კატეგორიები

აშშ-ის დელეგაცია კატარში მიემგზავრება, ირანი კი მოლაპარაკებებს უარყოფს

აშშ-ის დელეგაცია კატარში მიემგზავრება, ირანი კი მოლაპარაკებებს უარყოფს
ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში მიემგზავრება - ამის შესახებ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, თუმცა არ მალავს, რომ დოჰაში გამართული შეხვედრა „მნიშვნელოვანი“ შესაძლოა სულაც არ აღმოჩნდეს.

ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ მიუხედავად ამისა, სამხედრო თვალსაზრისით ვაშინგტონი „თითქმის გამარჯვებულია“.

ამავდროულად თეირანი აცხადებს, ამ კვირაში ირანის დელეგაცია დოჰაში ვაშინგტონთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული პირობების სისრულეში მოყვანასთან დაკაშირებული საკითხების განხილვისთვის ჩავა, თუმცა, ირწმუნება, ეს ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს არ ნიშნავს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ „საბოლოო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ეტაპზე“ მხარეები ჯერ არ გადასულან და რომ „მომდევნო დღეებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეხვედრას ირანი არცერთ დონეზე არ გამართავს.

„ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად დაეცა. დღეს 69 დოლარი იყო. ფასი უფრო მაღალი იყო ირანის ბირთვული განიარაღებამდე - ბრძოლამდე, რომელიც გვაქვს და რომელსაც თავს ძალიან კარგად ვართმევთ. ამ საკითხზე ხვალ დოჰაში შეხვედრა გაიმართება.  ისინი კატარში მიდიან. მგონი უკვე გაემგზავრნენ, ან გასამგზავრებლად ემზადებიან. ვნახოთ, როგორ ჩაივლის ეს. ამ მიმართულებით საქმე კარგად მიდის. თუმცა დოჰაში შეხვედრა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, შესაძლოა - არა. ამას გავარკვევთ, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით კი ვიმარჯვებთ. ვიტყოდი, რომ სამხედრო კუთხით თითქმის გავიმარჯვეთ. სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივადაა. ეს ირანის ბირთვული განიარაღებაა. არ გვინდა, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს და არც ექნებათ. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ისინი ამას დათანხმდნენ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერი, ქეროლაინ ლევიტი განმარტავს, დოჰაში დონალდ ტრამპის წარმომადგენლები სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი მიემგზავრებიან. მანვე გაიმეორა ცოტა ხნით ადრე დონალდ ტამპის მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული განცხადება, რომლის თანამადაც, ამერიკის შეერთებული შტატებთან შეხვედრა ირანმა თავადვე მოითხოვა.

„ამ საკითხზე პრეზიდენტს ახლახან ვესაუბრე. ირანმა ამ კვირაში შეხვედრა მოითხოვა, ამიტომ ურთიერთგაგების მემორანდუმის განხილვის პარალელურად სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მაღალი დონის შეხვედრებისთვის ამ კვირაში დოჰაში გაემგზავრებიან.  ამ მაღალი დონის შეხვედრების პარალელურად ტექნიკური მოლაპარაკებებიც გაიმართება. ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს ვიცავთ. ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას ძალითვე ვუპასუხებთ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, თავდასხმები იყო კომერციულ გემებზე, რასაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, პრეზიდენტის მითითებით, საპასუხო ქმედებით უპასუხა. ეს ასე გაგრძელდება. თუმცა იმედი გვაქვს, რომ ამის საჭიროება აღარ იქნება. ცხადია, პრეზიდენტს სურს, რომ სამშვიდობო პროცესი წარმატებით გაგრძელდეს. ირანისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება, ამერიკის შეერთებულ შტატებთან კარგი შეთანხმება გააფორმოს, რადგან პრეზიდენტმა უკვე დაამტკიცა, რომ ჩვენი სამხედრო ძალის გამოყენების არ ეშინია“, - თქვა ქეროლაინ ლევიტმა Fox News-სთან ინტერვიუში.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს საბოლოო შეთანხმების მისაღწევად დრო დაახლოებით აგვისტოს შუა რიცხვებამდე აქვთ. ამ შეთანხმებამ ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი უნდა გადაჭრას.

წინაა ტექნიკური შეხვედრები უფრო დაბალი რანგის დიპლომატების მონაწილეობით, ვიდრე მთავარი მომლაპარაკებლები კვლავ მაგიდასთან დაბრუნდებიან.

შუამავლები მოლაპარაკებების რაც შეიძლება სწრაფად განახლებას ცდილობენ. პაკისტანმა, რომელიც კატართან ერთად პროცესში საკვანძო შუამავალია, განაცხადა, რომ მოლაპარაკებები სამშაბათს განახლდებოდა.

განსახილველი კი საკითხები მრავლადაა და ისინი ჰორმუზის სრუტეს, ირანისთვის სანქციების შემსუბუექებას და თეირანის მაღალგამდიდრებული ურანის მარაგის მომავალს ეხება.

დაკავშირებული ამბები
ევროკავშირმა ჩინეთთან ხელშესახები შედეგების მისაღწევად ვადა ოქტომბრამდე დააწესა აშშ-ის დელეგაცია კატარში მიემგზავრება, ირანი კი მოლაპარაკებებს უარყოფს