კატეგორიები

ვინი ჟუნიორის ლიდერობით ბრაზილიის ნაკრები ფორმაში შედის

ვინი ჟუნიორის ლიდერობით ბრაზილიის ნაკრები ფორმაში შედის
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სამ ჯგუფში გამარჯვებულების ვინაობა გაირკვა. ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა მუნდიალის ერთ-ერთმა ფავორიტმა ბრაზილიის ნაკრებმა.

კარლო ანჩელოტის გუნდმა ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში შოტლანდიის ნაკრები 3-0 დაამარცხა და პირველი ადგილი და 1/16 ფინალის საგზური გაინაღდა. შეხვედრაში კვლავ გამორჩეული იყო სელესაოს ლიდერი ვინისიუს ჟუნიორი, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

ათასობით ბრაზილიის გულშემატკივარი რიო დეჟანეიროში  საქომაგოდ კოპაკაბანას სანაპიროზე შეიკრება, სადაც შემდგომ გამარჯვება ერთად აღნიშნეს.

„ეს ძალიან კარგი და პოზიტიური თამაში იყო. ნაკრებში ვინისიუს ჯუნიორი გამოირჩევა. რაც გასულ მატჩებში ვნახეთ, ის ყოველთვის აკეთებს იმას, რაც ეროვნულ ნაკრებს სჭირდება, ანუ გოლები გააქვს”, - ამბობს ბრაზილიის გულშემატკივარი, ემილი დე სოუზა.

მატჩის მიწურულს მოედანზე ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარიდირი ნეიმარიც გამოჩენა, რასაც სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრები ოვაციებთ შეხვდნენ. მცდელობის მიუხედავად ნეიმარმა შეხვედრაში გოლის გატანა ვერ შეძლო.

„შესანიშნავი გრძნობაა. ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან კმაყოფილი და, სიმართლე რომ ვთქვა, ემოციურიც. საბოლოო სასტვენის შემდეგ ჩემს ოჯახს შევხედე. ყველამ იცის, რომ ეს ჩემთვის რთული პერიოდი იყო. ჩვენი მიზანი აქ ეროვნულ გუნდთან ერთად კიდევ ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში იყო. მე ეს შევძელი. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარი დაგვიჭირა. მადლობა ყველას, ვინც სტადიონზე იყო და დღეს ჩემს სახელს სკანდირებდა. ეს სრულიად განსხვავებული შეგრძნებაა. ძალიან სასიამოვნოა ამის განცდა“, - ამბობს ნეიმარი.

წაგების მიუხედავად შოტლანდიის ნაკრები პლეი ოფში გასვლის შანს ინარჩუნებს, თუმცა სტივ კლარკის გუნდი სხვა ჯგუფების შედეგებზეა დამოკიდებული. შოტლანდია 3 ქულით მესამე ადგილზე გავიდა. თუმცა ბურთების სხვაობის უარყოფითი შედეგით საუკეთესო 8 მესამეადგილოსანსშორის მოხვედრა შეიძლება გაუჭირდეს.

„თამაშით იმედგაცრუებული ვარ. ცუდი შედეგია. როცა ბრაზილიის დონის გუნდს ასეთ შანსებს აძლევ, უნდა ელოდო, რომ დაგსჯის. სწორედ ეს მოხდა. ახლა მგონია, რომ ალბათ სახლში წასვლა მოგვიწევს. რეალურად შევაფასოთ, ჩვენ უმაღლესი დონის გუნდს ვეთამაშებოდით. ვიცოდით, რომ ისინი შეტევის ბოლო მესამედში ძალიან სახიფათოები არიან. პირველი ორი გოლი, რა თქმა უნდა, ჩვენ თავად ვაჩუქეთ მათ. ალბათ მესამეც. ჩვენ მივეცით მათ გოლების გატანის შესაძლებლობა. მეორე მხრივ, თავადაც შექმნეს რამდენიმე მომენტი და რამდენჯერმე ანგუსმაც გადაგვარჩინა. მეორე ტაიმში ვცადეთ რაღაც შეგვექმნა. რამდენჯერმე შევიტანეთ ბურთი საჯარიმოში, შევქმენით ერთი-ორი მომენტი, მაგრამ რეალური მომენტები არ გვქონია“, - ამბობს შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სტივ კლარკი.

„ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება კარგად ვითამაშოთ. მაგრამ მიზანი მხოლოდ კარგი თამაში არ არის. ვიცით, რომ კარგი თამაში გამარჯვებას უფრო ამარტივებს, მაგრამ მთავარი მიზანი მაინც მოგებაა. მწვრთნელს მხოლოდ იმით აფასებენ, იგებს თუ არა. მნიშვნელობა არ აქვს, კარგად ვითამაშეთ თუ არა. თუ მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებთ, იტყვიან, რომ კარგად ვითამაშეთ. თუ ვერ მოვიგებთ, იტყვიან, რომ ძალიან ცუდად ვითამაშეთ“, - ამბობს ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი.

ჯგუფის პარალელურ შეხვედრაში მაროკოს ნაკრებმა ჰაიტი 4-2 დაამარცხა და ბრაზილიის მსგავსად 7 ქულა დააგრობა. თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდების შედეგად პირველ ადგილზე ბრაზილიის ნაკრები გავიდა. კარგი თამაშის მიუხედავად კი ჰაიტის ნაკრებმა ჯგუფში ყველა მატჩი დათმო და მუნდიალი 0 ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა.

დაკავშირებული ამბები
ვინი ჟუნიორის ლიდერობით ბრაზილიის ნაკრები ფორმაში შედის მექსიკამ ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი უდანაკარგოდ დაასრულა