კიევში რუსული არმიის მასირებული საჰაერო იერიშების შედეგად, დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე 20-ს შეადგენს, თუმცა ეს მაჩვენებელი პერიოდულად ცვალებადია. უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონის საცხოვრებელი ზონები ნანგრევებადაა ქცეული.
კიევში 3 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
საგანგებო სიტუაციების მართვისა და მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლები უწყვეტად განაგრძობენ აგრესორის მძლავრი დარტყმებისას დაზარალებულთათვის და დაშავებულთათვის დახმარების გაწევას. მათ შორის კი არიან ბავშვები, ქალები და მოხუცები.
მოსკოვის სამიზნე კვლავ სამოქალაქო ობიექტები გახდა - კიევის დარნიცას რაიონში, ფაქტობრივად, სრულად არის ჩამონგრეული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ათობით მოქალაქე ნანგრევების ქვეშ მოყვა - ადგილზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მივიდა და ვითარებას გაეცნო.
თავდასხმები განხორციელდა სამედიცინო დაწესებულებებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
„ამჟამად ნოვოდარნიცკის ქუჩაზე ვიმყოფებით, სადაც რაკეტა პირდაპირ ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობას მოხვდა. დღეს რაკეტებითა და დრონებით კიდევ 20 მსგავსი დარტყმა იყო. 20 საცხოვრებელი შენობა სერიოზულად დაზიანდა ან ნაწილობრივ ჩამოინგრა. ნამსხვრევებისა და დამრტყმელი ტალღის შედეგად, კიდევ ასობით სახლია დაზიანებული“, - განაცხადა უკრაინის შს მინისტრმა, იჰორ კლიმენკომ.
კიევისთვის მორიგმა მძიმე ღამემ მძლავრი აფეთქებებისა და საჰაერო განგაშის ხმების ფონზე ჩაიარა - უკრაინის დედაქალაქს 2 ივლისის გამთენიისას რუსულმა არმიამ შორი მოქმედების, მაღალი სიზუსტის ბალისტიკური, ფრთოსანი და ჰიპერბგერითი რაკეტებით, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია.
სიცოცხლის გადასარჩენად, მოქალაქეებმა დედაქალაქის მეტროსადგურებს თავი შეაფარეს.
როგორც წინა იერიშებისას, მოსკოვში ახლაც განაცხადეს, რომ მათი სამიზნე უკრაინელთა სტრატეგიული სამხედრო ობიექტები იყო, თუმცა კიევი მომხდარს ტერორისტული თავდასხმებისგან არაფრით განასხვავებს.
მასირებული იერიშების დაწყებამდე, გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ხოლო პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაუყოვნებლივ შეწყვიტა ვიზიტი დუბლინში მას შემდეგ, რაც მიიღო სადაზვერვო ინფორმაცია კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით რუსეთის მასირებული იერიშების შესახებ.
უკრაინული სპეციალური სამსახურების თანახმად, მოსკოვი კიევის წინააღმდეგ უფრო ფართომასშტაბიან სამხედრო კამპანიას გეგმავს, რომლის მიზანი ქვეყნის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანა, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამძაფრებული აგრესია და მოქალაქეთა შორის შიშის დანერგვით, სამხედრო თვალსაზრისით, უკრაინის დემორალიზაციაა.
1-ელ ივლისს აშშ-ის „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, სამხედრო მოსამსახურეებს შორის დანაკარგის რაოდენობა ორ მილიონს აჭარბებს, თანაც მსხვერპლის უმრავლესობა რუსულ ჯარზე მოდის.
კიევში მიაჩნიათ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე მსგავსი თავდასხმებით, მოსკოვი, ერთი მხრივ, ცდილობს, გადაფაროს ბრძოლის ველზე არსებული წარუმატებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, უპასუხოს უკრაინის შეიარაღებული ძალების გააქტიურებულ დარტყმებს რუსულ ენერგოობიექტებზე.
ომში მყოფი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრი სიბიჰამ პარტნიორ სახელმწიფოებს მოუწოდა, კიევისთვის მორიგი ტრაგიკული ღამის შემდეგ, ნუ გააჭიანურებენ საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს, რითაც შესაძლებელი გახდება რუსული აგრესიის შეკავება.
