტრატი, რომელიც ჩეხეთის ქალაქ პლზენიდან  ჩამოვიტანეთ და რომელიც ძირითადად შედგება მზესუმზირის მარცვლებისგან, შეიცავს შაქარსა და ბოსტნეულის ცხიმს. ChoViva-ს  მასა კარგად უნდა დამუშავდეს. ის მიქსერით უნდა გავათხევადოთ, რათა ChoViva-ს თხევადი, პრიალა, გემრიელი მასა მივიღოთ. მიქსერში მოთქვეფის შემდეგ ChoViva უნდა ჩამოვწუროთ.  მასას ვათხელებთ, რათა ცხიმი კარგად განაწილდეს. ეს ნიშნავს, რომ მასა უნდა გამყარდეს და როდესაც მას მაცივარში გააგრილებ, მიიღებ პრიალა და ხრაშუნა ტექსტურას.“

ეს სტარტაპი 2021 წელს დააფუძნეს. კომპანიაში დასაქმებული მკვლევრები და ტექნიკური მუშაკები 18 ქვეყნიდან არიან ჩამოსული. სამუშაო ენა ინგლისურია.

„ახლახან გამოვიღე ChoViva მაცივრიდან. მასა გამყარდა, ასე რომ, შეგვიძლია ცოტა ჩამოვატეხოთ და გემო გავუსინჯოთ,“ - ამბობს ლუკას გიოლდნერი. „მშვენივრად იმსხვრევა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი გემოა. ძალიან გემრიელია და პირში დნება,  კარგად იკბიჩება და შესანიშნავი არომატი აქვს“.

ევრონიუსი:

„საინტერესოა, რატომ ამჯობინეს მზესუმზირა კაკაოს?“

სარა მარკვარტი:

„არსებობს ასეთი პროგნოზი, რომ 2050 წლისთვის ამჟამად მოწოდებული კაკაოს ნახევარი გაქრება და სწორედ ამან დაგვაფიქრა,“ -განმარტავს  სარა მარკვარტი, Planet A Foods-ის თანადამფუძნებელი და  მთავარი ტექნოლოგი. „გარდა ამისა, უნდა გაითვალისწინო ისიც, რომ კაკაოს ძირითადად ორი ქვეყანა აწარმოებს - განა და კოტ-დ’ივუარი. მსოფლიოში მოხმარებული კაკაოს 80% სწორედ ამ ორ ქვეყანაზე მოდის. ეს ქვეყნები კი მდებაროებს რეგიონში, რომელსაც დიდ დარტყმას აყენებს კლიმატის ცვლილება. ეს ნიშნავს, რომ არც წვიმა მოდის, როცა საჭიროა და არც დარი დგება თავის დროზე. შედეგად, კაკაო ვეღარ მოჰყავთ“.

ევრონიუსი:

„რამდენად გიოცნებიათ ამაზე ბავშვობაში - თუ გიფიქრიათ, რომ როცა გაიზრდებოდით, შოკოლადის იმპერიის დედოფალი გახდებოდოთ?“

სარა მარკვარტი:

„ჩემი ბებია და ბაბუა ერთი მშობლის მხრიდან სურსათის ინდუსტრიაში იყვნენ დასაქმებული, მეორე მშობლის მხრიდან კი - ფერმერობას მისდევდნენ - ასე რომ, სურსათი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ერთ დროს სადოქტოროც დავწერე მოხალული ყავის არომატისა და სურნელის შესახებ. პირველად სწორედ მაშინ მივხვდი, რომ დამუშავების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საკვები გემრიელი იყოს“.

ევრონიუსი:

„რა გავლენა აქვს თქვენს პროდუქტს გარემოზე?“

სარა მარკვარტი:

„ჩვენი პროდუქტი CO2-ის გამონაბოლქვს 80 პროცენტით ამცირებს და სწორედ ეს გვაძლევს სტიმულს. ჩვენს კომპანიას მოტივაციას გარემოს დაცვა აძლევს“.

რეპორტაჟის მომზადებისას საფრანგეთში მომიხდა წასვლა, ელზასის რეგიონში, სადაც შევხვდი ენ-კატერინ ვაგნერ-აბტეის ცნობილი კომპანიის Abtey Chocolaterie-ის მფლობელსა და მმართველ დირექტორს.

ეს საშუალო ზომის საოჯახო ბიზნესი პირველი ფრანგული კომპანიაა, რომელმაც წარმოების ნაწილი შოკოლადის ალტერნატიულ პროდუქტს ChoViva-ს დაუთმო. შედეგად კომპანია გაფართოვდა და მეტი ადამიანი დაასაქმა. კომპანიის წლიური ბრუნვა 21 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ამ კომპანიას მსოფლიოს 47 ქვეყანაში გააქვს საქონელი ექსპორტზე.

ენ-კატერინ ვაგნერ-აბტეიმ წარმოება დამათვალიერებინა:

„ჩვენ საშუალო ზომის საოჯახო ბიზნესი გვაქვს. როგორც წესი, ადრე ძირითადად საშობაოდ და სააღდგომოდ ვმუშაობდით. ეს წელიწადის ყველაზე მნიშვნელოვანი დრო იყო ჩვენთვის. დღეს კი ChoViva-ს წყალობით ახალი ბაზრების კარი იღება ჩვენთვის, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ მთელი წელი ვიმუშაოთ.

