ახალი კვლევის თანახმად, ყავის დიდი რაოდენობით მოხმარება ღვიძლთან დაკავშირებულ დაავადებებს, მათ შორის ციროზსა და ონკოლოგიას მნიშვნელოვნად ამცირებს - საერთო ჯამში კი, ხელს უწყობს სიკვდილიანობის კლებასაც.
შესაბამისი დაკვირვების შედეგები გამოქვეყნებულია აშშ-ის გასტროენტეროლოგთა ასოციაციის ოფიციალურ პრაქტიკულ გამოცემაში, რომლის მიხედვითაც მკვლევრებმა გაანალიზეს ბრიტანული ბიობანკის 350 000-ზე მეტი წევრის მონაცემი, რომლებსაც 13 წლის განმავლობაში ამუშავებდნენ.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ისინი, ვინც დღეში ხუთ ან მეტ ფინჯან ყავას სვამენ, ღვიძლის ციროზის განვითარების 32%-ით უფრო დაბალი რისკის წინაშე არიან, ამ ორგანოს ონკოლოგიური დაავადებების პროგრესირების მაჩვენებელი კი 47%-ით ნაკლებია.
კვლევის მონაწილეებს, რომლებიც მეტ ყავას სვამდნენ, ღვიძლში ჰქონდათ ცხიმის, ფიბროზისა და ანთების განვითარების დაბალი მაჩვენებლები, მათთვის ჩატარებულმა სისხლის ანალიზმა კი აჩვენა ცილის მაღალი რაოდენობა, რაც ორგანოს ჯანსაღ ფუნქციასთან არის დაკავშირებული.
საგულისხმოა, რომ დაკვირვების პროცესში ჩართული მედიკოსების თქმით, ჯანმრთელობის დადებით პარამეტრებს ხელს არ უწყობს კოფეინი, რადგან ამ სტიმულატორის გარეშე მომზადებული ყავის მიმღებ პირებსაც იგივე შედეგები დაუფიქსირდათ.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის, შელი ლუს თქმით, ყავა ღვიძლის ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს ანთებისა და ნაწიბუროვანი ქსოვილის, ანუ ფიბროზის წარმოქმნის პროცესების საშუალებით.
როგორც წესი, კოფეინის უსაფრთხო დღიური დოზა ზრდასრულთა უმეტესობისთვის 400 მილიგრამამდეა, რაც დაახლოებით ოთხ ფინჯან ყავას ან ჩაის შეესაბამება.
ამავდროულად, სპეციალისტები იმ აზრზე არიან შეჯერებული, რომ ადამიანმა ყურადღება უნდა მიაქციოს ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვას, ჯანსაღი წონის შენარჩუნებას, რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას, ასევე აკონტროლოს სისხლში შაქრის დონე, არტერიული წნევა და ქოლესტერინი.
კოფეინის ჭარბმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის გახშირება, გულის ფრიალი, არტერიული წნევის მომატება, შფოთვა და ძილის დარღვევები.
