ჰოლივუდის სტუდიები თუ მსხვილი საერთაშორისო სტრიმინგპლატფორმები სულ უფრო მეტად ირჩევენ საბერძნეთს გადაღების ადგილად.
ქვეყანა თავისი განსაცვიფრებელი კუნძულებით, ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, მრავალფეროვანი ურბანული ლანდშაფტითა და მიმზიდველი ფინანსური წახალისებით ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად იქცა კინოსა და ტელეპროდუქტებისთვის. მხოლოდ 2019-დან 2024 წლამდე 90 საერთაშორისო ფილმი გადაიღეს ათენში, სალონიკში, კრეტაზე, კორფუსა და კიკლადის კუნძულებზე.
„საბერძნეთი ბუნებრივი სტუდიაა უზარმაზარი მრავალფეროვნებითა და მოკლე დისტანციებით. აქ შეგიძლიათ იპოვოთ ურბანული გარემო, პლაჟები, მთები, რაც გსურთ. ასევე, არის მრავალი შესანიშნავი გადამღები ჯგუფი, რომლებიც საუბრობენ ინგლისურად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“. - აცხადებს EKKOMED-Creative Greece-ის აღმასრულებელი დირექტორი, ლეონიდას ქრისტოპულოსი.
ბოლო წლებში აუდიოვიზუალური ინდუსტრია საბერძნეთის ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორად იქცა. ეკონომიკური და სამრეწველო კვლევების ფონდის (IOBE) ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, სექტორს ამჟამად საბერძნეთის მშპ-ში ყოველწლიურად შეაქვს 1.9 მილიარდ ევრო, ასაქმებს დაახლოებით 44 000 ადამიანს და სახელმწიფო შემოსავლების სახით 580 მილიონ ევროზე მეტს გამოიმუშავებს.
„სექტორის გაფართოებას მოჰყვება მეტი სამუშაო ადგილი, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, რაც ნიშნავს ფინანსურ მოგებას. ეს არის ინდუსტრია, რომელიც ბევრ სამუშაო ადგილს ქმნის. ჩვენი შეფასებით, შრომის ბაზარზე სექტორის წვლილი დაახლოებით 44 000 სამუშაო ადგილს შეადგენს“.- განაცხადა IOBE-ს უფროსმა მკვლევარმა, სილვია კულურმა.
თუმცა ამ ყველაფრისგან სარგებელი გაცილები მეტია. კვლევის მიხედვით, საერთაშორისო პროდუქცია ქვეყნისთვის მძლავრ სარეკლამო ინსტრუმენტსაც წარმოადგენს, რაც ხელს უწყობს ე.წ. „ეკრანის ტურიზმის“ ზრდას, რადგან ფილმებისა და სატელევიზიო სერიალების ნახვის შემდეგ მოგზაურებს სულ უფრო მეტად უჩნდებათ ამ ადგილების მონახულების სურვილი.
ახალი ხუთწლიანი სამოქმედო გეგმისა და 750 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებით საბერძნეთი მიზნად ისახავს გლობალური აუდიოვიზუალური ინდუსტრიის რუკაზე თავისი პოზიციის კიდევ უფრო გაძლიერებას.
