ვენესუელა ბოლო საუკუნის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრების შედეგებს ებრძვის. მაშველები და მოხალისეები ცდილობენ, მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობების ნანგრევებში ჩარჩენილი მოქალაქეების ამოყვანას იმ დროს, როცა მათი გადარჩენის იმედი სპეციალურ სამსახურებსაც და ახლობლებსაც ეწურებათ.
ამოყვანილია ათობით ცხედარი, იზრდება მსხვერპლთა რიცხვი, ასობით ადამიანი ამ დრომდე უზგოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
მოქალაქეები ქუჩებში ათენებენ დღესა და ღამეს იმ იმედით, რომ მოხალისეებისგან ან ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლებისგან თავიანთი მეგობრების, ნათესავებისა და ოჯახების წევრების შესახებ პოზიტიურ ამბავს შეიტყობენ.
ლათინოამერიკული ქვეყნის ქალაქებში ტრაგიკული სურათია შექმნილი - დანგრეულია მრავალი შენობა, გზები, სტრატეგიული ობიექტები, ზოგიერთი დასახლებული პუნქტი კი, ფაქტობრივად, მიწასთანაა გასწორებული.
„დავკარგე ქალიშვილი, შვილიშვილი და კიდევ ერთი შვილიშვილი, რომელიც ერთ თვეში უნდა დაბადებულიყო. გთხოვთ, დამეხმარეთ ჩემი ქალიშვილის პოვნაში, ნანგრევების ქვეშ ხომ არ არის…“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ვენესუელის დასახმარებლად მსოფლიოს არაერთი ქვეყანა და ორგანიზაცია გაერთიანდა. მათმა ნაწილმა მიწისძვრებით დაზარალებულ სახელმწიფოში ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი გაგზავნა, ნაწილმა კი ცოცხალი ძალა ადგილობრივი სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებისთვის სამუშაოების მეტნაკლებად გასამარტივებლად.
შეერთებული შტატების სამხრეთ სარდლობამ, რომელიც ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში სამხედრო საქმიანობას ზედამხედველობს, განაცხადა, რომ ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ოპერაციების მხარდასაჭერად, რეგიონში გამოყოფილი ძალების რაოდენობას ზრდის.
ამავე დროს, ვაშინგტონმა სამაშველო და სამედიცინო სამსახურები გაგზავნა სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში, სახელმწიფო დეპარტამენტმა კი ვენესუელისთვის 150 მილიონი ამერიკული დოლარის დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა.
ჰუმანიტარულ პროცესში ჩართულნი არიან გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და მოხალისეობრივი ჯგუფები.
„ჩვენი ჰუმანიტარული ჯგუფი მჭიდრო კონტაქტზეა ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ, დელსი როდრიგესთან და ქვეყნის ყველა სხვა შესაბამის ეროვნულ სამსახურთან. კარაკასში შეიქმნა ცენტრალური საკოორდინაციო ცენტრი, სადაც გაერო მხარს უჭერს ადგილზე განხორციელებულ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ დახმარება ყველაზე მეტად გაჭირვებულებს რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად მიაღწიოს“, - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის პრესმდივანმა, სტეფან დუჟირაკმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი მიწისძვრებისგან მძიმე მდგომარეობაში მყოფ ვენესუელას დახმარებას ჰპირდება.
„ცხადია, ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ვენესუელის ხელისუფლებასთან და კვლავაც მჭიდროდ ვითანამშრომლობთ მათთან, სანამ ისინი შეაფასებენ ვენესუელას ეკონომიკურ გავლენას და აღდგენის საჭიროებებს. რა თქმა უნდა, ამ განხილვების ნაწილი იქნება ის, თუ რა საუკეთესო გზით შეგვიძლია დავეხმაროთ ხელისუფლებას და ვენესუელელ ხალხს ამ ტრაგედიის შემდეგ აღდგენის პროცესში“, - განაცხადა ჯული კოზაკმა, სავალუტო ფონდის კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა.
ვენესუელაში ორი დამანგრეველი მიწისძვრა 25 ივნისს მოხდა. სტიქიამ ათობით ადამიანი იმსხვერპლა.
ერთწუთიანი შუალედით მომხდარმა 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრებმა მთელი რეგიონი შეძრა და იგი ისეთ შორეულ ადგილებშიც იგრძნობოდა, როგორიც ვენესუელის დედაქალაქ კარაკასიდან 1700 კილომეტრით დაშორებული ბრაზილიის ამაზონის რეგიონია.
ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი კარაკასიდან დასავლეთით დაახლოებით 168 კილომეტრში იყო.
მათივე ცნობით, მსხვერპლის რეალურმა რაოდენობამ, შესაძლოა, 10 000-ს გადააჭარბოს.