ევრონიუსი:

„როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?“

ენ-კატერინ ვაგნერ-აბტეი:

„რადგანაც შოვივა ახალი პროდუქტია, ის უნდა მოგვერგო ჩვენი საწარმოო პროცესისთვის. ეს კი საკმაოდ სარისკო იყო, როგორც კაზინოში  თამაში. მანამდე ჩვენი დანადგარები მხოლოდ შოკოლადს ამუშავებდა და სულაც არ მინდოდა, ფული ახალ დანადგარებში ჩამედო, რადგან რისკისგან არ ვიყავით დაზღვეული. ამიტომ ცხრა თვის განმავლობაში ვიმუშავეთ კომპანია Planet A Foods-თან, რათა დანადგარები გადაგვეწყო.“

ევრონიუსი

„ფოტო-ალბომი მოგიტანიათ, თუ სწორად მივხვდი, ეს თქვენი ბებია-ბაბუას ფოტოებია?“

ენ-კატერინ ვაგნერ-აბტეი:

„ეს შოკოლადის ქარხნის 80-წლიანი ისტორიაა. ბაბუას შოკოლადის ოსტატის სერტიფიკატი ჰქონდა. პირველი დანადგარები მან საკუთარი სახლის სარდაფში დაამონტაჟა. და შემდეგ ბებოსთან ერთად ეს ფანტასტიკური ტანდემი შედგა. დღეს ძალიან ამაყი ვარ იმ საჩუქრის გამო, რომელიც მათ მისახსოვრეს და ვცდილობ, მოვუარო ამ ყველაფერს“.

 ევრონიუსი

„თქვენ ძალიან სერიოზული შოკოლადის კრიზისი გაიარეთ, კაკაოს კრიზისი. მაინც როგორ გადალახეთ ეს სირთულე?“

ენ-კატერინ ვაგნერ-აბტეი:

„2024 წლის იანვარში დაწყებული კაკაოს კრიზისი განსაკუთრებით საშიში იყო ჩვენთვის. კაკაოს დეფიციტზე იყო საუბარი. რა უნდა მექნა, თუ კაკაო გამითავდებოდა? რა უნდა ჩამეყარა დანადგარებში? 2024 წლის იანვარში ძალიან გამიმართლა, რომ გამოფენა-გაყიდვაზე შევხვდი სტარტაპს „პლანეტ ა ფუდსს“ Planet A Foods. იმედი გვქონდა, რომ რაღაც გამოსავალს მოვძებნიდით კაკაოს კრიზისთან დაკავშირებით, ისეთ გამოსავალს, რომელიც ჩვენს ღირებულებებს დაემთხვეოდა. ჩვენ ისევ ჩემი ბაბუას რეცეპტით ვამზადებთ შოკოლადს. თუმცა ჩვენთვის ისეთი ალტერნატიული რეცეპტებიც მნიშვნელოვანია, რომლებიც გემრიელიც იქნება, ეკომეგობრულიც და არც პლანეტას მიაყენებს ზიანს“.

ვაგნერ-აბტეის ქალიშვილი ელენაც ეხმარება ბიზნესის წარმოებაში. როცა ერთ მშვენიერ დღეს წარმოებას შვილები გადაიბარებენ, დიდი ხნის ისტორიის მქონე შოკოლადის კომპანია სამართავად უკვე ოჯახის მეოთხე თაობის ხელში აღმოჩნდება.

ისევ გერმანიაში - ბავარიაში დავბრუნდით. სტარტაპის მენეჯერი მარკვარტი თავის კოლეგასთან ერთად რამდენიმე კილო ხრაშუნა ნამცხვარს ყიდულობს, რათა დარწმუნდეს, რომ პროდუქტის ხარისხი მაღაზიის თაროზეც მოწოდების სიმაღლეზე დგას. კომპანია „პლანეტ ა ფუდსი“ Planet A Food  წელიწადში 10 ათას ტონა  ChoViva-ს აწარმოებს. მთელი ევროპის საკონდიტრო კომპანიები, მათ შორის მულტინაციონალურებიც, უბრალოდ ჭკუას კარგავენ შოკოლადის ჩამნაცვლებელ პროდუქტზე.

„ბოლო წლებში კაკაოს ფასი ჯერ გაორმაგდა, მერე გასამმაგდა, გაოთხმაგდა და გახუთმაგდა,“ - ამბობს სარა მარკვარტი. „ჩემი აზრით, ეს ყველა ჩვენგანის ჯიბეს დაეტყო.  ChoViva-ს მსგავსი ალტერნატივა კი გაცილებით იაფია“.

„საინტერესოა რას გვიქადის მომავალი? საით მივდივართ?“ - ვეკითხები სარას.

„გვინდა, შოკოლადის ინდუსტრიის მომავალი გარანტირებული იყოს, რისთვისაც მას რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე - ევროპაში წარმოებულ ინგრედიენტებს ვიყენებთ. სწორედ ამიტომ ჩვენი ოცნება და მისია ის არის, რომ ხვალ შოკოლადის ინდუსტრიის განუყრელ ნაწილად ვიქცეთ და შევქმნათ გარანტია იმისა, რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილებიც ჩაიტკბარუნებენ პირს შოკოლადით“ - განმარტავს სარა.

ავტორი: ჰანს ფონ დერ ბრელი

დაკავშირებული ამბები
ბავარიული სტარტაპი ეკომეგობრულ შოკოლადს მზესუმზირას მარცვლებისგან ამზადებს ესპანური სასურსათო პლატფორმა ორგანული ფერმერობის მიმდევრებს პირდაპირ მომხმარებელთან აკავშირებს