ბლოკის სავაჭრო კომისარმა ბრიუსელში ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი ჩინეთთან დიალოგის გზით ხელშესახები შედეგების მიღწევას ოქტომბრისთვის შეეცდება,
ბოლო კვირების განმავლობაში ბრიუსელსა და პეკინს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა. ჩინეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს ევროკავშირის იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც ევროკავშირის ბაზრის ჩინეთის ჭარბი სიმძლავრისგან დაცვას ითვალისწინებს.
„დღევანდელი დისკუსია ინტენსიური, საკითხებზე ორიენტირებული და კონსტრუქციული იყო. ჩემი მიზანი თავიდანვე ნათელი იყო, ესაა ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების დაბალანსება. უფსკრული ფართოვდება. ჩინეთის ექსპორტი ევროკავშირში იზრდება, ჩვენი საბაზრო წილი ჩინეთში კი მცირდება“. - აცხადებს ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში, მაროშ შევჩოვიჩი.
ევროკავშირი ჩინეთთან მზარდი სავაჭრო დეფიციტის წინაშე დგას, რომელმაც რეკორდულ მაჩვენებელს - დღეში 1 მილიარდ ევროს მიაღწია.
ივნისში გამართულ ევროკავშირის ბოლო სამიტზე წევრმა სახელმწიფოებმა ევროკომისიას მანდატი მისცეს, რომ სავაჭრო ურთიერთობების დაბალანსების მიზნით პეკინთან დიალოგი აწარმოოს.
„ჩვენს გუნდებს აქვთ მანდატი და ამბიციური გრაფიკი, რათა მიმდინარე წლის ოქტომბრისთვის ხელშესახებ შედეგებს მიაღწიონ“. - ამბობს ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში, მაროშ შევჩოვიჩი.
ჩინეთი შეშფოთებულია ევროკავშირის ბაზარზე წვდომის შეზღუდვის გამო. როგორც ცნობილია, ევროკომისიამ მარტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ევროპაში წარმოებულ პროდუქტებს ანიჭებს უპირატესობას.
მეორე მხრივ, ევროკავშირის ბიზნესებსაც არ აქვთ სრულად წვდომა ჩინეთის ბაზარზე.
