კატეგორიები

ისრაელმა სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა

ისრაელმა სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა
ისრაელის მთავრობამ პირველი მსოფლიო ომის დროს განხორციელებული სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდად ოფიციალურად აღიარა. ინიციატივა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, გიდეონ საარს ეკუთვნის, რომელმაც მთავრობის სხდომაზე განცხადა, რომ “სომეხთა გენოციდი დღემდე ინსტიტუციონალიზებული უარყოფისა და დაკნინების კამპანიის საგნად რჩებოდა”. ის თურქეთის მთავრობას დებს ბრალს ისტორიის მანიპულაციურად გადაწერაში.

„დადგა დრო, ისრაელმა, როგორც ებრაელთა სახელმწიფომ  ოფიციალურად აღიაროს საკუთარი  პოზიცია“- აღნიშნავს დიპლომატი განცხადებაში, სადაც ნათქვამია, რომ “ისრაელის მორალურ ვალდებულებას  წარმოადგენდა ეღიარებინა ისტორიული სიმართლე და უარეყო ამის უგულვებელყოფის ყოველგვარი მცდელობა“.

სომეხთა “გენოციდი”  1915 წლის გაზაფხულიდან 1916 წლის შემოდგომამდე მიმდინარე პერიოდს, ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები სომეხი ქრისტიანების სისტემურ განადგურებასა და იძულებით გადასახლებას უკავშირდება. ამერიკის შეერთებული შტატების ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმის შეფასებით, ამ მოვლენების შედეგად 664 ათასიდან 1,2 მილიონამდე სომეხი დაიღუპა.

ისრაელის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვის თურქეთთან გართულებული ურთიერთობები, რაც მხარეებს შორის 2023 წელს დამძიმდა ღაზაში წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომით. ისრაელის ომს ანკლავში თურქეთის მთავრობა მუდმივად აკრიტიკებდა. ბოლო სიახლეს ანკარა ჯერ არ გამოხმაურებია, თუმცა მანამდე თურქეთს არაერთხელ გამოუთქვამს წინააღდმდეგობა  სომეხთა გენოციდის აღიარების თაობაზე.

საგულისხმოა, რომ აშშ, საფრანგეთი,გერმანია და იტალია იმ ქვეყნების სიაში არიან რომლებმაც პირველი მსოფლიო ომისას სომეხთა მასობრივი მკვლელობები გენოციდად უკვე აღიარეს.

ახლა უკვე ისრაელის აღიარებას  მთავრობის თანხმობა აქვს,  თუმცა, გადაწყვეტილების ძალაში შესასვლელად, მას ჯერ პარლამენტის დასტურიც სჭირდება. საგულისხმოა, რომ ღაზაში ჩატარებული უხეში სამხედრო კამპანიისა და პალესტინელების მკვლელობის საქმეს დებატები არ წყდება თავად ისრაელთან დაკავშირებითაც, რომელსაც არაერთი სახელმწიფო თუ ექსპერტი ასევე მიიჩნევს გენოციდის შემოქმედად. თუმცა ეს საკითხი ოფიციალური შეფასებების საგანი ჯერ არ გამხდარა.

დაკავშირებული ამბები
ისრაელმა სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა მიწისძვრებისას მზარდი მსხვერპლის ფონზე, ვენესუელა 68 000-ზე მეტი დაკარგულის შესახებ იუწყება