კატეგორიები

რუსეთმა ფინეთთან, ესტონეთსა და ლატვიასთან სარკინიგზო საზღვრები ჩაკეტა

რუსეთმა ფინეთთან, ესტონეთსა და ლატვიასთან სარკინიგზო საზღვრები ჩაკეტა
რუსეთმა ფინეთთან, ესტონეთსა და ლატვიასთან, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სარკინიგზო საზღვრის „დროებით ჩაკეტვის“ შესახებ განაცხადა.

კრემლის განცხადებაში მითითებულია, რომ იკძრალება როგორც მოქალაქეთა, ისე პროდუქციისა თუ ტვირთვის ტრანსპორტირება.

ანალიტიკოსებს უკვე აქვთ რამდენიმე მოსაზრება, რატომ შეიძლება მიეღო მოსკოვს ასეთი გადაწყვეტილება.

ერთ-ერთი ვერსიით, ეს, სავარაუდოდ, უკავშირდება ფინეთის რამდენიმე დღისწინანდელ განცხადებას, სადაც გამოცხადდა ამერიკულ თავდაცვით კომპანია Lockheed Martin-თან თანამშრომლობის შესახებ, რომლის მიხედვითაც იგეგმება სკანდინავიური სახელმწიფოს ტერიტორიაზე ევროპაში პირველი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების ტექნიკური მომსახურების ცენტრის აშენება.

ამ საკითხმა რუსეთიდან მყისიერად გამოიწვია მუქარისშემცველი გზავნილები. სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსეი ჟურავლიოვმა ჰელსინკის „მეორე უკრაინა“ უწოდა და ღიად გააფრთხილა ფინური მხარე, რომ მოსკოვი ფლობს იმგვარ სამხედრო ძალას, რომელსაც შეუძლია ქვეყნის ნახევრის განადგურება.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ფინეთს ისედაც აქვს ჩაკეტილი სახმელეთო საზღვარი რუსულ მხარესთან, ქვეყნისგან მოსალოდნელი საფრთხეების გამო.

ანალიტიკოსების ვარაუდით, კრემლის ბოლო გადაწყვეტილების მიზეზი, შესაძლოა, გამხდარიყო რუსეთში საყოველთაო მობილიზაციის მორიგი ტალღის მოსალოდნელი გამოცხადება. სხვადასხვა წყაროს ცნობით, რუსული ხელისუფლება ამ ნაბიჯის გადადგმას სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შემდეგ, სექტემბრის ბოლოდან გეგმავს.

ამ მოსაზრებას იზიარებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური, ოლექსანდრ სირსკიც. კიეველი მაღალჩინოსნების თანახმად, მოსკოვი ათობით ათასი სამხედროს მობილიზებას აპირებს, ბრძოლის ველზე დანაკარგების შესავსებად.

მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის სექტემბრის ნაწილობრივმა მობილიზაციამ აჩვენა, რამდენად არაპოპულარულია ეს ნაბიჯი, რის გამოც ასობით ათას მოქალაქეს რუსეთიდან გაქცევა მოუწია, კრემლი სხვანაირად ვერ ახერხებს ფრონტზე წინსვლას.

იანვარში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა განაცხადა, რომ გასული წლის დეკემბრის მონაცემებით, რუსეთმა 1 მილიონ 200 000-მდე საბრძოლო დანაკარგი განიცადა, მათ შორის 325 000-მდე სამხედრო დაიღუპა.

პარალელურად, უკრაინის დაზვერვის მტკიცებით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში 70 500-მდე ახალმა რუსმა სამხედრომ გააფორმა კონტრაქტი და შეუერთდა ბრძოლის ველს.

თუკი ამ მონაცემებს დავუჯერებთ, კოლოსალური დანაკარგების შესავსებად, მოსკოვს ყოველთვიურად 30 000-ზე მეტი ახალი ჯარისკაცის მობილიზება სჭირდება.

დაკავშირებული ამბები
რუსეთმა ფინეთთან, ესტონეთსა და ლატვიასთან სარკინიგზო საზღვრები ჩაკეტა გაძლიერებული უკრაინული იერიშები და პუტინის აღიარება რუსეთში საწვავის დეფიციტზე