გასულ კვირას ვენესუელის ჩრდილოეთ ნაწილში მომხდარი ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა თითქმის ორიათასს მიუახლოვდა. ქვეყნის ხელისუფლების ბოლო განცხადების თანახმად, ზუსტი რიცხვი 1943-ია.
ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის, ხორხე როდრიგესის თქმით, დაშავებულია 10 571 ადამიანი.
დამანგრეველი მიწისძვრა სამხრეთამერიკულ ქვეყანას თავს 24 ივნისს დაატყდა. მიწისძვრებს, რომელთა სიმძლავრეც 7.2 და 7.5 მაგნიტუდა იყო, მასშტაბური ნგრევა და დიდი მსხვერპლი მოჰყვა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება ათი-ათასობით ადამიანი.
სამაშველო ჯგუფები და მოხალისეები ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. ადგილობრივებს ეხმარებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ვენესუელაში ჩასული სპეციალისტებიც.
ამგვარ ვითარებაში გადარჩენილთა პოვნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან დროდ პირველი 72 საათია მიჩნეული. ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრებიდან კი უკვე თითქმის ერთი კვირა გავიდა.
ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, დელსი როდრიგესის განცხადებით, ორშაბათის მდგომარეობით სამაშველო ოპერაციებში 30 ქვეყნიდან ჩასული 3 681 მაშველი მონაწილეობდა. მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ ვენესუელას 1 000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება და ტექნიკა მიაწოდა. სამაშველო ოპერაციებისთვის სხვადასხვა ქვეყნიდან ვენესუელაში გაგზავეს 118 მაშველი ძაღლი.
მთავრობის ინფორმაციით, სამშაბათის მდგომარეობით, მაშველებმა 6 450 ადამიანი გადაარჩინეს, ხოლო კიდევ 13 500-მა ადამიანმა ნანგრევებიდან საკუთარი ძალებით შეძლო თავის დაღწევა.
UNICEF-ის შეფასებით, მიწისძვრების შემდეგ ჰუმანიტარული დახმარება დაახლოებით 1.8 მილიონ ადამიანს, მათ შორის 680 000 ბავშვს სჭირდება.
გაეროს განვითარების პროგრამის წინასწარი შეფასებით, ნგრევით გამოწვეული პირდაპირი ზარალი დაახლოებით 6.7 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
