კატეგორიები

მექსიკამ ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი უდანაკარგოდ დაასრულა

მექსიკამ ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი უდანაკარგოდ დაასრულა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქვეყანას მექსიკას ჯგუფში პირველი ადგილი უკვე მეორე ტურის შემდეგ ჰქონდა განაღდებული. თუმცა ამის მიუხედავად ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ელ-ტრიმ ჩეხეთის ნაკრებს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

შესაბამისად მექსიკის ნაკრებს მიმდინარე მუნდიალზე გოლი ჯერ არ გაუშვია და A ჯგუფში 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მექსიკამ მუნდიალზე სამივე ჯგუფური ეტაპის შეხვედრა მოიგო.

მექსიკელი ქომაგები ეროვნული ნაკრების წარმატებას მთელი ღამის განმავლობაში აღნიშნავდნენ. ათასობით მექსიკელი სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში გამოვიდა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, ნამდვილად, საკმაოდ კმაყოფილი ვარ, რომ მექსიკამ ისტორიული გამარჯვება მოგვანიჭა. პირველად მოვიგეთ ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი. ძალიან, ძალიან გახარებული ვარ ვარ“, - ამბობს მექსიკის გულშემატკივარი,ხავიერ პრიეგო.

„წარმოუდგენელია. მატჩი შესანიშნავი იყო. მეორე გოლს არ ველოდი, მაგრამ გავიტანეთ, შესანიშნავი იყო. გაუმარჯოს ჩემს ეროვნულ ნაკრებს. ჩვენ კიდევ უფრო მეტი გამარჯვებისკენ ვისწრაფვით“, - ამბობს მექსიკის გულშემატკივარი, ანდრეა პერესი.

ლეგენდარულ “აცტეკაზე” განსაკუთრებული ოვაციები გმაოიწვია მექსიკის ნაკრების სათადარიგო მეკარის გილერმო ოჩოას გამოჩენამ. ლეგენდარული მექსიკელი მეკარე თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო და ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს შემდეგ გახდა მესამე ფეხბურთელი და პირველი მეკარე, რომელმაც მონაწილეობა მეექვსე მუნდიალზე მიიღო.

„ძალიან ბევრი რამ გამახსენდა, როცა მოედანზე შევდიოდი. გამახსენდა, ბავშვობაში აკადემიიდან პირველად როგორ მოვედი ამ სტადიონზე, როგორ ვიჯექი ტრიბუნებზე და ვოცნებობდი, რომ ოდესმე ამ მოედანზე მეთამაშა. გამახსენდა ჩემი პირველი თამაში ძირითად გუნდში, როცა ჩემმა მშობლებმაც კი არ იცოდნენ, რომ უნდა მეთამაშა. რამდენად ვნერვიულობდი. ასევე ვიაზრებდი, რას მნიშვნელობა ჰქონდა დღევანდელ დღეს ჩემი ოჯახისთვის და ჩემი შვილებისთვის, რომ მათ აქ ჩემი თამაში ენახათ. ბოლოს ისინი შევკრიბე და ვუთხარი: „შეიძლება, ეს ბოლო შემთხვევაა, როცა ჩემი თამაში ნახეთ. იმედი მაქვს, ისიამოვნეთ.“ ბედნიერი და მადლიერი ვარ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 90 წუთი ვითამაშე, რადგან ემოციებით მთლიანად დაღლილი ვარ“, - ამბობს გილერმო ოჩოა.

მექსიკა პლეი ოფში მეტოქის გარკვევას ელოდება, ჩეხეთის ნაკრებს კი სამშობლოში დაბრუნება მოუწევს, რადგან გუნდმა მხოლოდ 1 ქულა დააგროვა და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. A ჯგუფში მეორე ადგილზე 4 ქულით სამხრეთ აფრიკა გავიდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში სამხრეთ კორეა 1-0 დაამარცხა. 1/16 ფინალში „ბაფანა ბაფანა“ კიდევ ერთ მასპინძელ ქვეყანას კანადას დაუპირისპირდება, რომელიც B ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. სამხრეთ კორეა კი 8 საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის მოხვედრისა და პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს, თუმცა ახლა სხვა ნაკრებების შედეგებზეა დამოკიდებული.

დაკავშირებული ამბები
ვინი ჟუნიორის ლიდერობით ბრაზილიის ნაკრები ფორმაში შედის მექსიკამ ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი უდანაკარგოდ დაასრულა