კიევისთვის მორიგმა მძიმე ღამემ მძლავრი აფეთქებებისა და საჰაერო განგაშის ხმების ფონზე ჩაიარა - უკრაინის დედაქალაქს 2 ივლისის გამთენიისას რუსულმა არმიამ შორი მოქმედების, მაღალი სიზუსტის ბალისტიკური, ფრთოსანი და ჰიპერბგერითი რაკეტებით, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია.
სამიზნე კვლავ სამოქალაქო ობიექტები გახდა - კიევის დარნიცას რაიონში, ფაქტობრივად, სრულად არის ჩამონგრეული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ათობით მოქალაქე ნანგრევების ქვეშ მოყვა.
დაღუპულთა რაოდენობა პერიოდულად იცვლება, თუმცა მსხვერპლის რიცხვი უკვე აღემატება 13 ადამიანს.
დარტყმების ქვეშ მოექცა სამედიცინო დაწესებულებები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები დაშავებულთა დასახმარებლად დაუყოვნებლივ გაემართნენ, მოქალაქეებმა კი დედაქალაქის მეტროსადგურებს თავი შეაფარეს.
„რა ემოციები უნდა მქონდეს? საშინელებაა. უბრალოდ მინდა, მოვკვდე და აღარავის ვხედავდე. ამ და იმ ოთახებში ფანჯრები სულ ჩამტვრეულია, სამზარეულოშიც. ხედავთ, რა ხდება?“ - ამბობს კიევის მცხოვრები ლიუდმილა ციაპკოვა.
როგორც წესი, მსგავსი იერიშებისას, მოსკოვი იუწყება, რომ უკრაინელთა სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებს ანადგურებს, თუმცა კიევი მომხდარს ტერორისტული თავდასხმებისგან არაფრით განასხვავებს.
მასირებული იერიშების დაწყებამდე, გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ხოლო პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაუყოვნებლივ შეწყვიტა ვიზიტი დუბლინში მას შემდეგ, რაც მიიღო სადაზვერვო ინფორმაცია კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით რუსეთის მასირებული იერიშების შესახებ.
მოგვიანებით მან პლატფორმა X-ზე პოსტი გამოაქვეყნა:
„საერთო ჯამში, ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 70-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, მათი თითქმის ნახევარი ბალისტიკურია, ასევე 500 დამრტყმელი დრონი, მათ შორის „შაჰედის“ ტიპის. ძირითადი იერიშები კიევზე განხორციელდა. ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეძლეს მოახლოებული სამიზნეების მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოგდება, თუმცა არა ყველასი. უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. უკიდურესად აუცილებელია PURL-ის პროგრამაში ინვესტიციაც - ის პირდაპირ ეხმარება ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენას…“
უკრაინული სპეციალური სამსახურების თანახმად, მოსკოვი კიევის წინააღმდეგ უფრო ფართომასშტაბიან სამხედრო კამპანიას გეგმავს, რომლის მიზანი ქვეყნის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანა, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამძაფრებული აგრესია და მოქალაქეთა შორის შიშის დანერგვით, სამხედრო თვალსაზრისით, უკრაინის დემორალიზაციაა.
1-ელ ივლისს აშშ-ის „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, სამხედრო მოსამსახურეებს შორის დანაკარგის რაოდენობა ორ მილიონს აჭარბებს, თანაც მსხვერპლის უმრავლესობა რუსულ ჯარზე მოდის.
კიევში მიაჩნიათ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე მსგავსი თავდასხმებით, მოსკოვი, ერთი მხრივ, ცდილობს, გადაფაროს ბრძოლის ველზე არსებული წარუმატებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, უპასუხოს უკრაინის შეიარაღებული ძალების გააქტიურებულ დარტყმებს რუსულ ენერგოობიექტებზე.
ომში მყოფი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრი სიბიჰამ პარტნიორ სახელმწიფოებს მოუწოდა, კიევისთვის მორიგი ტრაგიკული ღამის შემდეგ, ნუ გააჭიანურებენ საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს, რითაც შესაძლებელი გახდება რუსული აგრესიის შეკავება.
