კატეგორიები

ბრექსიტის საკითხებში ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი: „ევროკავშირის კარი ღიაა დიდი ბრიტანეთისთვის“

ბრექსიტის საკითხებში ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი: „ევროკავშირის კარი ღიაა დიდი ბრიტანეთისთვის“
10 წელი გავიდა დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმიდან, რომლითაც ქვეყანამ ხმა ევროკავშირიდან გასვლას მისცა. ამ ისტორიული რეფერენდუმის 10 წლისთავზე ბრექსიტის მოლაპარაკებებში ევროკავშირის მთავარმა წარმომადგენელმა მიშელ ბარნიემ „ევრონიუსს“ განუცხადა, რომ  ევრობლოკის კარი ღიაა გაერთიანებული სამეფოსთვის, თუმცა ლონდონი ევროკავშირის პოლიტიკიურ მიმართულებებს შორის მხოლოდ მისთვის სასურველს ვერ აირჩევს.

მარია ტადეო, ევრონიუსი: „ბატონო ბარნიე, თქვენ ბრექსიტის პროცესის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ბრძანდებოდით. როგორია თქვენი შეფასება ათი წლის შემდეგ?“

მიშელ ბარნიე, ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი ბრექსიტის მოლაპარაკებებში: „ბრექისტიდან ათი წლის თავზე ეს მოვლენა ორივე მხარისთვის ისევ წამგებიანია. ასე რომ, უნდა გავაკეთოთ დასკვნები, თუ რა იყო ბრექსიტის მიზეზები, რატომ მისცა ბრიტანელების 52%-მა ხმა ევროკავშირის წინააღმდეგ. ბრიუსელი ყველა ნაციონალისტისთვის, მათ შორის ნაიჯელ ფარაჟისა და ბორის ჯონსონისთვის - ერთგვარი განტევების ვაცი იყო. ყველამ იცის, რომ ეს ასე არ არის. პასუხების, გადაწყვეტილებების ნაწილი ბრიუსელშია. მაგრამ მხოლოდ ნაწილი.  პასუხების უფრო დიდი წილი ლონდონზე, ან  რეგიონებზე მოდის. თუმცა, მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ბრექსიტი შედგა, ის უკვე ძალაშია და ახლა რაც შეიძლება, კარგად უნდა ვიმუშაოთ. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც მიღწეულია და სხვა არჩევანის საშუალება აღარ იქნება.  თუმცა ჩვენ უამრავ საკითხზე უნდა ვიმუშაოთ დიდ ბრიტანეთთან ერთად ევროპის სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით, ჩემი აზრით“.

მარია ტადეო, ევრონიუსი: „როდესაც გისმენთ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ, თქვენი აზრით, ეს პროცესი უკვე დასრულდა. ევროკავშირში დაბრუნების ირგვლივ წამოწყებული საუბარი ფანტაზიაა?“

მიშელ ბარნიე, ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი ბრექსიტის მოლაპარაკებებში: „არა, ასე არ ვფიქრობ. მიმაჩნია, რომ ათი წლის წინ სუვერენული კენჭისყრის გზით მიღებული გადაწყვეტილება ბრექსიტის შესახებ სისრულეშია მოყვანილი. მაგრამ მომავალი ახალ კარს ხსნის და ეს კარი ღიაა“.

მარია ტადეო, ევრონიუსი: „კარი ღიაა?“

მიშელ ბარნიე, ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი ბრექსიტის მოლაპარაკებებში: „დიახ, კარი ღიაა და დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა პარტიებმა კარგად იციან პირობები“.

მარია ტადეო, ევრონიუსი: „მაინც როგორია ეს პირობები? რადგან, ჩემი აზრით, დიდ ბრიტანეთში ის ხალხი, რომელმაც ბრექსიტის დანერგვა სცადა, ჩიხში აღმოჩნდა ეკონომიკის კუთხით, რადგან ამ მიდგომამ არ გაამართლა. ხოლო იმათ, ვინც გადატვირთვას ცდილობს, უჭირთ იმის ახსნა, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს“.

