მას შემდეგ, რაც გასულ უქმეებზე უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ერთ-ერთ მთავარ, კრასნოდარის ოლქში მდებარე სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მძლავრი დარტყმები მიიტანეს, ვლადიმერ პუტინს პირველად მოუწია იმის აღიარება, რომ ნედლეულით მდიდარი რუსული სახელმწიფო საწვავის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა.
ამისთვის მან მინისტრთა კაბინეტის, სამხედრო მეთაურებისა და კონკრეტული ოლქების გუბერნატორების მონაწილეობით საგანგებო სხდომა მოიწვია და პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული გზების ძიებისკენ მოუწოდა - თან მაღალჩინოსნებს განუმარტა, რომ ქვეყანა „ახლა რთულ პერიოდს გადის“, თუმცა დასძინა, რომ „მოსკოვმა უნდა შეასრულოს სოციალური ვალდებულებები“.
საგანგებო თათბირის ჩატარების მიზეზი გასაგებიცაა, რადგან უკრაინელთა მიერ სლავიანსკის დაბომბილი ქარხანა წლიურად, დაახლოებით 4 მილიონ ტონა ნედლეულს ამუშავებდა და საკვანძო როლს ასრულებდა ნავთობპროდუქტების ექსპორტის მხრივ.
მოგვიანებით, პუტინმა რუსულ სახელმწიფო მედიასთან განაცხადა, რომ კარგად იცის, ამ დარტყმების რეალური მიზანი საზოგადოების გახლეჩაა.
„ნათელია, რომ დარტყმები ჩვენს ინფრასტრუქტურაზე ქმნიან პრობლემებს. ახლა გარკვეულ დეფიციტს ვაკვირდებით, თუმცა ეს არ არის კრიტიკული მდგომარეობა. არსებობს რამდენიმე ამოცანა, რომელიც უნდა გადავჭრათ.
პირველი ეს არის სწრაფად და საფუძვლიანად გავზარდოთ უფრო მოთხოვნადი საჰაერო თავდაცვის სისტემის წარმოება და მუდმივად განვაახლოთ ის იმის გათვალისწინებით, რა შეიარაღება გამოიყენება მოწინააღმდეგის მიერ და იმის გათვალისწინებითაც, რომ მათ ევროპიდანაც გადასცემენ ახალი ტექნოლოგიების მქონე ახალი უპილოტო საფრენი აპარატები. რეალურად, ყველა ეს თავდაცვის საშუალება გვაქვს.
საუბარია მათი წარმოების ზრდისა და შეიარაღებული ძალებისთვის მათი მიწოდების შესახებ ან კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის რაც შეიძლება სწრაფად დაცვაში. გასაგებია ისიც, რა უნდა გაკეთდეს ნავთობის ნორმალური მიწოდების მიმართულებითაც, რათა თავი დავაღწიოთ ამ დროებით შექმნილ დეფიციტს: უფრო სწრაფად უნდა დასრულდეს სარემონტო სამუშაოები, უნდა მოგვარდეს იმპორტის საჭირო მოცულობა და, როგორც ვთქვი, შესაბამისი ობიექტები კარგად უნდა იყოს დაცული.
რაც შეეხება ყირიმის ენერგომომარაგებას, როგორც მინისტრმა მაცნობა, იქ ყოველთვიური მოხმარება შეადგენს 70 000 ტონას. ყირიმში ახლა რამდენიმე დღის მარაგი არსებობს, თუმცა მათი საჭიროებები იქნება უზრუნველყოფილი და ამ მარაგებს უზრუნველვყოფთ როგორც ხმელეთით, ისე ზღვით. დარწმუნებული ვარ, ეს ამოცანა გადაიჭრება.
მთლიანობაში ჩვენს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიაქვთ არამხოლოდ ზიანის მიყენებისთვის (თუმცაღა, ვფიქრობ, მოწინააღმდეგისთვის ესეც მნიშვნელოვანია), არამედ საინფორმაციო კამპანიისთვისაც და, უფრო ზუსტი რომ ვიყო, არა კამპანიის, არამედ საინფორმაციო ოპერაციისთვის, რისი მიზანიც არის, სულ მცირე, ჩვენს თავში რწმენის გაქრობა ან რუსული საზოგადოების გახლეჩა და რუსეთის იძულება, მცირე დროით მაინც შეაჩეროს ფრონტზე წინსვლა, ასევე თავისთვის სასარგებლო მოლაპარაკებების პროცესის წინაპირობის შექმნა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
საწვავის დეფიციტის გამო, მოსკოვი არ გამორიცხავს, უახლოეს პერიოდში სრულად აკრძალოს დიზელის ექსპორტი. სააგენტო Reuters-ის ცნობით, რუსეთში იმდენად კრიზისული ვითარება შეიქმნა, რომ ქვეყანა ყაზახეთისგან მოითხოვს 50 000 ტონა ბენზინს - ეს კი იმ ფონზე, როცა კრემლის დავალებით სარეზერვო მარაგებიც გამოიყენება.
საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არც ასტანაში და არც მოსკოვში კომენტარი არ გაუკეთებიათ.
პუტინის მტკიცებით, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი უკრაინული იერიშები, „არანაირად არ მოქმედებს ფრონტზე არსებულ მდგომარეობაზე“, თუმცა, ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მიმართ კიევის მიმდინარე ოპერაცია, რომლის მიზანი ოკუპირებული ტერიტორიის „კუნძულად გადაქცევაა“, ანალიტიკოსებს სხვა მოსაზრებას უჩენს - კერძოდ, იმის თაობაზე, რომ მოსკოვს სერიოზული ლოგისტიკური პრობლემები ექმნება - მით უმეტეს მაშინ, როცა გასულ კვირას კიევმა განაცხადა, რომ რუსული არმიისთვის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი „ყირიმის სარკინიგზო ხიდი აღარ არსებობს“.
