კატეგორიები

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდა

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდა
საერთაშორისო ბაზარზე Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ახლო აღმოსავლეთის ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდა და ბარელზე 74 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

ვაშინგტონსა და თეირანს შორის გაფორმებულმა სამშვიდობო ჩარჩო-შეთანხმებამ, ან როგორც მას მხარეები „ურთიერთგაგების მემორანდუმს“ უწოდებენ, მალევე იქონია პოზიტიური გავლენა ნედლეული ღირებულებაზე.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებისა და მოლაპარაკებების შუამავალ პაკისტანის პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის ერთ-ერთი აუცილებელი პუნქტი მოიცავდა ჰორმუზის სრუტის გახსნასა და თავისუფალი ნაოსნობის აღდგენას, ასევე ირანულ პორტებზე აშშ-ის მიერ დაწესებული ბლოკადის მოხსნას.

ეკონომიკის დარგის ექსპერტების შეფასებით, ნავთობის ფასის დაღმასვლას განსაკუთრებით შეუწყო ხელი სწორედ ჰორმუზის სრუტეში ნედლეულით დატვირთული ტანკერების გადაადგილებამ იმ მრავალთვიანი შეზღუდვების შემდეგ, რაც, ერთი მხრივ, საბრძოლო მოქმედებებით, ხოლო, მეორე მხრივ, სამშვიდობო პროცესზე გავლენის მოხდენის მიზნით, თეირანის პოლიტიკური ბერკეტებით იყო განპირობებული.

საგულისხმოა ანალიტიკოსების დაკვირვება, რომ, ფასებისგან განსხვავებით, საზღვაო-სატრანსპორტო დერეფანში ხომალდების მიმოსვლა ჯერ არ დაუბრუნდა ომამდელ ნიშნულს.

28 თებერვლამდე, ჰორმუზის სრუტე დღიურად 125-დან 140-მდე ტანკერის ტრანზიტს და, შესაბამისად, დაახლოებით 20 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა.

ნედლეულის ფასებზე პოზიტიური გავლენა იქონია შეერთებული შტატების ხაზინის სამდივნოს გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, 60 დღით მოიხსნა სანქცია ირანულ ნავთობზე, რითაც ქვეყანას მიეცა საშუალება, დაბრუნდეს საერთაშორისო სავაჭრო ბაზარზე.

მიუხედავად ამისა, რიგი სახელმწიფოების ავტოგასამართ სადგურებზე ფასების კლების ტენდენცია არ შეინიშნება.

ამ პრობლემაზე მედიის წარმომადგენლებმა თეთრ სახლში დონალდ ტრამპსაც ჰკითხეს, რომლის აზრითაც, ცალკეული კომპანიები მიზანმიმართულად ინარჩუნებენ კონფლიქტისდროინდელ ფასებს, რითაც ცდილობენ, მეტი ფული გამოიმუშაონ და, როგორც ამბობს, „ტყავი გააძრონ“ მომხმარებლებს.

შტატების პრეზიდენტმა შესაბამისი გამოძიების ჩატარება იუსტიციის დეპარტამენტს დაავალა.

„ესენი არიან ExxonMobil-ი, Chevron-ი, Shell-ი და British Petrolium (BP) - საწვავსა და ნავთობზე ფასები იმდენად დაეცა, რომ ახლა გასამართ სადგურებზე ისეთს არაფერს ვხედავთ იმასთან შედარებით, რაც უნდა იყოს. ჩემი აზრით, ტაბლოზე 2 დოლარი 25 ცენტი უნდა ეწეროს, ჩვენი ფასები კი უფრო მაღალია, რაზეც მასშტაბურ გამოძიებას ვატარებთ. ისინი არ უწევენ ფასს მიმდინარე პროცესების შესაბამისად“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

2025 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად, ფასების კლების ტენდენცია შეინიშნება ძვირფასი ლითონების მიმართულებითაც.

ოქროს ღირებულებამ ერთ ტროა უნციაზე გადალახა ფსიქოლოგიური ნიშნული და 4 000 ამერიკულ დოლარს ჩამოსცდა, თუმცა გამყარდა მსოფლიოს მთავარი ვალუტა - დოლარი, რამაც ოქრო სხვა ვალუტის მფლობელი მყიდველებისთვის უფრო ძვირი გახადა.

დაკავშირებული ამბები
მსოფლიო ვენესუელის დასახმარებლად ერთიანდება - ქვეყანაში მიწისძვრებისას დაღუპულთა რიცხვი მზარდია ნატოს სამიტის წინ მარკ რუტე თეთრ სახლს ეწვია