ირანი აცხადებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებს დაბომბილ და დაზიანებულ ობიექტებზე არ შეუშვებს. პარალელურად კი ვაშინგტონი ამბობს, რომ ირანის ბირთვული განიარაღების პროცესი „კარგად მიდის“.
ირანის პარლამენტის თავმჯდომარე და ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში თეირანის ხელმძღვანელობის მთავარი წარმომადგენელი, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი ირწმუნება, რომ ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესმა საბჭომ ამ ეტაპზე ინსპექტორებს მხოლოდ ორი ობიექტის მონახულების უფლება მისცხა - მათგან ერთი ბუშერის ატომუტი ელექტროსადგური, მეორე კი თეირანის კვლევითი რეაქტორია.
„რაც არ უნდა მოხდეს, დაბომბილ და დაზიანებულ ობიექტებზე წვდომა არ იქნება. ეს კანონია. ეროვნული უსაფრთხოების უზენაესმა საბჭომ ამ ობიექტების მონახულების ნებართვები გასცა. და ამ ეტაპზე მათ მხოლოდ ორი ობიექტის მონახულების უფლება აქვთ - ერთი ბუშერის და მეორე თეირანის რეაქტორი. სულ ეს არის. ამ ობიექტებზე აქთ წვდომა და ჩვენ ამ ვალდებულებას ვიცავთ“, - განაცხადა ირანის პარლამენტის სპიკერმა.
ღალიბაფმა ეს კომენტარი სახელმწიფო მედიასთან ინტერვიუში მას შემდეგ გააკეთა, რაც ოთხშაბათს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის წარმომადგენლებმა შუამავალი კატარისა და პაკისტანის დიპლომატებთან შეხვედრები ცალ-ცალკე გამართეს. მასპინძელი კატარის განცხადებით, მოლაპარაკებებმა პროგრესი მოიტანა და განხილვების გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ.
როგორც კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მაჯედ ალ-ანსარი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, შემდეგი შეხვედრა ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვიდან „რაც შეიძლება მალე“ გაიმართება.
პარალელურად, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანთან „ძალიან კარგი“ ურტიერთობა აქვს და რომ ისლამური რესპუბლიკის ბირთვული განიარაღების პროცესიც „ძალიან კარგად“ მიდის.
„ირანის ბირთვული განიარაღების პროცესი ძალიან კარგად მიდის. მათ ძალიან კარგი შეხვედრები ჰქონდათ და ვნახოთ, რა მოხდება. როგორც იცით, სამი ღამის განმავლობაში ძალიან ძლიერად ვურტყამდით. მაგრამ ახლა ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. მე ამას ბირთვულ განიარაღებას ვუწოდებ. ეს ხდება და ყველაფერი კარგად მიდის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპის ვიცე პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი კი ამბობს, რომ დოჰას მოლაპარაკებების ფოკუსი ჯერ-ჯერობით ჰორმუზის სრუტეა.
მანვე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები ჯერ ისევ საკმაოდ ადრეულ ეტაპზეა, თუმცა კარგად მიდის.
„ამჟამად ტექნიკურ საკითხებზე მომლაპარაკებლები ირანელებთან, კატარელებთან და სხვა მხარეებთან ერთად დოჰაში სხედან და გარკვეულ დეტალებს განიხილავენ. ცდილობენ დარწმუნდნენ, რომ კომერციული გადაზიდვები ნამდვილად... ეს პროცესი უკვე ძალიან პოზიტიური მიმართულებით წავიდა. ნავთობის ფასი ახლა 68 დოლარია. ბენზინის ფასებიც კლებას იწყებს. თუმცა მათი მთავარი ფოკუსი ახლა იმაში დარწმუნებაა, რომ ამ პროგრესს შევინარჩუნებთ. ამის შემდეგ, ცხადია, ბირთვული საკითხიც გვაღელვებს და მის განხილვასაც დავიწყებთ. ასე რომ, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს. ჯერ საკმაოდ ადრეული ეტაპია, მაგრამ პროცესი კარგად მიდის.
ირანის სისტემაში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, არიან ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ მათი მთავრობის 47-წლიანი პოლიტიკა შეცდომა იყო და რომ მათ შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებთან მათი ურთიერთობები უნდა შეცვალონ. ამავე დროს, არიან ისეთებიც, რომლებიც კვლავ ძველ მიდგომებს არიან მიჯაჭვულნი. ჩვენ გვგონია, რომ მათთვის, ვინც ახალი ფურცლის გადაშლას ცდილობდა, კარგი დროა. სწორედ ამიტომ ვაპირებთ, მოლაპარაკებებს წარმატების მისაღწევად მაქსიმალური შანსი მივცეთ“, - თქვა ჯეი დი ვენსმა.
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევისთვის თუკი თეირანის ბირთვული პროგრამის აღდგენას შეეცდება, ინსპექტორების დაშვებაზე უარს იტყვის, ან კომერციულ გემებზე თავდასხმებს განაახლებს, პრეზიდენტ ტრამპს მაგიდაზე სხვა ბევრი ვარიანტი რჩება.