მიშელ ბარნიე, ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი ბრექსიტის მოლაპარაკებებში: „შეუძლებელია, ნამცხვარი თან ჭამო და თან ხელუხლებლად დაგრჩეს. ორ ქორწილში ერთდროულად ვერ იცეკვებ. ასე რომ, პირობები დღესავით ნათელია. თუ გინდა, ერთიან ბაზარს შეუერთდე და თან არ იყო კავშირის წევრი, შეხედეთ ნორვეგიის მაგალითს.  ნორვეგია ერთიანი ბაზრის წევრია. ეს მათი არჩევანი იყო და სწორი არჩევანიც, რომელიც, ჩემი აზრით,  ორივე მხარისთვის სასარგებლოა. თუმცა მათ არ ისურვეს ევროკავშირის წევრობა. ასე რომ, ეს სავსებით დასაშვებია. მაგრამ ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც ერთიან ბაზარზე სურს ყოფნა, მთავარი პირობაა ე.წ. ოთხი თავისუფლების განუხრელად დაცვა“.

მარია ტადეო, ევრონიუსი: „ასეთი გადაწყვეტილებები რომ მიიღოს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ძალიან გაბედული არჩევანის გაკეთება მოუწევს. რამდენად ხედავთ ისეთ პოლიტიკურ გაბედულებას გაერთიანებულ სამეფოში, რომ საზოგადოებას უთხრან ასეთი რამ: „ვაპირებთ იმ პროცესის დაწყებას, რომელმაც შესაძლოა ისევ ევროკავშირში დაგვაბრუნოს?“

მიშელ ბარნიე, ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი ბრექსიტის მოლაპარაკებებში: „ახალი მოლაპარაკებების წამოწყება დიდი ბრიტანეთის სუვერენული გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ საამისოდ აუცილებელი წინაპირობები სავსებით გასაგებია. ჩემი აზრით, ამას დრო დასჭირდება. ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი რამის ერთად გაკეთება მოგვიწევს. მაგალითად, თავდაცვის, უსაფრთხოების, მომსახურების სფეროში თანამშრომლობის, ასევე ხელოვნური ინტელექტისა და ახალი ტექნოლოგიების სფეროში ინვესტირების კუთხით. მიმაჩნია, რომ უამრავი რამ უნდა გავაკეთოთ ერთად. მე შევთავაზე კიდეც დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის წამახალისებელი სააგენტოს შექმნა. ეს შესაძლოა იყოს რაღაც ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მსგავსი ამჟამად მოქმედი ინსტიტუტების ბაზაზე, რომელიც ღია იქნება ისეთი ქვეყნებისთვისაც, რომლებიც აღარ არიან ან ჯერ კიდევ არ არიან ევროკავშირის წევრები, მაგალითად, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი.  თუმცა ეს ნორვეგიასა და უკრაინასაც ეხება“.

მარია ტადეო, ევრონიუსი:  „ნაიჯელ ფარაჟი, რომელსაც ჯერ კიდევ ბრიუსელიდან იცნობთ,  ყველგან ბრექსიტსა და დიდი ბრიტანეთის გათავისუფლებაზე ლაპარაკობდა. ახლა კი მას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს გამოკითხვებში დიდ ბრიტანეთში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ითქვას, მან ფაქტობრივად მან ვერ შეძლო დანაპირების შესრულება. ეს არ გიკვირთ?“

