რუსეთმა უკრაინის ქალაქ ზაპორიჟიაზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა. რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის განცხადებით, თავდასხმას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.
იერიშის შედეგად განადგურდა კერძო საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი.
უკრაინის საჰაერო ძალები ამბობენ, რომ რუსეთმა ქვეყნის წინააღმდეგ ღამის განმავლობაში შორი მოქმედების 142 დამრტყმელი დრონი და რვა რაკეტა გამოიყენა. მათივე ინფორმაციით, უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ 125 დრონი და შვიდი რაკეტა გაანადგურა.
ორივე მხარე აცხადებს, რომ საჰაერო თავდასხმები გრძელდება. დაზიანებული ტერიტორიების მასშტაბისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად ზუსტდება.
ამავე დროს, რუსეთის ბელგოროდის ოლქში უკრაინული დრონების თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. ამის შესახებ რეგიონის მოქმედმა გუბერნატორმა განაცხადა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ 213 უკრაინული დრონი გაანადგურა. მათი ცნობით, დრონები რუსეთის ტერიტორიაზე, ოკუპირებულ ყირიმსა და შავი და აზოვის ზღვების თავზე გაანეიტრალეს.
