ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოგზაურთა დოკუმენტების შემოწმების ციფრული სისტემა, შესვლა-გასვლის სისტემა (EES), სადღესასწაულო სეზონის პიკის მოახლოებასთან ერთად შეფერხებებს იწვევს. ამის გამო ავიაკომპანიებისა და აეროპორტების წარმომადგენლობითმა ასოციაციებმა ივლისსა და აგვისტოში, საჭიროების შემთხვევაში, ამ სისტემის შეჩერება მოითხოვეს. ევროკომისიამ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდება.
„ყველაფერს ვაკეთებთ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოგზაურებზე ზემოქმედების შესამცირებლად. ევროკავშირის აეროპორტების დიდ ნაწილში ეს გავლენა მართლაც შეზღუდულია და იმ შემთხვევაში, თუ წევრი სახელმწიფოები ვერ უზრუნველყოფენ საჭირო ოპერატიულ შესაძლებლობებს, რაც ნიშნავს საკმარისი რაოდენობის სასაზღვრო დაცვის თანამშრომლების, შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ავტომატიზებული სასაზღვრო კონტროლის გადაწყვეტილებების ჩართვას, კომისია დაეხმარება მათ და ავიაციის ინდუსტრიას მხარს დაუჭერს ახალი სისტემის დანერგვაში.“ - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა.
შესვლა-გამოსვლის სისტემა, რომელიც სრულად აპრილში ამოქმედდა, ამჟამად შენგენის თავისუფალი მოგზაურობის ზონის 29 ქვეყნის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გარე საზღვრებზე მოქმედებს.
მოკლე ვიზიტების დროს, რაც 180 დღის განმავლობაში 90 დღეს გულისხმობს, პასპორტის შტამპები ციფრული სისტემით შეიცვლება.
ამ სქემით გროვდება მოგზაურთა ბიომეტრიული ინფორმაცია, როგორიცაა ფოტოსურათი და თითის ანაბეჭდები, სამგზავრო დოკუმენტებიდან აღებული პერსონალური მონაცემები.
სისტემა მიზნად ისახავს სასაზღვრო შემოწმების დაჩქარებასა და არალეგალური მიგრაციის თავიდან აცილებას.
თუმცა რეფორმამ აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში გამოიწვია ოპერაციული შეფერხებები, რომლებიც ფრენებსა და გადაჯდომაზე დაგვიანებას გულისხმობს.