მიშელ ბარნიე, ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი ბრექსიტის მოლაპარაკებებში: „ეს მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში და ნებისმიერ ქვეყანაში, იმავე საფრანგეთშიც, ხალხის პრობლემების მოგვარებას უნდა მოვკიდოთ ხელი. ეს პრობლემები კი ძალიან სერიოზულია. მრავალ ქვეყანაში ხალხი უკმაყოფილოა უმუშევრობის დონით, საჯარო სერვისებით, ჯანდაცვით, ტრანსპორტით, უკონტროლო მიგრაციით. ეს პრობლემები სწორი გზით უნდა გადავჭრათ. აი, ამით არის ფარაჟი განსხვავებული. თავის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ფარაჟმა განაცხადა, რომ ყოველდღე და ყოველღამე „ყველაფერი ბრიუსელის პასუხისმგებლობა იყო“, ის იყო განტევების ვაცი. ეს არ იყო მართალი, თუმცა ახლა ფარაჟს აღარ ჰყავს ეს განტევების ვაცი, თუმცა მაინც შეუძლია ხალხის პრობლემების გამოყენება. ასე რომ, სწორი პასუხები უნდა ვიპოვოთ და სწორი მიმართულებით როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე“.

მარია ტადეო, ევრონიუსი: „ურთიერთობის აღდგენა რომ მართლაც დაიწყოს, რა უნდა გააკეთოს ევროკომისიის ხელმძღვანელმა? მაინც როგორ უნდა პარტნიორობის განახლება, თუკი დასაშვებია, რომ დიდი ბრიტანეთი ერთ დღეს ისევ შეუერთდება კავშირს გარკვეული დოზით?“

მიშელ ბარნიე, ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი ბრექსიტის მოლაპარაკებებში: „ვიმეორებ, დისკუსიის გახსნა დიდმა ბრიტანეთმა უნდა აირჩიოს და ჩვენ მზად ვართ. კარი ღიაა და თუ მოინდომებს, ახალი მოლაპარაკებები დაიწყება“.

მარია ტადეო, ევრონიუსი: „საინტერესოა, თუკი დიდი ბრიტანეთი დაბრუნებას გადაწყვეტს იმის გათვალისწინებით, რომ, დავუშვათ, თავად ხალხი გააკეთებს ამ არჩევანს და იტყვის, ვცადეთ, არ გაამართლა და ისევ უკან გვინდა კავშირშიო. ეს პროცესი ისევ ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდება, როგორც, მაგალითად, უკრაინის მსგავსი ქვეყნის შემთხვევაში? თუ უმრავლესობა იტყვის: „კარგი რა, ისინი ხომ უკვე იყვნენ კავშირში, დაჩქარებაც შეიძლება“.

მიშელ ბარნიე, ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი ბრექსიტის მოლაპარაკებებში: „მაგრამ ამის პასუხი დიდი ბრიტანეთის ხელშია. თუკი ამიერიდან იმ დრომდე, როცა ახალი მოლაპარაკებები დაიწყება, დიდი ბრიტანეთი მეტისმეტად განსხვავებულ სტანდარტებზე გადავა სურსათისა და უსაფრთხოების სფეროებში, მაშინ პრობლემა შეგვექმნება. და ამას დრო დასჭირდება, გაცილებით მეტი დრო. საქმე ისაა, რომ თუკი ჩვენს შორის სხვაობა არ იქნება, თუკი არსებითი განსხვავება არ გვექნება, მაშინ პროცესი ძალიან სწრაფად წავა წინ. ყოფილი წევრისთვის განკუთვნილ პროცესს ვერ შევადარებთ და ვერ ავურევთ იმ პროცესთან, რომელიც გარკვეულმა ახალმა ქვეყნებმა უნდა გაიარონ, რომელთაც ევროკავშირში შესვლა სურთ“.

მარია ტადეო, ევრონიუსი: „და რას გკარნახობთ თქვენი პოლიტიკური ინსტინქტი, როგორ გგონიათ, ეს საუბარი იმიტომ დაიწყო, რომ ბერქსიტმა ვერ დადო დაპირებული შედეგები? თუ დონალდ ტრამპის ფაქტორც დაემატა, რის შემდეგაც ევროპელებმა გააცნობიერეს, რომ ერთად უნდა დადგნენ?“

