კატეგორიები

პოლონეთი უკრაინის რეკონსტრუქციის კონფერენციას სკანდალის ფონზე მასპინძლობს

პოლონეთი უკრაინის რეკონსტრუქციის კონფერენციას სკანდალის ფონზე მასპინძლობს

პოლონეთი უკრაინის რეკონსტრუქციის კონფერენციას მასპინძლობს, სადაც მომდევნო 2 დღის განმავლობაში იმაზე იმსჯელებენ, თუ როგორ შეუწყონ ხელი ომში მყოფი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ თუ ინფრასტრუქტურულ აღდგენას, მას შემდეგ რაც კონფლიქტი დასრულდება.

ქალაქ გდანსკში ამ მიზნის გარშემო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და ბიზნესსექტორის დიდი წარმომადგენლობა ჩავიდა. საერთაშორისო ფორუმის ერთერთი ამოცანა ისაა, რომ მათ უკრაინის აღდგენის საქმეში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებისთვის საჭირო კონტრაქტების მოპოვება შეძლონ. პოლონეთში უკრაინის მხარდასაჭრად 5 000 სტუმარი ჩავიდა,მათ შორის იყვნენ პოლიტიკური ლიდერები, საერტაშორისო ორგანიზაციები, ფინანსური ინსტიტუციები, ბიზნესისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

„რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინაში, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას 200 მილიარდი ევროს ეკონომიკური, ფინანსური და სამხედრო დახმარება გაუწიეს. უკრაინის მხარდაჭერის სესხის ფარგლებში კი მომდევნო ორი წლის განმავლობაში დამატებით 90 მილიარდ ევროს გამოვყოფთ. დღეს ამ სესხის პირველი ტრანშს ვრიცხავთ, ესაა 3.2 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება. მოხარული და ამაყი ვარ, რომ ამის შესახებ დღეს ვაცხადებ. ასევე, უახლოეს დღეებში დავიწყებთ დრონების წარმოებისთვის გათვალისწინებული 6 მილიარდი ევროს პირველი ნაწილის გადახდას“- აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

**„ამ კონფერენციის მომდევნო ორი დღის განმავლობაში ველით, რომ გაფორმდება 160-ზე მეტი შეთანხმება, რომელთა საერთო ღირებულება 10 მილიარდ ევროზე მეტი იქნება. ეს შეთანხმებები მიზნად ისახავს რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებას ხუთ ძირითად მიმართულებაში: ევროკავშირში ინტეგრაცია, ადამიანური კაპიტალი, ბიზნესი, ასევე ადგილობრივი და რეგიონული განვითარება. გარდა ამისა, წელს გდანსკში პირველად გვაქვს ცალკე მიმართულება, რომელიც თავდაცვაზეა კონცენტრირებული“-**თქვა სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, იულია სვირიდენკომ.

შეხვედრა კი პოლონეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიური სკანდალის ფონზე მიმდინარეობს, სწორედ ამის გამოა, რომ პარტნიორ სახელმწიფოში არა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, არამედ პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო ჩავიდა. ამ გზით შეეცადა კიევი მნიშვნელოვანი კონფერენციისთვის უხერხულობა აერიდებინა თავიდან, რომელიც მხარეებს შორის მეოცე საუკუნის ისტორიის ირგვლივ წარმოიშვა.  

საქმე ისაა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლონელმა კოლეგამ,კაროლ ნავროცკიმ რამდენიმე დღის წინ ოქროს არწივის ორდენი ჩამოართვა, მას შემდეგ, რაც თავად ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაისში ერთერთ ელიტარურ სამხედრო დაჯგუფებას ე.წ. უპას გმირების სახელი მიანიჭა. ვარშავაში ამ პარტიზანულ დაჯგუფებას მიიჩნევენ პასუხისმგებლად პოლონელების მასობრივ ხოცვა-ჟლეტაზე მეორე მსოფლიო ომის დროს. კიევში მათ საბჭოთა კავშირისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო სცემენ დიდ პატივს.ორდენის უკრაინის პრეზიდენტმა ვარშავაში დაუყოვნებლივ გაგზავნა,მასთან ერთად იგივე ჯილდოზე უარი თქვეს უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმაც.

პოლონეთს პრემიერ მინისტრმა, დონალდ ტუსკმა,რომელიც პრეზიდენტი კაროლ ნავროცკის პოლიტიკური ოპონენტია, სიტუაციის დამშვიდება სცადა და ხაზი გაუსვა, რომ ამგვარი უთანხმოება მხოლოდ რუსეთის ინტერეშია. სიტყვით გამოსვლის დროსაც, მან აქცენტი  მის ქვეყანაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე გადაიტანა, რომლის ფარგლებშიც თითქმის 200-მდე  შეთანხმების ხელმოწერაა დაგეგმილი.

„აღდგენა მხოლოდ შენობებს არ ეხება; ის მხოლოდ ელექტროსადგურებს, სკოლებსა თუ ინფრასტრუქტურას არ ნიშნავს. აღდგენა ასევე ეხება იმას, რაც ჩვენს შიგნით არის. უკრაინას სრულიად სამართლიანად სურს, იყოს ერთიანი ევროპის ნაწილი. ერთიანობის, ნამდვილი და სრულყოფილი ერთიანობის აუცილებელი წინაპირობა ყოველთვის იყო საკუთარი ისტორიის გააზრება და შერიგების გულწრფელი უნარი და მზაობა“- განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა,დონალდ ტუსკმა.

უკრაინის რეკონსტრუქციის კონფერენციაზე ქვეყანა უცხოელ პარტნიორებტან არაერთი შეთანხმების გაფორმებას აპირებს,  მათ შორის, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რომელიც რუსულმა საჰაერო დარტყმებმა მნიშვნელოვნად დააზიანა.

დაკავშირებული ამბები
საფრანგეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნავთობტანკერი დააკავა პოლონეთი უკრაინის რეკონსტრუქციის კონფერენციას სკანდალის ფონზე მასპინძლობს