კატეგორიები

ვალდაიდან პეკინამდე - პუტინთან ფარული შეხვედრის შემდეგ ლუკაშენკა ჩინეთს ეწვია

ვალდაიდან პეკინამდე - პუტინთან ფარული შეხვედრის შემდეგ ლუკაშენკა ჩინეთს ეწვია
რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ, კრემლმა პირველად გაავრცელა ცნობა ვალდაის მხარეში რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ, თუმცა მოსკოვი მხოლოდ მოკლე ინფორმაციით შემოიფარგლა.

როგორც წესი, ალექსანდრ ლუკაშენკას ადმინისტრაცია დეტალურად წერს მისი ნებისმიერი ვიზიტისა თუ შეხვედრის შესახებ, თუმცა ამჯერად, ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალურ საინფორმაციო პორტალზე რუსეთის ლიდერთან პირისპირი კომუნიკაციის თაობაზე არანაირი ფოტო თუ ვიდეომასალა არ გავრცელებულა.

მხარეები ერთმანეთს შეხვდნენ რეზიდენციაში, რომელიც, როგორც წესი, განსაკუთრებული საერთაშორისო სტუმრობებისთვის გამოიყენება.

ექსპერტებსა და უკრაინული მედიის წარმომადგენლებს შორის ამ შეხვედრის გასაიდუმლოებამ ეჭვები გააჩინა იმ ფონზე, როდესაც გასულ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებაზე, გათიშულიყო ბრესტისა და ჰოსტომელის ოლქებში არსებული სპეციალური რეტრანსლატორები, მოსკოვში განაცხადეს, რომ მზად არიან, მოკავშირე ბელარუსს „სამხედრო გზითაც დაეხმარონ“.

29 ივნისს ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა უარყო, რომ ალექსანდრ ლუკაშენკამ რუსეთის პრეზიდენტს კიევის წინადადებები გააცნო, თუმცა მისივე თქმით, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ბუნებრივია, უკრაინა იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი.

„სახელმწიფოთა მეთაურები, რა თქმა უნდა, განიხილავდნენ ბევრად სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის ეროვნულ და რეგიონულ უსაფრთხოებას, ასევე ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მხრიდან დაძაბულობის გამწვავების თემას, ბელარუსის პროვოცირების მცდელობასა და ასე შემდეგ.

გუშინ პრეზიდენტმა პუტინმა ჩამოთვალა ჩვენი შეიარაღებული ძალების წინსვლის ყველა მიმართულება ჩამოთვალა და მიუთითა კონკრეტული დასახლებული პუნქტები. უდავოა, რომ ეს დინამიკა არის აშკარა და, რა თქმა უნდა, გვარწმუნებს, რომ ჩვენი ყველა მიზანი მიღწეული იქნება“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

მოსკოვის ოლქიდან ბელარუსის პრეზიდენტი პირდაპირ პეკინში გაემგზავრა, სადაც თავის ჩინელ კოლეგას შეხვდა.

„ჩემო ძვირფასო მეგობარო, ბატონო პრეზიდენტო ლუკაშენკა, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, კვლავ გიმასპინძლოთ და ძალიან მოხარული ვარ თქვენი ნახვით. ჩვენ ხშირად ვხვდებით ერთმანეთს, ხშირად გვაქვს კომუნიკაცია და სხვადასხვა საკითხზე ვაწარმოებთ საფუძვლიან და დროულ დიალოგს.

ჩინეთი და ბელარუსი რკინასავით მტკიცე და ურყევი მეგობრები არიან. ჩვენ ვავითარებთ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას და ჩვენმა ურთიერთობებმა გაუძლეს ნებისმიერ საერთაშორისო ტურბულენტურ ვითარებას. ჩვენი მეგობრობა მხოლოდ მტკიცდება.

ჩვენი ურთიერთობები მრავალწახნაგოვანია, ფეხს უწყობს დროს და მუდმივად მოაქვს ახალი შედეგები. საერთაშორისო საკითხებში ჩვენ ასევე გვაქვს მჭიდრო კავშირები“, - განაცხადა ჩინეთს პრეზიდენტმა, სი ძინ პინმა.

მოგვიანებით აზიური ქვეყნის ლიდერმა განაცხადა, რომ პეკინი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ბელარუსის ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.   

„პატივცემულო თავმჯდომარემ, მადლობელი ვარ ამ შეხვედრისთვის. ჩვენ ნამდვილად რეგულარულად ვატარებთ შეხვედრებს და ამას ძალიან ვაფასებ. გვაქვს შესაძლებლობა, შევაჯეროთ პოზიციები ჩვენი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ირგვლივ.

ეკონომიკის ყველა მიმართულებით ბელარუსი იყენებს თქვენს ტექნოლოგიებს და კმაყოფილი ვართ ამ ტექნოლოგიებისა და პროდუქციის ხარისხით, რომელსაც დღეს თქვენგან ვიღებთ.

ჩვენ მუდმივად ვცვლით აზრებს საერთაშორისო დღის წესრიგთან, რეგიონში არსებული ვითარების შესახებ - მე ამის თაობაზე მუდმივად გაყენებთ საქმის კურსში. ვფიქრობ, ეს კავშირები სამომავლოდაც უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ.

უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიან ომთან დაკავშირებით, ჩინურ მხარეს ღიად არც ერთო ქვეყნისთვის დაუჭერია მხარი და დღემდე აცხადებს, რომ „მხოლოდ მშვიდობის მომხრეა“. განსხვავებული პოზიცია აქვს მინსკს, რომელმაც რიტორიკა ბოლო პერიოდში შეიცვალა და აცხადებს, რომ „თავდასხმის შემთხვევაში, საომრად მზად არის“, თუმცა „ომი არ სჭირდება“, რადგან „ტერიტორიაც ყოფნის, ეკონომიკაც და პრობლემებიც“.

დაკავშირებული ამბები
კორუფციის ბრალდებით ერაყში მთავრობის მაღალჩინოსნები დააკავეს ვალდაიდან პეკინამდე - პუტინთან ფარული შეხვედრის შემდეგ ლუკაშენკა ჩინეთს ეწვია