მიშელ ბარნიე, ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი ბრექსიტის მოლაპარაკებებში:  „მაგრამ აუცილებლად უნდა განვმარტოთ, რომ ევროპა აღარ არის ისეთი, როგორიც ათი წლის წინ იყო, როცა ის დიდმა ბრიტანეთმა დატოვა. ჩვენ უამრავი ცვლილება განვიცადეთ კარგი მიმართულებით, ჩემი აზრით, კოვიდის კრიზისის, უკონტროლო მიგრაციისა და 15 წლისწინანდელი ფინანსური კრიზისის გამო, რომელსაც დაემატა ომი - რუსეთის აგრესია უკრაინაში. შესაბამისად, თითოეულ ხსენებულ კრიზისს ევროკავშირმა, ჩემი აზრით, სწორი პასუხი გასცა. ამიტომ ის ფაქტი, რომ ამერიკის პრეზიდენტი ასეთი აგრესიულია ჩვენს მიმართ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს“.

მარია ტადეო, ევრონიუსი: „იმიტომ, რომ, როგორც თქვენ ამბობთ, ამერიკა აღარ მოვა ევროპის დასახმარებლად“.

 მიშელ ბარნიე, ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი ბრექსიტის მოლაპარაკებებში: „ნება მომეცით, გითხრათ. ერთმანეთში ნუ აურევთ ამერიკის მოქმედ პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ მოკავშირეები და მეგობრები დავრჩებით“.

მარია ტადეო, ევრონიუსი: „გჯერათ, რომ ურთიერთობა ძველებურად გაგრძელდება ტრამპის შემდეგ?“

მიშელ ბარნიე, ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი ბრექსიტის მოლაპარაკებებში: „ამის იმედი მაქვს“.

მარია ტადეო, ევრონიუსი: „მაგრამ ბრექსიტის შემდეგ მივიღეთ ისეთი რეალობა, როდესაც ევროკავშირიდან გასვლის აზრი აღარ არის პოპულარული. აღარ გვესმის რამე საფრანგეთისა თუ იტალიის გასვლაზე, ეს აზრი, ფაქტობრივად, გაქრა. ევროკავშირში პოპულისტები ახლა მის შიგნიდან შეცვლაზე საუბრობენ და არა კავშირიდან გასვლაზე“.

მიშელ ბარნიე, ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი ბრექსიტის მოლაპარაკებებში: „მაგრამ პოპულისტები ზოგჯერ  ჭკვიანები არიან და იციან, რომ იმ ყველაფრის გამო, რაც მსოფლიოში ხდება ჩვენ ირგვლივ, იქნება ეს ტრამპის ფაქტორი, ჩინეთის აგრესიული სავაჭრო პოლიტიკა თუ რუსეთის აგრესია, იმის საფუძველს ქმნის, რომ ერთად უნდა დავდგეთ. ჩვენ ერთად უფრო ძლიერი ვართ და უკეთ ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, ფასეულობებსა და კონტინენტს. ეს ყველასთვის ცხადია. მაგრამ არ მგონია, რომ საფრანგეთის პოპულისტებმა, როგორც უკიდურესმა მემარჯვენე, ისე უკიდურესმა მემარცხენე ნაციონალსიტებმა აზრი შეიცვალეს. ქალბატონმა ლე პენმა ბრექსიტის ღამეს ბრიტანელ ხალხს მილოცვა გაუგზავნა. თქვა, რომ მათ ეყოთ გამბედაობა, რათა თავი დაეღწიათ ევროპული მონობისგან. ამიტომ არ მგონია, რომ მათ აზრი შეიცვალეს. ამ ხალხს, უკიდურეს მემარჯვენეებსა და უკიდურეს მემარცხენეებსაც ევროკავშირის დაშლა სურთ“.

მარია ტადეო, ევრონიუსი: „ევროკავშირის დაშლა უნდათ?“

მიშელ ბარნიე, ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი ბრექსიტის მოლაპარაკებებში: „ისინი ნაციონალისტები არიან. ნაციონალისტები“.

