კატეგორიები

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მომდევნო სამ-ოთხ თვეში გაიმართება

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო  არჩევნები მომდევნო სამ-ოთხ თვეში გაიმართება
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მომდევნო სამ -ოთხ თვეში გაიმართება.

ვუჩიჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნებამდე პრეზიდენტის თანამდებობას დატოვებს. მისი განცხადებით, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება გამჭვირვალედ იქნება მიღებული და საზოგადოებისთვის მოულოდნელი არ იქნება.

სერბეთის კონსტიტუციის მიხედვით, ვუჩიჩი, რომელიც მეორე საპრეზიდენტო ვადას ასრულებს, მესამე ვადით კენჭს ვეღარ იყრის. გავრცელებული ინფორმაციით, ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას გეგმავს, თუმცა  საბოლოო გადაწყვეტილება მას ჯერჯერობით არ აქვს მიღებული.

„დიახ, სრულიად ბუნებრივია, რომ არჩევნები მალე გაიმართება. როცა ვამბობ „მალე“, ვგულისხმობ მომდევნო სამიდან ოთხ თვეს. ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. რაც შეეხება იმას, ვაპირებ თუ არა პრემიერ-მინისტრის თანამდებობისთვის ბრძოლას, ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც მივიღებ, საზოგადოებას აუცილებლად გავაცნობ, ზუსტად ისე, როგორც ჩემი გადადგომის შესახებ განვაცხადე წინასწარ. ეს არავისთვის მოულოდნელი არ იქნება. იქნება ეს აგვისტოში, 1 სექტემბერს თუ ივლისის ბოლოს  ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს” - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა.

პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში ქვეყანაში 90 დღის განმავლობაში საპრეზიდენტო არჩევნებიც უნდა დაინიშნოს. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები სერბეთში მომავალ წელს იყო დაგეგმილი.

ქვეყანაში უკვე ერთ წელზე მეტია მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის ჩრდილოეთში რკინიგზის სადგურზე ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სტუდენტების ხელმძღვანელობით მიმდინარე საპროტესტო მოძრაობა ხელისუფლებისგან პასუხისმგებლობის დაკისრებას, სამართლიანობის აღდგენასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ოპოზიცია და აქციის მონაწილეები ვუჩიჩს ძალაუფლების ავტორიტარული მეთოდებით მართვაში ადანაშაულებენ.

დაკავშირებული ამბები
სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მომდევნო სამ-ოთხ თვეში გაიმართება ჩინეთმა და სერბეთმა თანამშრომლობის 20-მდე დოკუმენტს მოაწერეს ხელი