კატეგორიები

რუსეთის დრონების მწარმოებლებს ევროკავშირი დაასანქცირებს

რუსეთის დრონების მწარმოებლებს ევროკავშირი დაასანქცირებს
ევროკავშირმა ახალი სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადა იმ რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსების წინააღმდეგ, რომლებიც „შაჰედისა“ და „ჰერანის“ ტიპის დრონების კომპონენტებს აწარმოებენ.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევრობლოკის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია მას შემდეგ, რაც კიევი რუსული შეიარაღებული ძალების კომბინირებული საჰაერო დარტყმების სამიზნე გახდა, რასაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი და ათობით ადამიანის მძიმედ დაშავება მოჰყვა.

დიპლომატის თქმით, ეს არის ევროპის პასუხი რუსულ აგრესიაზე და, როგორც კალასი ამბობს, „რაც უფრო მეტად ესხმის თავს მოსკოვი მშვიდობიან მოსახლეობას, მით უფრო მეტი სანქციის დაწესების აუცილებლობა არსებობს“. ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს ომის საფასური და მკაფიოდ გაიგოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ გამარჯვებას ვერ მოიპოვებს“.

საგულისხმოა, რომ სამხედრო-სამრეწველო ობიექტების წინააღმდეგ შეზღუდვები არ არის ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის ნაწილი, რომელსაც ამჟამად ევროპული სახელმწიფოების ხელისუფლებები განიხილავენ და, როგორც მოსალოდნელია, მათ ივლისის შუა პერიოდში დაამტკიცებენ.

ბრიუსელის თანახმად, ამის ნაცვლად შემუშავებულია ახალი მეთოდოლოგია, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. „წერტილოვანი სანქციების“ შემოღებას უფრო ფართო პაკეტის დამტკიცების გარეშე.

როგორც Euronews-ისთვის გახდა ცნობილი, ევრობლოკის ხელმძღვანელობის მიერ შემოთავაზებული შეზღუდვების სამიზნე გახდა ხუთი ორგანიზაცია და ერთი ფიზიკური პირი, რომლებიც მონაწილეობენ რუსული უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობის გაზრდაში, დამატებითი კომპონენტების შემუშავების ან/და წარმოების გზით.

მოსალოდნელია, რომ საკითხი 8-დან 13 ივლისის პერიოდში იქნება განხილული და, სავარაუდოდ, დამტკიცებული.

დაკავშირებული ამბები
ევროკომისია სომხეთს დამატებით 18 მილიონ ევროს გამოუყოფს რუსეთის დრონების მწარმოებლებს ევროკავშირი დაასანქცირებს