მასშტაბური ანტიკორუფციული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ერაყის უსაფრთხოების ძალებმა რამდენიმე ადგილობრივი პოლიტიკოსი და ხელისუფლების მაღალჩინოსანი დააკავეს.
ბაღდადის სახელმწიფო მედიის ცნობით, ყველა მათგანს ედავებიან განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების უკანონო გზით ლეგალიზებასა და სხვადასხვა ფინანსურ მაქინაციაში მონაწილეობას.
ერაყის უსაფრთხოების სამსახურის განცხადების მიხედვით, დაკავებების საფუძველი გახდა ნავთობის ყოფილი მინისტრის, ადნან ალ-ჯუმაილის ჩვენებები, რომელიც გასულ თვეში ასევე დააკავეს.
სპეცოპერაციას წინ უძღოდა ბაღდადის ე.წ. „მწვანე ზონის“ ყველა შესასვლელის გადაკეტვა და კომპლექსში ჩხრეკა. ერაყის დედაქალაქში განლაგებული სივრცე 10 კვადრატული კილომეტრის ფართობისაა და წარმოადგენს დაცულ სამთავრობო რაიონს, რომელიც მოიცავს ქვეყნის მთავარ ინსტიტუტებს, პარლამენტს, მაღალჩინოსანთა რეზიდენციებსა და დიპლომატიურ მისიებს, მათ შორის აშშ-ის საელჩოს.
უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში, რომელიც სააგენტო Associated Press-მა მოიპოვა, ნათქვამია, რომ დაკავებულთა შორის არიან მოქმედი კანონმდებლებიც, რომელთაც, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნეს. კორუფციაში ზოგიერთი ეჭვმიტანილი ქვეყნის ექსპრემიერ-მინისტრის, მოჰამედ შია ალ-სუდანის პოლიტიკური ბლოკის წევრია.
„ეს კამპანია მხოლოდ დასაწყისია. კორუფციის საკითხი არ ამოწურულა და ვაგრძელებთ მის წინააღმდეგ ბრძოლას. ყველამ, ვინც აიღო სახელმწიფო სახსრები, უნდა დაუბრუნოს მათ მფლობელებს. ხალხის ფული ხალხს უნდა დაუბრუნდეს. თანამდებობაზე ვარ მოქალაქის მანდატით, რომელსაც თავის ქვეყანაში იმედის სხივი სურს. მე პასუხისმგებელი ვარ ხალხზე, მათ სიცოცხლესა და ინტერესებზე.
რაიმე შეცდომაზე დუმილს ვერ შევინარჩუნებ. ერაყელი ხალხის ინტერესებისადმი ლმობიერი ვერ ვიქნები. ვიმედოვნებ, რომელიმე ზედამხედველობის ორგანო მაცნობებს ამ მთავრობის რომელიმე მინისტრის შესახებ, რომ ის დადასტურებულადაა დაკავშირებული კორუფციასთან და მაშინვე ნახავენ ჩემს პოზიციას, ნახავენ რა მოხდება.
მას ერთი საათითაც არ დავტოვებ თანამდებობაზე. მთავრობაში არცერთ კორუმპირებულ ადამიანს არ აქვს იმუნიტეტი“, - განაცხადა ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ალი ალ-ზაიდმა.
გასული წლის ნოემბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების მიხედვით, ალ-სუდანის პოლიტიკურმა გაერთიანებამ ყველაზე მეტი მანდატი მიიღო, თუმცა ჩიხში შესული ვითარების გამო, მალევე მოუწია გადადგომა. მიზეზი გახდა ირანის მოკავშირე შიიტურ კოალიციაში არსებული უთანხმოება, რომელიც ძირითადად ეხებოდა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას.
საბოლოოდ, ერაყის მთავრობის მეთაურის პოსტი ბიზნესმენმა და პოლიტიკურ ველზე ახლადგამოჩენილმა ალი ალ-ზაიდმა დაიკავა, რომელმაც შეერთებული შტატების მხარდაჭერა მოიპოვა.
სავარაუდოა, რომ მასშტაბური დაკავებები სერიოზულ გავლენას იქონიებს ერაყის ისედაც მძიმე შიდაპოლიტიკურ მდგომარეობაზე, რადგან, როგორც წესი, კორუფციული ბრალდებები ხშირად იწვევს ბრძოლას გავლენებისა და ძალაუფლების მოსაპოვებლად.