მარია ტადეო, ევრონიუსი: „თქვენი აზრით, დღესაც კი, როდესაც ბარდელას სახით პოტენციურად ახალგაზრდა კანდიდატს ვხედავთ, რეალურად მათი პლაცდარმი არ შეცვლილა?“

მიშელ ბარნიე, ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი ბრექსიტის მოლაპარაკებებში: „მე არ ვიცი, ვინ იქნება კანდიდატი. მათი პრობლემა პროგრამისა და იდეოლოგიის არსია. მათ ევროკავშირის დაშლა სურთ. ისინი ანტიევროპელები არიან“.

მარია ტადეო, ევრონიუსი:  „თქვენი აზრით, თუკი ისინი მთავრობაში მოხვედრას შეძლებენ, ეს, ფაქტობრივად, ფატალური იქნება ევროკავშირისთვის, როგორც კონსტრუქციისთვის. ასე ფიქრობთ?“

მიშელ ბარნიე, ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი ბრექსიტის მოლაპარაკებებში: „მოუსმინეთ ბატონ ბარდელას, რომელიც ახლახან ახსენეთ. ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საფრანგეთის ევროკავშირის ბიუჯეტში შესატანი წილის განახევრება უნდა. ეს ნიშნავს, რომ მას ევროკავშირის დაშლა სურს. სწორედ ეს იქნება ამ გადაწყვეტილების შედეგი“.

მარია ტადეო, ევრონიუსი: „გამოდის, რომ 2027 წლის არჩევნები გადამწყვეტი არჩევნები იქნება ამ ქვეყანაში. ამას ფინანსური ბაზრებიც ელოდებიან“.

მიშელ ბარნიე, ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი ბრექსიტის მოლაპარაკებებში: „არა მხოლოდ საფრანგეთისთვის“.

მარია ტადეო, ევრონიუსი: „არა მხოლოდ საფრანგეთისთვის. ის ხომ ევროკავშირის ცენტრალური ქვეყანა და დამფუძნებელი წევრია. სად ხედავთ თქვენს როლს ამ არჩევნებზე? და კიდევ გავიმეორებ, რაც ახლა განაცხადეთ, რომ მათ ევროკავშირის დაშლა სურთ, ეს ძალიან ხმამაღალი განაცხადია“.

მიშელ ბარნიე, ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი ბრექსიტის მოლაპარაკებებში:  „ჩემი როლი საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში - სადაც ახლა ვიმყოფებით -  და ფრანგულ დებატებში,  როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრის როლი, არის მემარჯვენე-ცენტრისტების ერთიანობისთვის მუშაობა. რადგან მგონია, რომ ერთი კანდიდატის მხარდაჭერა და ერთ პროგრამაზე ყურადღების გამახვილება არის ერთადერთი გამოსავალი, რათა თავიდან ავიცილოთ ის წარმოუდგენელი დუელი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე რაუნდში გაიმართება ნაციონალისტების ორ კანდიდატს შორის“.

მარია ტადეო, ევრონიუსი: „რამდენად შეიძლება ამას ეგზისტენციალური საფრთხე ვუწოდოთ, რომელიც ემუქრება საფრანგეთსა და, შესაბამისად, ევროკავშირსაც, თუკი მართლაც აქამდე მივა საქმე?“

მიშელ ბარნიე, ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი ბრექსიტის მოლაპარაკებებში: „ჩემი აზრით, ეს დრამატული იქნება როგორც საფრანგეთის, ისე ევროპისთვის“.

მარია ტადეო, ევრონიუსი: „თავად აქტიური როლის შესრულებას აპირებთ?“

მიშელ ბარნიე, ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი ბრექსიტის მოლაპარაკებებში: „არ მინდა, ეს დებატი პერსონალურ დონეზე დავიყვანო. მე აქტიურ როლს ვასრულებ“.

ავტორები: მარია ტადეო და ლორენ უოლკერი

დაკავშირებული ამბები
ბრექსიტის საკითხებში ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი: „ევროკავშირის კარი ღიაა დიდი ბრიტანეთისთვის“ კვიპროსის მიგრაციის მინისტრის მოადგილე - „ევროკავშირი „სიღრმისეულად შეისწავლის“ მიგრანტების უკან დაბრუნების ცენტრებში ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიის საკითხს“