კატეგორიები

ვენესუელაში ძლიერ მიწისძვრებს 164 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ვენესუელაში ძლიერ მიწისძვრებს 164 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ვენესუელას თავს ორი დამანგრეველი მიწისძვრა დაატყდა. სტიქიამ ათობით ადამიანი იმსხვერპლა. 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრებმა მთელი რეგიონი შეძრა და იგი ისეთ შორეულ ადგილებშიც იგრძნობოდა, როგორიც ვენესუელის დედაქალაქ კარაკასიდან 1700 კილომეტრით დაშორებული ბრაზილიის ამაზონის რეგიონია.

ვენესუელის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის დედაქალაქში დანგრეული შენობები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. შეჩერებულია კარაკასის აეროპორტის მუშაობა და სარკინიგზო მიმოსვლა.

ეს მიწისძვრები, რომლებიც ვენესუელაში საუკუნეზე დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სტიქიურ მოვლენად ითვლება, ადგილობრივი დროით საღამოს 6 საათის შემდეგ მოხდა. ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას ამჟამად 164 დაღუპულისა და დაახლოებით 971 დაშავებულის შესახებ აქვს ინფორმაცია. თუმცა, მისივე თქმით, ამ რიცხვს მიღმაა სტიქიით ყველაზე მეტად დაზარალებული ლა-გუაირას შტატიდან მოსალოდნელი მონაცემები.

ვენესუელiს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ისიც განაცხადა, რომ ქვეყანა ახალ არაერთი სახელმწიფოდან ელის სამაშველო ჯგუფებს.

„მომდევნო საათებში  მაშველთა ჯგუფების ჩამოსვლას ველით იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ჩვენს მთავრობას უკვე დაუკავშირდნენ. მსურს მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მის ადმინისტრაციას. ისინი მუდმივ კავშირზე არიან ვენესუელის მთავრობასთან, ჩვენს ყველა უწყებასთან, და მხარდაჭერასა და სოლიდარობას გამოხატავენ. უახლოეს საათებში მაშველებს მათგან მივიღებთ.

მაშველებს ველით დომინისკის რესპუბლიკიდანაც. ამისთვის პრეზიდენტ ლუის აბინადერს სატელეფონო საუბარში მადლობა გადავუხადე. ტელეფონით ვისაუბრე ელ სალვადორის პრეზიდენტ ნაიიბ ბუკელესთანაც. მაშველთა ბრიგადას მალე ელ სალვადორიც გამომგზავნის.  მექსიკიდანაც მივიღებთ გამოცდილ მაშველებს. ასევე, მუდმივი კომუნიკაცია მაქვს კატარის მთავრობასთან, რომელმაც მაშველები უკვე გამოგზავნა და ისინი ვენესუელაში ხვალ ჩამოვლენ.

უნდა გაცნობოთ, რომ ამ უპრეცედენტო სეისმური მოვლენის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ლა გუაირას შტატია. იქ ათობით შენობა ჩამოინგრა და ამჟამად რთული სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს, რათა რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ. მინდა ვთქვა, რომ ეს ნამდვილი ტრაგედიაა. აქედან სოლიდარობას გამოვხატავთ იმ ოჯახების მიმართ, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს - ვუსამძიმრებთ მათ და ამ მძიმე დროს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ“, - განაცხადა დელსი როდრიგესმა.

სტიქია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე გამოემაურა. მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონი „ახალ მეგობრებს“ გვერდში დაუდგება. ამასთან, მისმა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც განაცხადა, რომ შტატები ვენესუელაში მაშველებს, სამედიცინო მარაგს  და ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის.

„ორი ძლიერი მიწისძვრა, რომლებიც ახლახან დაატყდა თავს ვენესუელის დიდებულ ხალხს, მასშტაბით ძალიან ძლიერია და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, დახმარება სურს და შეუძლია! ჩვენი მთავრობის ყველა უწყებას დავავალე, რომ სწრაფი მოქმედებისთვის მზად იყვნენ. ჩვენ გვერდში დავუდგებით ჩვენს ახალ და დიდ მეგობრებს. პირველადი მონაცემები მძიმეა!!!“

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიურმა სამსახურმა თავდაპირველად განაცხადა, რომ პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.1 მაგნიტუდა იყო, თუმცა მოგვიანებით ეს მაჩვენებელი 7.2-მდე გაზარდა. მიწისძვრის ეპიცენტრი კარაკასიდან დასავლეთით დაახლოებით 168 კილომეტრში იყო.

სააგენტომ მოგვიანებით კიდევ უფრო ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრის შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია. ეს მიწისძვრა წინას მხოლოდ ერთი წუთის შემდეგ მოჰყვა.

დაკავშირებული ამბები
ვენესუელაში ძლიერ მიწისძვრებს 164 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა აშშ კარაკასში სამხედრო წვრთნებს ატარებს