მიუხედავად ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებისა, სპარსეთის ყურეში სამხედრო დაძაბულობა მაინც აქტუალურია, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ეკონომიკურ პარამეტრებზე.
ირანის სტატისტიკის ცენტრის თანახმად, 22 მაისიდან 21 ივნისის პერიოდში, სამომხმარებლო ფასების ინდექსი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 88.6%-ით გაზრდილია. მარტივი სიტყვებით ეს ნიშნავს, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ირანელებს კონკრეტული პროდუქტების შესაძენად თითქმის ორჯერ მეტი თანხის გადახდა უწევთ.
მკვეთრად მოიმატა ინფლაციის მაჩვენებელმა. თუკი დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე თითქმის 53% იყო, ომის დაწყებისას ის 68%-მდე გაიზარდა, ივნისის ბოლო მონაცემებით კი 88.6%-მდე. ეს კიდევ ერთი, თუმცა არა ერთადერთი ფაქტორია, რის გამოც ირანში სხვადასხვა პროდუქციაზე ფასები მყისიერად იზრდება და, შესაბამისად, ხელს უშლის ადგილობრივ მოსახლეობას, გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმოს საკუთარი ბიუჯეტი.
წლიურად ირანში 152%-ით გაძვირდა რძის პროდუქცია, 139%-ით პური და მარცვლეული, 178%-ით ხორცი - ეს ის საბაზისო ჩამონათვალია, რაც ადამიანს არსებობისთვის სჭირდება.
ფასების ზრდას ფეხს ვერ უწყობს შრომითი ანაზღაურების მაჩვენებელი - კანონის მიხედვით, მიმდინარე წელს მინიმალური ხელფასი ირანში 97 ამერიკული დოლარით განისაზღვრა, მაშინ, როცა თავად ქვეყნის მთავრობის მაღალჩინოსნება მარტში დაითვალეს, რომ მინიმალური სამომხმარებლო კალათის ღირებულება თვეში, სულ მცირე, 256 დოლარს შეადგენს.
ეკონომისტები მიუთითებენ, რომ ამგვარმა ვითარებამ გაცილებით ძლიერი დარტყმა მიაყენა დაბალი შემოსავლების მქონე მოქალაქეებს, რადგან პრობლემა შეიქმნა შრომით ბაზარზე - ბევრი მცირე მეწარმე თუ მომსახურების სფეროში დასაქმებული პირი უმუშევარი და სოციალური შემწეობის გარეშე დარჩა. ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, რომ უზრუნველყოფდა მოქალაქეების ფინანსურ მხარდაჭერას, თეირანისთვის ეს ამოცანა ჯერჯერობით გადაუჭრელი რჩება, რადგან მათი რიცხვი საკმაოდ მაღალია, ეკონომიკა კი წნეხის ქვეშაა მოქცეული.
ანალიტიკოსების განმარტებით, ისლამური ქვეყანა ახლა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას განიცდის, რომელიც, წინასწარი შეფასებით, უკვე არის იმაზე მძიმე, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო.
ინფლაციის ზრდამ ხელი შეუწყო ირანის ეროვნული ვალუტის, რიალის მკვეთრ გაუფასურებას. 1 ამერიკული დოლარის ღირებულება მილიონ 376 000 რიალის ტოლია, რასაც ვერც ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის შეჩერებამ და ვერც ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებამ უშველა.
ექსპერტების ვარაუდით, ირანის ეკონომიკისთვის ომში მიყენებული ზიანი გრძელვადიანი ეფექტის მქონეა და ისლამურ ქვეყანას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მოუწევს ამ ვითარებიდან აღდგენა.
