კატეგორიები

ნეთანიაჰუს ომის კაბინეტის ყოფილი წევრი არჩევნებში მისი მთავარი მეტოქე იქნება

ნეთანიაჰუს ომის კაბინეტის ყოფილი წევრი არჩევნებში მისი მთავარი მეტოქე იქნება
მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ისრაელის მოქმედი პრემიერ-მინისტრის მთავარი მეტოქე ბენიამინ ნეთანიაჰუს ომის კაბინეტის ყოფილი წევრი გადი ეისენკოტი იქნება, რომელსაც თანამდებობის დატოვება ღაზაში სტრატეგიის არქონის ბრალდებების შემდეგ მოუწია.

„პირდაპირ!“ - ასე ჰქვია ცენტრისტი პოლიტიკოსის პარტიას, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო, თანაც მოქმედი ხელისუფლების ქმედებების კრიტიკითა და სახელმწიფოებრივად არასწორ ნაბიჯებზე მითითებით, რაც, როგორც ამბობს, ისრაელს საერთაშორისო არენაზე გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.

„ეს ხელმძღვანელობა ცრუობს. თითქოს, მათ არ აქვთ არჩევანი გარდა ქაოსისა, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელიც შუღლს აჩაღებს. თითქოს მმართველობის ერთადერთი ფორმა არის ჩვენი დაყოფა. ამ გზამ მძიმე კრიზისამდე მიგვიყვანა. 7 ოქტომბრის მასობრივმა მკვლელობებმა, მოულოდნელობამ, ჩავარდნამ და მოვლენათა განვითარების მასშტაბმა ახალი, სისხლმდენი ჭრილობა გაგვიხსნა.

ვთვლი, რომ დღევანდელი რეალიების გათვალისწინებით, ვალდებულები ვართ, ღრმა და გადაუდებელი ცვლილებები გავატაროთ. ვთვლი, რომ ისრაელს აუცილებლად სჭირდება ერთგული, ღირსეული და ჭეშმარიტი სიონისტური ხელმძღვანელობა. ეს უნდა იყოს პოლიტიკური სახლი მოქალაქეებისთვის, რომლებიც სხვა ისრაელზე ოცნებობენ.

აქ ვდგავარ და გეფიცებით, რომ, როგორც ადრე და ყოველთვის, გავაკეთებ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერ საჭიროს, რომ ვიქნები თქვენი ნდობის ღირსი, რომ ვიქნები თქვენთან, რომ უზრუნველვყოფ გამაერთიანებელ ხელმძღვანელობას - ხელმძღვანელობას, რომელიც დაფუძნებულია ისრაელის ტრადიციებსა და მემკვიდრეობაზე. ვფიცავ, ვიქნები ისრაელის ყველა მოქალაქის პრემიერ-მინისტრი!“ - განაცხადა პარტია „იაშარის“ („პირდაპირ!“) ლიდერმა, გადი ეისენკოტმა.

პოლიტოლოგების ვარაუდით, სხვა ოპოზიციონერებისგან განსხვავებით, ბენიამინ ნეთანიაჰუს გუნდისადმი გადი ეისენკოტის კრიტიკას საზოგადოების უფრო ფართო წრეები დაიჯერებენ, რადგან ის სისტემას შიგნიდან და საფუძვლიანად იცნობს.

ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრს ეისენკოტი 2023 წლის 7 ოქტომბრის, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ ორგანიზებული თავდასხმების შემდეგ სტრატეგიულად არაკომპეტენტური და დამაზიანებელი პოლიტიკის გატარებაში ღიად ადანაშაულებს.  მკაცრად ითხოვს დამოუკიდებელი კომისიის შექმნას, რათა პასუხები გაეცეს დაზვერვით და სამხედრო ჩავარდნებს.

მიუხედავად იმისა, რომ ნეთანიაჰუს ოპონენტი ემხრობა ისრაელის სამხედრო ოპერაციებს როგორც ღაზაში, ისე ლიბანსა და ირანში, მისი შეფასებით, ყველა ამ წერტილში საბრძოლო მოქმედებები, გრძელვადიანი გეგმის არსებობის გარეშე, თელ-ავივს კარგს არაფერს მოუტანდა, ომი კი უნდა იყოს მხოლოდ უსაფრთხოების მიღწევის ინსტრუმენტი და არა მიზანი.

ოპონენტის ბრალდებებს თავად ბენიამინ ნეთანიაჰუც გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, თუკი თავის დროზე გადი ეისენკოტს დაუჯერებდა, მაშინ „ჰამასი“ ყველა მიზანს მიაღწევდა და ქვეყანას რუკიდან გააქრობდა.

გრძელვადიან პერსპექტივაში, პოლიტიკაში მოსული ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი, მხარს უჭერს პალესტინასთან კონფლიქტის გადაჭრას „ორი სახელმწიფოს ფორმულით“, რათა ისრაელმა შეინარჩუნოს ებრაული უმრავლესობა და დემოკრატიული ხასიათი.

„ისრაელის დემოკრატის ინსტიტუტის“ ანალიტიკური ცენტრის უფროსი მკვლევრის, გიდეონ რაჰატის თქმით, ამ ხედვების გათვალისწინებით, გადი ეისენკოტისადმი ნდობის მაჩვენებელი მაღალი იქნება, რადგან, ნეთანიაჰუსგან განსხვავებით, ის არ არის პოპულისტი ან რადიკალური შეხედულებების მქონე, მიისწრაფვის საზოგადოების გაერთიანებისკენ და, სხვა თუ არაფერი, მას ზურგს უმაგრებს წარსული - ეისენკოტის ვაჟი ღაზაში საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა, რის გამოც ხალხის თვალში მისი რეპუტაცია გაიზარდა როგორც ადამიანის, რომელმაც სამშობლოს წინაშე უმაღლესი ფასი გადაიხადა.

საგულისხმოა, რომ ასეთი ფონი მას მაინც არ აძლევს პრემიერ-მინისტრობის გარანტიას. დანაწევრებული მრავალპარტიული სისტემის გამო, ისრაელში ამ თანამდებობაზე მყოფი პირები იშვიათად ახერხებენ 4-წლიანი უფლებამოსილების ბოლომდე შესრულებას.

მიუხედავად ბენიამინ ნეთანიაჰუსადმი სკეპტიკური განწყობებისა, მის ნებისმიერ მეტოქეს გაუჭირდება ფართო კოალიციის ჩამოყალიბება პოსტიდან მის გადასაყენებლად, თანაც იმ დროს, როცა პოლიტიკური პარტიების ნაწილი სრულად ეხმრობა ისრაელის სამხედრო ოპერაციების ამჟამინდელი ფორმით გაგრძელებას როგორც ლიბანში, ისე ღაზაში.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია შეერთებული შტატების ფაქტორი - ბენიამინ ნეთანიაჰუს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ბეირუთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების ირგვლივ განსხვავებული პოზიციის გამო, ურთიერთობა დაეძაბა.

ექსპერტების შეფასებით, ამჟამინდელი მოცემულობით, თეთრ სახლს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ტერორისტული დაჯგუფებების მიმართ აწყობს უფრო თანმიმდევრული პოლიტიკის გამტარებელი მაღალჩინოსანი.

დაკავშირებული ამბები
ნეთანიაჰუს ომის კაბინეტის ყოფილი წევრი არჩევნებში მისი მთავარი მეტოქე იქნება ბენიამინ ნეთანიაჰუ იმეორებს, რომ ვიდრე იგი ისრაელის პრემიერ-მინისტრია, ირანი ბირთვულ იარაღს ვერ შექმნის