ვენესუელაში დრო მაშველებისა და მოხალისეების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
ლათინოამერიკულ ქვეყანაში ძლიერი მიწისძვრებისას ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენის იმედი ბიძგების მომენტიდან უფრო დიდი დროის გასვლის შემდეგ სულ უფრო ნაკლები რჩება, თუმცა ამ ფონზე პერიოდულად მაინც ისმის პოზიტიური ცნობები.
უწყვეტი სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, მოხერხდა 18 დღის ახალშობილისა და მისი დედის გადარჩენა, რომლებმაც ნანგრევების ქვეშ 32 საათზე მეტი გაატარეს.
ცოცხალი ამოიყვანეს მამაკაციც, რომელიც ნანგრევებში 4 დღის განმავლობაში იყო ჩამარხული.
დროდადრო პოზიტიური ცნობების მიუხედავად, ვენესუელაში საერთო სურათი კვლავ უმძიმესია. დაღუპულთა რაოდენობამ 1 400-ს გადააჭარბა და, შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის თანახმად, ეს არ არის რეალობასთან მიახლოებული მონაცემი.
ამ ცნობას ეთანხმება გაეროც, რომელსაც არგუმენტად მოჰყავს უგზოუკვლოდ დაკარგულთა მონაცემები, რაც 68 000-ს აღემატებას, ასევე ნანგრევების ქვეშ ჩარჩენილი მოქალაქეთა მაღალი რიცხვი. ამას ემატება დროის ფაქტორი - ექსპერტების თქმით, კრიტიკულად ყველაზე მნიშვნელოვანია მიწისძვრიდან პირველი 72 საათი, რაც უკვე გასულია.
„როდესაც გათხრა დავიწყეთ, შტატის წარმომადგენლებმა, რომლებსაც თერმული კამერები ჰქონდათ, გვითხრეს, რომ იქ სიცოცხლის ნიშნები არ ჩანდა, თუმცა იმედი არასდროს დაგვიკარგავს. თხრა გავაგრძელეთ. შემდეგ მექსიკის დახმარება მოვიდა. მათ თქვეს, რომ არავინ დარჩენილა ცოცხალი, რადგან არავინ რეაგირებდა.
შემდეგ შეერთებული შტატების გუნდი მაშველი ძაღლებით მოვიდა, რადგან ძაღლები არ ყეფდნენ, თქვეს, რომ იქ ხალხი არ იყო.
ამ ყველაფრის მიუხედავად, იმედი კვლავ დაგვიკარგავს, რადგან დარწმუნებული ვიყავით, იქ ჩვენი ნათესავები ცოცხლები იყვნენ. ჩვენ ვაგრძელებთ თხრას. გუშინ კი, მათთან საუბრის შესაძლებლობა გვქონდა. ჩვენ ნანგრევების ქვეშ მყოფ სამ ადამიანს დავუკავშირდით. ტელეფონის ბატარეა 3 პროცენტზე ჰქონდათ დარჩენილი.
არ ვიცით, არიან თუ არა კიდევ ადამიანები. თუმცა, ცხედრები ვერ იპოვეს, ამიტომ ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ ისინი ცოცხლები არიან. ჩვენც მტკიცედ ვდგავართ“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ვენესუელის დროებითი ხელისუფლების ცნობით, ამჟამად ქვეყანას 24 სახელმწიფო ეხმარება სხვადასხვა ფორმით. სტიქიის ზონაში მიმართულია სპეციალური ტექნიკა, კინოლოგთა 86 ჯგუფი და სამძებო-სამაშველო 2 741-ზე მეტი თანამშრომელი, ასევე ასობით მოხალისე.
მიწისძვრებისგან დაზარალებულ ქვეყანას ფინანსური დახმარების პირობა აღუთქვეს შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა.
