კატეგორიები

მსხვერპლი იზრდება, საერთაშორისო საზოგადოება ვენესუელის დახმარებას ცდილობს

მსხვერპლი იზრდება, საერთაშორისო საზოგადოება ვენესუელის დახმარებას ცდილობს
მას შემდეგ, რაც ვენესუელას ორი დამანგრეველი მიწისძვრა დაატყდა თავს ქვეყნის დასახმარებლად მსოფლიოს არაერთი სახელმწიფო ემზადება. ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით საღამოს დაახლოებით 6 საათზე, ზედიზედ ორმა მიწისძვრამ, რომელთა სიმძლავრეც  7.2 და 7.5 მაგნიტუდა იყო, ფართომასშტაბიანი ნგრევა გამოიწვია.

არსებული მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 164 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 971-ს აღემატება. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, რეალური მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა 10 000-დან 100 000 ადამიანამდე იყოს.

მიწისძვრებმა მთელი რეგიონი შეძრა და იგი ისეთ შორეულ ადგილებშიც იგრძნობოდა, როგორიც ვენესუელის დედაქალაქ კარაკასიდან 1700 კილომეტრით დაშორებული ბრაზილიის ამაზონის რეგიონია.

სტიქიას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე გამოემაურა. მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონი „ახალ მეგობრებს“ გვერდში დაუდგება. ამასთან, მისმა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც განაცხადა, რომ შტატები ვენესუელაში მაშველებს, სამედიცინო მარაგსა  და ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის.

„დღეს დილით შესაძლებლობა მქონდა მესაუბრა დელსი როდრიგესთან, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან. ცხადია, ჯერ კიდევ ველოდებით... თუმცა უკვე ვაგზავნით სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს ვირჯინიის ფეირფაქსის ოლქიდან და ლოს ანჯელესიდან. მოგვიანებით მათ სხვა ჯგუფებიც შეუერთდებიან. ამ მომენტში მათი ყველაზე გადაუდებელი საჭიროება სწორედ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებია. მრავალი შენობა ჩამოინგრა და იქ მუშაობისთვის დიდი დახმარება დასჭირდებათ. აეროპორტი სერიოზულად არის დაზიანებული, ამიტომ რესურსების გადასატანად ომის დეპარტამენტზე დაყრდნობა მოგვიწევს. ასევე, მათ საჰაერო გამოსახულებებით ვეხმარებით, განსაკუთრებით სანაპირო ტერიტორიებიდან. აქედან მათ ჯერ კიდევ არ აქვთ სრული ინფორმაცია დაზიანებებისა და სტიქიის მასშტაბების შესახებ. ეს არის ყველაზე მწვავე და მოკლევადიანი საჭიროებები მომდევნო 48-72 საათის განმავლობაში, რადგან სამძებრო-სამაშველო ოპერაციების დროს მიზანი ადამიანებთან რაც შეიძლება სწრაფად მისვლაა, ვიდრე მათი გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ისინი ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობისთვის ვენესუელაში სპეიალისტებს აგზავნის საფრანგეთიც. პრეზიდენტმა ემანუელ მარკონმა განაცხადა, რომ პარიზი სამხრეთამერიკულ ქვეყანაში 85 სპეციალისტს გაუშვებს.

ამავდროულად, ესპანეთის თავდაცვის სამინისტროც ირწმუნება, რომ სამშველო ოპერაციებში მონაწილეობისთვის მზადააა 54 სამხედრო მოსამსახურე საგანგებო რეაგირების დანაყოფიდან.

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით ვენესუელაში გამგზავრებისთვის მზადა არიან სამხედრო-საჰაერო ძალები, საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიზისების მართვის განყოფილების, თავდაცვის სამინისტროს, სახანძრო სამსახურისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები.

გერმანია კი დახმარებისთვის ექვსამდე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს ამზადებს. ქვეყნის თავდაცვის მინსიტრის, ბორის პისტორიუსის თანახმად, ამ თვითმრინავების გამოყენება ვენესუელაში მაშველების შესაყვანად და აღჭურვილობის გადატანისთვის, ასე ქვეყანაში შიდა ფრენებისთვის შეიძლება.

ელ-სალვადორის პრეზიდენტმა ნაიიბ ბუკელემ განაცხადა, რომ კარაკასში წასასვლელად მზადაა 300 მაშველი და პარამედიკოსი, ასევე 50 ტონა აღჭურვილობა, მედიკამენტები და სხვა აუცილებელი ნივთები.

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიურმა სამსახურმა თავდაპირველად განაცხადა, რომ პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.1 მაგნიტუდა იყო, თუმცა მოგვიანებით ეს მაჩვენებელი 7.2-მდე გაზარდა. მიწისძვრის ეპიცენტრი კარაკასიდან დასავლეთით დაახლოებით 168 კილომეტრში იყო.

სააგენტომ მოგვიანებით კიდევ უფრო ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრის შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია. ეს მიწისძვრა წინას მხოლოდ ერთი წუთის შემდეგ მოჰყვა.

დაკავშირებული ამბები
მსხვერპლი იზრდება, საერთაშორისო საზოგადოება ვენესუელის დახმარებას ცდილობს ვენესუელაში ძლიერ მიწისძვრებს 164 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა