ნატოს ლიდერების სამიტის მოახლოვებამდე რამდენიმე დღით ადრე გენერალური-მდივანი მთავარ აქტორებთან ვიზიტს განაგრძობს. ბერლინში, მარკ რუტე თავდაცვის სამინისტროში გამართულ დისკუსიებს დაესწრო, მინისტრ ბორის პისტორიუსთან და კანცლერ, ფრიდრიხ მერცთან ერთად. მინისტრთა კაბინეტის შეკრებაზე ნატოს გენერალური მდივნის ყოფნა ისტორიული მოვლენა იყო,რადგან ასეთი რამ აქამდე არ მომხდარა.
უკვე თავდაცვის უწყებაში შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მასპინძელი ქვეყნის ლიდერმა აღნიშნა, თუ რა ესახება ტრანსატლანტიკური კავშირის სრულფასოვნად ფუნქციონირებისთის მთავარ ამოცანად.
ფრიდრიხ მერცი - გერმანიის კანცლერი
„მსურს დავუბრუნდე იმ ფრაზას, რომელიც ბორის პისტორიუსმა ჩვენი მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გამოიყენა. ნატო უფრო ევროპული უნდა გახდეს, რათა შეინარჩუნოს თავისი ტრანსატლანტიკური ხასიათი. ვფიქრობ, ეს ძალიან ზუსტად ნათქვამი ფრაზაა. ბოლო წლებში ჩვენ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკმარისს არ ვაკეთებდით. ახლა ამ დანაკლისის ანაზღაურებას ვახდენთ. ეს ასევე მოიცავს ჩვენი თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას. გერმანია 2029 წლისთვის მიაღწევს მშპ-ის 3.5%-ის ოდენობით ზრდის დასახულ მიზანს, რომელიც გასულ წელს ჰააგაში შეთანხმდა. ამით ჩვენ ამოცანას მრავალი წლით ადრე შევასრულებთ, ვიდრე ეს მთლიანად ნატოს ფარგლებში იყო დაგეგმილი. ამ გადაწყვეტილებებს კი ერთად განვახორციელებთ. არ გვსურს, ნატოს წევრმა ქვეყნებმა ცალმხრივად იმოქმედონ. ჩვენ გვინდა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც ტრანსატლანტიკურ, ისე ევროპულ დონეზე“-თქვა პრესკონფერენციაზე გერმანელმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.
გაზრდილი თავდაცვის ხარჯები, მეტი სამხედრო წარმოება და მეტო მხარდაჭერა უკრაინას - ასე გამოიყურება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავარი მიზნები, რომელიც სულ უფრო აქტიურად ისმის ანკარაში დაგეგმილი ჩრდილოატლანტიკური შეკრების წინ. ალიანსის გენერალური მდივანი ბერლინს გაზრდილ ინვესტიციებსა და ლიდერობას უწონებს, თუმცა იმის ხაზგასმაც არ ავიწყდება,რომ აშშ-სთან ჯანსაღი ურთიერთობები ტრანსატლანტიკური კავშირის მთავარი კომპონენტია, სწორედ იმ როლის გამო,რომელიც შტატებს მსოფლიოში აქვს.
„რაც შეეხება უკრაინის დაცვას, ამერიკის შეერთებული შტატები ამ საქმეში კვლავაც შეუცვლელ როლს ასრულებს. აშშ-დან უკრაინისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის დახმარების მიწოდება გრძელდება, ხოლო მის დაფინანსებას კანადა და ევროპის ქვეყნები უზრუნველყოფენ. საუბარია ამ ცნობილ პროგრამაზე და ვფიქრობ, ეს სამართლიანია. მაგალითად, ეს მოიცავს „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილ გადამჭერ რაკეტებს, რომლებიც უკრაინაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტებისა და ქალაქების დასაცავად გამოიყენება. ამ დახმარების ასეთი მასშტაბით გამოყოფა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია და ის ამას კვლავაც აგრძელებს. გარდა ამისა, აშშ უკრაინას კიდევ მრავალი სხვა გზითაც ეხმარება, თუმცა ამ ყველაფრის საჯაროდ განხილვა პრესკონფერენციაზე ყოველთვის შესაძლებელი არ არის. მომავალ კვირას დაგეგმილ სამიტზე მოკავშირეები აიღებენ ვალდებულებას, უკრაინას უზრუნველყონ მდგრადი, პროგნოზირებადი და გრძელვადიანი უსაფრთხოების დახმარება. ამ საკითხში განსაკუთრებით მივესალმები გერმანიის ძლიერ ლიდერობას.ჩვენ ვთანხმდებით, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს. მაშინაც კი, როდესაც მისი ომი უკრაინის წინააღმდეგ დასრულდება, რუსეთი კვლავაც დარჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების გრძელვადიან საფრთხედ”-აღნიშნა ბერლინში მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.
ბერლინის დატოვებამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა ალიანსის ერთობის აუცილებლობას,აღნიშნა ანკარას სამიტის დღისწესრიგის ფრაგმენტებიც. კერძოდ, მომავალ კვირას დაგეგმილ სამიტზე ლიდერები ყველაფერთან ერთად ყურადღებას გაამახვილებს საბრძოლო მზადყოფნაზე და თავდაცვითი მრეწველობის მასშტაბების ზრდაზეც, იმ უცვლელი საფრტხის ფონზე,რომელიც ნატოს შექმნის დღიდან ალიანსს რუსეთის სახით აქვს.
